საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება.
მისივე თქმით, კონსულტაციები უახლოეს დღეებში იქნება.
„არჩევნებამდეც ვთქვით, რომ, პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე იქნებოდა გიორგი გახარია. დღეს უკვე მისი კანდიდატურა უმრავლესობის მიერ ოფიციალურად დასახელდა. ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა, ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, უმრავლესობასთან კონსულტაციები იქნება. ეს ამ კვირაშივე, უახლოეს დღეებში იქნება. ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუმცა, მინისტრების დასახელების პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. ძალიან მალე გახდება ცნობილი ეს საზოგადოებისთვის. თუმცა, პრემიერმინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს უმრავლესობის შეკრება. პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება, მოხდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.