ამირან გამყრელიძე: ამ დროისთვის ქვეყანაში 400 ათასამდე PCR-ტესტი გვაქვს, დაკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი
“ანტიგენის ტესტი არის უფასო და მოქალაქე მასში თანხას არ იხდის ისევე, როგორც მას თუ დასჭირდა განმეორებითი ტესტი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იქ ადამიანები მიდიან როგორც ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, ასევე – თვითდინებით.
„ყველა ადამიანი, ვინც საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირდება სხვადასხვა მიზეზით, საავადმყოფო მას უტარებს ტესტს და ეს არის უფასო. თვითდინებით მისული ადამიანებისთვის კი – გააჩნია. 9 დიდ ქალაქში უპირატესად ამბულატორიულ ტესტირებას ამბულატორიები და პოლიკლინიკები აწარმოებენ, ხოლო დანარჩენ 60 მუნიციპალიტეში, იქ საავადმყოფოები და პოლიკლინიკები ერთადაა.
ეს არის უფასო, ადამიანი არაფერს არ იხდის ანტიგენის ტესტში. ისევე როგორც, მას თუ დასჭირდა განმეორებითი ტესტი.
დაკვეთილია ნახევარი მილიონი კიდევ, რომელიც, ალბათ, მომავალ 2 კვირაში შემოვა. გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე PCR-ტესტი მარაგში, ვფიქრობთ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლია დღიურად ავიდეთ 20 ათას ტესტზე, საიდანაც „პი სი არი“ იქნება ნახევარი, ნახევარი კი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.