თენგიზ ცერცვაძე: რთული ეპიდვითარების მიუხედავად, საქართველო სიტუაციის მართვას ახერხებს, მოსახლეობას შეუძლია, დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი

“საქართველო, მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა, სრული პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ ძნელად, შეფერხებებით, დაგვიანებით, ხარვეზებით, თუმცა, მაინც ახერხებს სიტუაციის მართვას”, , ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პროცენტულად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

„ბოლო პერიოდში აღინიშნება დრამატული მატება ახალი შემთხვევების. რაღაც მომენტში რაოდენობამ 5 000-მდე მიაღწია და შემდეგ შემცირდა. დღევანდელს რაც შეეხება, 3 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა და გარდაცვლილია 34 ადამიანი, ესეც დამაიმედებელი ფაქტია. მიუხედავად შემთხვევების ასეთი კატასტროფული ზრდისა, გარდაცვალებულთა რიცხვმაც მოიმატა, ეს იწვევს მოსახლეობის შეშფოთებასა და შიშს. თუ დავაკვირდებით, გარდაცვალების შემთხვევების დასტაბილურება ხდება 30- 40 -ს შორის. რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ პანდემიაა მთელს მსოფლიოში. ამ სიტუაციაში საქართველო, მიუხედავად ძალიან რთული ეპიდსიტუაციისა, სრული პასუხისმგებლობით მინდა, ვთქვა, რომ ახერხებს ძნელად, შეფერხებებით, დაგვიანებით, ხარვეზებით, თუმცა მაინც ახერხებს სიტუაციის მართვას. რა იგულისხმება ამაში. მართალია, ადგილი აქვს ტესტირების და პასუხის დაგვიანებას, 112 -თან დაკავშირების დაგვიანებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურებას, ოპერატიულად ვერ ხდება ყოველთვის მომსახურება, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია გართულებულია და, რაც მთავარია, კლინიკაში ადგილები ზოგჯერ არასაკმარისია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მძიმე პაციენტის მოთავსება, მაგრამ ეს ხარვეზები არის პირობითი, შეფარდებითი, ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში. ეს, შეიძლება ითქვას, ნაკლები შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ უნდათ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩვენც გვინდა, მაგრამ უნდა შევხედოთ სინამდვილეს თვალებში, რომ საქართველოში ეს პროცესები იმართება უკეთესადაც, ყოველ შემთხვევაში – არაუარესად, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია. როგორც საბოლოო შედეგი ამისი გახლავთ ის, რომ საქართველოში მიუხედავად შემთხვევების დრამატული მატებისა, მიუხედავად გარდაცვალების შემთხვევების მატებისა, საქართველოში ჩვენ ვინარჩუნებთ „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების პროცენტულად ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელია 0. 92 პროცენტი, ასეთი პროცენტი ან უფრო ნაკლები აქვს ევროპასა და ამერიკაში მხოლოდ სამ თუ ოთხ ქვეყანას, ყველა დანარჩენ ქვეყანას, ჩვენზე უფრო განვითარებულ და ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს, გარდაცვალების პროცენტი გაცილებით მაღალი აქვთ. ეს არის ყველაზე სარწმუნო პერიოდი იმისა, რომ, ყველა სიძნელის მიუხედავად, საქართველოში კლინიკური მართვა აი, ამ გახშირებული შემთხვევების ხორციელდება სწორად, ეფექტიანად და მოსახლეობას შეუძლია, იგრძნოს თავი დაცულად და უსაფრთხოდ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები