ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში კორონავირუსის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განვიხილავთ
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში, ამ დროისთვის, 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი მას 170 საწოლი დაემატება.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, უწყება აჭარაში კორონავირუსის ინფექციის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განიხილავს.
„უკვე ერთი კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმსა და აჭარის რეგიონში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ ბათუმში ჰოსპიტალური სექტორისა და, ასევე, პირველადი ჯანდაცვის მზაობას. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ გვცოდნოდა, თუ როგორ, რა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება იქნებოდა საჭირო აჭარაში ჰოსპიტალურ სექტორში ინფექციის გასამკლავებლად. აჭარაში, ამ დროისთვის, 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კი მას 170 საწოლი დაემატება. ჩვენ ასევე გადავედით მკურნალობის ახალ პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც უსიმპტომო პაციენტები გაივლიან მკურნალობას სასტუმროებში. ჩვენ უზრუნველვყოფთ თითოეული პაციენტის შემთხვევაში უწყვეტ მონიტორინგს. ისინი იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. თითოეული სასტუმრო აღჭურვილია ინსტრუმენტული კვლევის საშუალებებით, რომლებიც ჩვენ, ექიმებს გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომელი პაციენტი ექვემდებარება კვლავ სტაციონარში დაბრუნებას. ჩვენ აჭარაში კორონავირუსის ინფექციის სამართავად როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ასევე ბინაზე მკურნალობის საშუალებებსაც განვიხილავთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.