“რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება”

„რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამეცნიერო კონფერენციაზე – „კორონომიკა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ეძღვნება.
„გლობალური პანდემია ეს არის ის ვითარება, რომელმაც, პრაქტიკულად, მსოფლიოს ეკონომიკური სისტემები, გლობალური ეკონომიკა დააყენა გამოცდის წინაშე და გამოწვევების წინაშე და ყველა სახელმწიფო, აკადემიური წრეები, ბიზნესი, არის ფიქრის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუ როგორ მოახდინოს ადაპტაცია ამ ვითარებასთან, თუ როგორ შეცვალოს მუშაობის სტილი, როგორ შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იმისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩეს, მოხდეს მისი სტაბილიზაცია და აღდგენა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატივი მიაგო ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ხსოვნას და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებებზე ისაუბრა.
„ნოდარ ხადურის დამსახურება დიდია უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკურ ცხოვრებაში, არაერთი რეფორმა უკავშირდება მის სახელს, ჩვენ ერთად ვმუშაობდით საქართველოს პარლამენტში, როდესაც მთავრობა და პარლამენტი განიხილავდა, მაგალითად, მოგებასთან დაკავშირებულ რეფორმას, საგადასახადო რეფორმებს და ნამდვილად პოზიტიურად მახსენდება ის წლები, როდესაც ჩვენ გვქონდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების სიმარტივე დადებითად არის შეფასებული.
„ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ინსტიტუტები არიან განსაკუთრებულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა. ეს ნიშნავს იმას, რომ რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საზოგადოებასთან ერთად, იყო სწორი, შედეგიანი და ზოგადად, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. რასაკვირველია, ამის გადათარგმნა თითოეული ოჯახის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ადამიანები პირველ რიგში მიესალმებიან წარმატებას, მაგრამ შემდეგი პირველი შეკითხვა, რაც თითოეულ მოქალაქეს უჩნდება არის ის, რომ როგორ აისახა ეს წარმატება ჩემი, ჩემი ოჯახის თუ გარემოს გაუმჯობესებაზე. ამიტომ, ამ მიმართულებით რასაკვირველია ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
​მან ხაზი გაუსვა განათლების სისტემისა განსაკუთრებულ როლს ქვეყნის მომავლისთვის და უნივერსიტეტის თანამშრომლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები