კომუნიკაციების კომისიას ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირება დაევალა
მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“-ს ის მუხლები, რომლებიც არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით დამატებით ვალდებულებებს აწესებს.
კერძოდ, კოდექსით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიას დაევალა ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების საკითხის რეგულირება.
ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათი ცნობით, 2020 წლის 28 თებერვალს კომისიამ მიიღო დადგენილება „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ (შემდგომში – „დადგენილება“), რომლის თანახმად, ასაკობრივი ნიშანდების ვალდებულება წარმოეშვათ იმ ვებ-გვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ აუდიო-ვიზუალურ პროდუქცია პროგრამების, თამაშების, ფილმების, მათ შორის ანიმაციური ფილმებისა და სერიალების სახით.
„პროგრამის კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები დეტალურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 562-ე მუხლშია გაწერილი. კერძოდ: 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;
გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
ამასთან, 15 წლამდეარასრულწლოვნისთვისშეუფერებლადმიიჩნევაპროგრამა (ანონსი),რომელიცშეიცავს:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.
12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;
ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.
7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:
ა) მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.