მამუკა მდინარაძე: განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ყველაზე მსხვილი დონაცია კოვიდის ფონდში – ასი მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა განახორციელა
„ჩვენი გუნდი აგრძელებს მოსახლეობის მხარდაჭერას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპს იწყებს.
„თითოეული ბავშვი – 17 წლის ასაკის ჩათვლით მიიღებს 200-ლარიან ფინანსურ კომპენსაციას; 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის გადასახადი (1 125 ლარი); 150 000 სოციალურ ქულამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს; სახელმწიფო დააფინანსებს 200 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის და 200 კუბურ მეტრამდე გაზის გადასახადს კიდევ 4 თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში; 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებს დამატებით 80 ათასი მოქალაქე. შედეგად ამ კომპენსაციას მიიღებს ყველა მოქალაქე (ჯამურად, 250 000), რომელმაც შეავსო შესაბამისი განაცხადი. ძალიან დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველას, ვინც კოვიდის ფონდში შენატანი განახორციელა, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ამგვარი მასშტაბურობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ყველაზე მსხვილი დონაცია კოვიდის ფონდში – ასი მილიონი ლარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა განახორციელა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.