სოლომონ პავლიაშვილი: კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა მზარდია და უახლოეს სამ წელიწადში გურიის სავიზიტო ბარათი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში შპს „ბლუბერის” ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პლანტაცია 16 ჰექტარზე, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. კომპანია „ბლუბერი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების – „დანერგე მომავალი”, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა – ბენეფიციარია.

„სახელმწიფო პროექტები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა კენკროვანი კულტურების დარგის ასაღორძინებლად. დღეისათვის ლურჯი მოცვის ფასი 13-15 ლარს შეადგენს, რაც მწარმოებლებისთვის საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყაროა; ასევე, მნიშვნელოვანი სტიმულია, გააფართოონ ბაღები და მიიღონ მეტი მოგება. კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ მზარდია. კენკროვანი კულტურები, უახლოეს სამ წელიწადში, გურიის სავიზიტო ბარათი იქნება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კომპანია სახელმწიფო პროექტებში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო, აქედან 96 600 ლარი – ნერგებისთვის, რომელიც საფრანგეთიდან არის შემოტანილი, ხოლო 3380 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის. წელს, საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 80 ტონას შეადგენს. მოცვის კრეფის სეზონზე 150 -მდე ადგილობრივია დასაქმებული.

„გურიაში ლურჯი მოცვი, ჯამურად, 225 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 250 ტონას შეადგენს. რეგიონში ბაღების გაშენების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბაღები შენდება როგორც დიდი, კომერციული დანიშნულების, ასევე, მცირე ზომის, წვრილ ფერმერულ მეურნეობებში, ძირითადად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომლებიც უშუალოდ ფერმერთა მხარდაჭერისთვის ხორციელდება. რეგიონი ერთ-ერთი მოწინავე გახდა კენკროვანი კულტურების წარმოების კუთხით, ათობით ჰექტარზე მიმდინარეობს მოცვის გაშენება”, – აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები