ფიდანი – თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში ელის
თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს და იმედოვნებს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები კომპრომისზე წავლენ და შეთანხმებას მიაღწევენ. ახლა არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყდეს, კერძოდ, როგორც იცით, უკრაინელები ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ. რუსებს ჯერ მოლაპარაკებები და შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა სურთ. ამ ეტაპზე კი სიტუაცია ჩიხშია შესული“, – თქვა მან.
ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა როგორც მოლაპარაკებების მასპინძელი, აქტიური შუამავლის როლში იმოქმედოს.
„მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, არსებული გარემოებების მიუხედავად. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ის პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა მინისტრმა.