„ურთიერთობის ის კონტექსტი, რომელიც შეიქმნა ბრიუსელიდან, არის სწორედ საფუძველი, რომ ეს ტყვეობის ჯაჭვი ჯერ კიდევ სახეზეა და მისი დარღვევა არის აბსოლუტურად შესაძლებელი” – მათიკაშვილი
“პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს ბუდაპეშტში მოახდინა საღი აზრის კონსტატაცია, იმ რეალობის ასახვა, რაც არის სინამდვილეში და არა იმ წარმოდგენებში, რომლის შექმნაც სურთ ევრობიუროკრატებს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, პაპუაშვილმა ძალიან სწორად შეაფასა ის მოცემულობა, თუ რა პრობლემაა თბილისსა და ბრიუსელს შორის და საიდან არის ეს პრობლემა წარმოქმნილი.
„ის კონტექსტი ურთიერთობის, რომელიც სამწუხაროდ შეიქმნა ბრიუსელიდან, ის მცდელობა, რომ არა ხალხის აზრით და ხალხის შეხედულებით, არამედ ევრობიუროკრატების გადაწყვეტილებით მომხდარიყო საქართველოში საპარლამენტო და ზოგადად ხელისუფლების ჩამოყალიბება 2024 წელს, არის სწორედ ის საფუძველი, რომ ეს ტყვეობის ჯაჭვი ჯერ კიდევ სახეზეა და მისი დარღვევა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ეს არ არის რთული, საჭიროა ნება და იკვეთება ტენდენციები, რომ ეს შეიძლება მომწიფდეს. მე ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად თუნდაც გამჭვირვალობის საკითხზე თემები, რომელიც საქართველოსთვის იყო ესოდენ მნიშვნელოვანი, (ჩვენ ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა აღვიმაღლეთ ხმა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე) დღეს ევროკავშირში ხდება ამ თემების ძალიან აქტიური განხილვა, მსჯელობა და ის წესები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო, იგივე წესებზე ხდება დღეს უკვე ევროკავშირში აპელირება. იმ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს ჰქონდა ხაზგასმით პოზიცია, შეერთებულმა შტატებმა ამაზე უკვე თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა და ჩვენ ველით, რომ ეს საღი აზრი გაიმარჯვებს ევროპაშიც და ევროკავშირიც რაღაცა ზოგადი ილუზორული ლაბირინთებიდან სწორ გზას დაადგება. იმისთვის რომ ევროკავშირი იყოს სიცოცხლისუნარიანი და შეეძლოს სამომავლო პერსპექტივებისკენ სწრაფვა, აუცილებელია სამართლიანი თამაშის წესების შემუშავება და თუკი ეს არ მოხდება, ბუნებრივია, რომ პირველ რიგში თვითონ ევროკავშირის შიგნით მოხდება ძალიან დიდი პრობლემის გაღვივება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს თვითონ ეს სახელმწიფოთა გაერთიანება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საღ აზრამდე ევროკავშირშიც აუცილებლად მივლენ. ესეც არის ერთგვარად “დიფ სთეითთან”, გლობალური გავლენების ძალებთან ბრძოლის, გარკვეული ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც როგორც ვაშინგტონში, ასევე ჩვენ იმედს გამოთქვათ, რომ ევროპის კონტინენტზეც განხორციელდება რაც იქნება ამოსავალი წერტილი უკეთესი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.