ანრი ოხანაშვილი: ქორწილის, იუბილეს, ქელეხისა და სხვა მასშტაბური ღონისძიების გამართვის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან

“ათზე მეტი პირის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია, მასშტაბური ხასიათის ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებს კი 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დარღვევების განმეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

„მთავრობის რეგულაციებით, მასობრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, იუბილე, ქელეხი. იცით, რომ ათ პირამდე შეკრება ნებადართულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია. თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე კატეგორიის დარღვევაში და ფიზიკური პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებს კი 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

თუმცა, მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც აქამდე და ამ ტიპის დარღვევები იმედია, არ გვექნება. თუმცა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავწეროთ ეს წესები და ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები