“ისმის კითხვა, რა საჭიროა ეს დამცავი სათვალეები და რესპირატორები, თუ არა – პოლიციასთან ჭიდაობა” – სასამართლოში ISFED-ის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

როგორც საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, ISFED-მა აქციების დაწყებიდან მეორე დღეს დამცავი საშუალებები შეიძინა, რაც კითხვებს აჩენს, რა საჭირო იყო მშვიდობიან აქციებში მონაწილეობისთვის თავდაცვის საშუალებების შეძენა.

„როგორც იცით, ლევან ნატროშვილი არის ISFED-ის მოქმედი ხელმძღვანელი. თავად, 27 აგვისტოს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში არ უარყოფდა, რომ მონაწილეობდნენ ამ აქციებში და სწორედ თანამშრომლებისთვის შეიძინა რესპირატორები. როგორც იცით, აქციები დაიწყო 28 ნოემბერს და აქციების დაწყებიდან მეორე დღეს, 29 ნოემბერს შეძენილი აქვთ სახის დამცავი სათვალე და რესპირატორების კომპლექტი. ამის შეძენა დანაშაული არ არის, თუმცა, როდესაც პოზიციონირება არის, რომ ისინი არიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რა საჭიროა სახის დამცავი საშუალებებისა და რესპირატორების შეძენა, თუ ისინი განწყობილნი იყვნენ მშვიდობიანად გასაპროტესტებლად? ისინი ხსნიან, რომ ეს თავდაცვის საშუალებებია. ჩვენ გვაინტერესებს ვისგან იცავდნენ ისინი თავს.

თუ უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან, უნდა დაიცვან კანონის მოთხოვნა – როდესაც პოლიცია მოუწოდებს, რომ დაიშალონ, ისინი მოთხოვნას უნდა დაემორჩილონ.

მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა ეს დამცავი სათვალეები და რესპირატორები, თუ არა პოლიციასთან ჭიდაობა. ხედავდით, რომ მსგავსი საშუალებებით უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას. კითხვა მარტივია – რაში სჭირდება მშვიდობიან დემონსტრანტს მსგავსი აღჭურვილობა.

ISFED არც მალავს ამ აქციებში მონაწილეობას. რესპირატორების, სახის დამცავი სათვალეები და ხმის გამაძლიერებელი აქვთ შეძენილი, ეს მიუთითებს, რომ აქციებში მონაწილეობდნენ და არა ვთქვათ, დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ აქციაზე“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები