“მომავალმა თაობამ არ უნდა ნახოს ის, რაც ჩვენ ვნახეთ” – სახლის სარდაფში მოწყობილი ოკუპაციის მუზეუმი

ოკუპირებული ცხინვალიდან კილომეტრანახევარში,  სოფელ ერგნეთში, მავთულხლართების მიჯნაზე „აგვისტოს ომის მეზეუმია” მოწყობილი. 2017 წლის  8 აგვისტოს   ერგნეთის  მკვიდმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველოდან“, ლია ჩლაჩიძემ საკუთარი სახლის სარდაფში აგვისტოს ომის დღეები გააცოცხლა. რამდენიმე კვადრატულ მეტრში მოწყობილ ოკუპაციის მუზეუმს ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ მოეძებნება. უალტერნატივოა მუზეუმის გიდიც.
ლია ჩლაჩიძე უკვე 3 წელია, მეზეუმის დასათვალიერებლად მისულ ვიზიტორთა ჯგუფებს მეგზურობას უწევს და ყოველ ჯერზე უდიდესი ემოციითა და ტკივილით უყვება ფოტოებზე აღბეჭდილ მოვლენებს და თითოეული ექსპონატის წარმომავლობას.
„აგვისტოს ომის მუზეუმში“ დრო მალე გადის, თუმცა ამას აქ მოსული დამთვალიერებელი ვერ გრძნობს. მუზეუმში დაცული თითოეული ნივთი თუ ფოტო გაიძულებს, დიდხანს უყურო მათ, ისინი ისტორიას ყვებიან. ყვებიან იმ ტკივილის შესახებ, რაც ადამიანებმა განიცადეს.
ფოტოზე აღბეჭდილი სახეები 12 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის  უტყვ მატიანეებად იქცნენ.

2008 წლის აგვისტოს მოგონებებისა და ოკუპაციის მუზეუმის შესახებ ლია ჩლაჩიძე “რეგიონულ კვირას” უყვება.
„2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ერგნეთი იყო საბრძოლო მოვლენების ეპიცენტრი, რადგან პირველი დარტყმა, ერგნეთთან ერთად, სოფელ ნიქოზმა მიიღო, როდესაც ოკუპანტები სეპარატისტებთან ერთად შემოვიდნენ  და ცეცხლის ალში გახვიეს სოფელი, 160 სახლი გადაწვეს. 12 ადამიანი მოკლეს. ერთ-ერთი, გიგო პაპა საკუთარ ლოგინში მწოლიარე გამოწვეს. ფაშისტებივით იქცეოდნენ. მოსახლეობა დევნილი გახდა, მაგრამ ის მოხუცები, რომლებიც აქ დარჩნენ და ეგონათ, რომ ასაკის გამო ხელს არ დაადებდნენ, ძალიან შეცდნენ. ზუსტად ამ მოხუცებიდან 12 ადამიანი მოკლეს. საკუთარ ეზოებში 35-გრადუსიანი სიცხის ქვეშ ისე დაყარეს, რომ მეზობლებს მათი დაკრძალვის უფლება არ მისცეს. შემდეგ ღამით იპარავდნენ ცხედრებს და ჩუმად მარხავდნენ საკუთარ ეზოებში. ეს იყო გაუსაძლისი ფაქტი და გაუგონარი სიტუაცია.
ფაქტობრივად, ომის შემდეგ ჩვენი ცხოვრება გაიყო ორად: ომამდე და ომის შემდეგ. ომის შემდეგ ცხოვრება იყო ძალიან რთული. ხალხი მაშინვე ვერ დაბრუნდა, რადგან საცხოვრებელი სახლები აღარ ჰქონდათ.
მე ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი საკუთარ კარმიდამოში. გაპარტახებული, დამწვარი და დაფერფლილი დამხვდა ყველაფერი. გამნაღმველებმა ჩემს ეზოში 13 კასეტური ბომბი ააფეთქეს. თურმე, ზედ დავდიოდით ამ კასეტურ ბომბებზე და არ ვიცოდით.

2017 წელს, ივლისის თვეში სტუმრად ვიყავი კასპში, ერთ-ერთ გიმნაზიაში, რომელიც ადრე პოლიციის შენობას წარმოადგენდა. იქ იყო სარდაფები, სადაც პატიმრებს აწამებდნენ და ადგილობრივმა ენთუზიასტებმა გააკეთეს ოკუპაციის მუზეუმი. ეს გახდა ჩემი მოტივაცია. სწორედ იქ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს სარდაფში უნდა გამეკეთებინა “აგვისტოს ომის მუზეუმი“. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი თვე და ეს ერთი თვე იყო ურთულესი ერთი თვე ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა არ მომცეს მოდუნების საშუალება. გავაკეთე “ფეისბუქგვერდი” და მივმართე მოქალაქეებს, რომ მჭირდებოდა მათი დახმარება. დღესაც კი მეტირება, რომ ვიხსენებ იმ პერიოდს. ვინ არ მოდიოდა, მოხალისეები, ბავშვები, გოგონები, ბიჭები, ჩემთვის სრულიად უცხო ხალხი და ძალიან მოკლე დროში გავასუფთავეთ ეს სარდაფი. ჩვენ შევძელით და 2017 წლის 8 აგვისტოს გაიხსნა „აგვისტოს ომის მუზეუმი“, რომელსაც ანალოგია არ აქვს.
როდესაც აღელვებული ვარ, ჩამოვდივარ აქ და ვმშვიდდები. ვუყურებ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ დასრულდა ჩვენი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი, ჩაბარდა წარსულს, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ აღარ ნახოს ის, რაც ჩვენ ვნახეთ”, – იხსენებს ლია ჩლაჩიძე

ჩვენს რესპონდენტს აგვისტოს ომის დღეების გახსენება 12 წლის  შემდეგაც კი უმძიმს. ამბობს, რომ დრომ ტკივილთან ერთად ცხოვრება ასწავლა, თუმცა ინტერვიუს დროს ცრემლების შეკავება   უფრო და უფრო უჭირდა. ლია ჩლაჩიძემ სააღდგომო ტრადიციაც გაგვიმხილა. როგორც აღმოჩნდა, აღდგომის მეორე დღეს საოკუპაციო ხაზთან მიდის, ოკუპანტებისგან მალულად, მავთულხლართებზე ​სანთელს ანთებს. რკინის კონსტრუქციებს შორის პოულობს ადგილს, საიდანაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე წითელ კვერცხსა და სააღდგომო პასკას დებს. ამით საკუთარი მამისა და იმ გარდაცვლილ ადამიანთა სულებს, რომელთა საფლავებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, პატივს მიაგებს.

„მამაჩემის სახლი მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და 12 წელია, მამაჩემის საფლავზეც კი ვერ გავდივარ. ჩემი ოცნებაა, მამის საფლავზე გავიდე და მოვინახულო. სწორედ ამის გამო, უკვე რამდენიმე წელია, ერთგვარად, ტრადიციად ჩამოვაყალიბე – ყოველ წელს, აღდგომის მეორე დღეს მივდივარ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, მავთულხლართებთან მიმაქვს სანთელი, წითელი კვერცხი, პასკა, ყვავილები. მავთულხლართებიდან გადავწევ ხელს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვალაგებ ამ ყველაფერს. სანთელს ვანთებ პირდაპირ ღობეზე. ამით მე პატივს მივაგებ მამაჩემისა იმ გარდაცვლილთა სულებს, რომელთა საფლავებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა“, – გვიმხელს ჩლაჩიძე.

ლია ჩლაჩიძე ქართულ-ოსურ ურთიერთობების აღდგენასა და კონფლიქტის დარეგულირებაზეც გვესაუბრა. ფიქრობს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში უდიდეს როლს სახალხო დიპლომატია და ეთნიკურად შერეული ქართულ-ოსური  ოჯახების  ჩართულობა ასრულებს. როგორც აღნიშნავს, მისთვის მხოლოდ ერთი საზღვარი საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის არსებობს, სხვა ყველა საზღვარი ხელოვნურია, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად ჩამოირღვევა.
„აუცილებელია ამ კონფლიქტის დარეგულირებაში სახალხო დიპლომატია და შერეული ოჯახების ფაქტორის გამოყენება. ჩემს მეზობლად ცხოვრობს ოსი ქალი, რომელმაც ვერ დატოვა ქართველი შვილები და ქმარი, მაგრამ მე ვიცი, რა ტრიალებს მის გულში, რადგან ხშირად მიყვება თავისი ემოციების შესახებ. ასევე, არიან დედები, რომლებიც აქეთ ცხოვრობენ, მაგრამ შვილები იქეთ ჰყავთ დატოვებული. მითხარით, როგორ უნდა იცოცხლოს დედამ, რომელსაც 12 წლის მანძილზე საკუთარი შვილისა და შვილიშვილის ნახვის საშუალება არ აქვს. ძალიან მალე დაირღვევა ეს ე.წ. საზღვარი. მე მრავალჯერ მითქვამს, რომ ბუნებრივი საზღვარი საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის არის კავკასიონი, სხვა დანარჩენილი ხელოვნურია”, – ლია ჩლაჩიძე.

„აგვისტოს ომის მუზეუმის” დამაარსებელი იმედოვნებს, რომ ოდესმე მუზეუმის დათვალიერების საშუალება არა მხოლოდ უცხოელ ვიზიტორებს, არამედ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოძმეებსაც შეეძლებათ. მანამდე კი ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, მუზეუმის შეუცვლელი გიდი, ლია ჩლაჩიძე მზადაა, დამთვალიერებლებს უმასპინძლოს და კიდევ მრავალჯერ გააცოცხლოს აგვისტოს ომის დღეები.

 

                                                                                                                                           ​ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები