ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიცაა
უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი იმერეთში, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა, გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა და ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციაა.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, არის პროექტის ერთ-ერთი მასპინძელი. GEMO FEST-ი იმდენად წარმატებული გახდა, რომ უკვე ყოველწლიური ხასიათი მიიღო და წელს პირველად, 2 დღის ნაცვლად ფესტივალი, 3-დღიანი გახდა. მინდა ვუსურვო ქუთაისელებს და ქუთაისის სტუმრებს დააგემოვნონ იმერული კერძები და ისიამოვნონ იმერული გარემოთი”, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
პროექტი უკვე მესამე წელია, წარმატებით იმართება ქუთაისში, რომლის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები უკვე მეორე დღეა აგემოვნებენ.