ნინო თანდილაშვილი: საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო „გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის“ ფარგლებში გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაც იყო „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით – რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“.

სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვისპირა ქვეყანა, სრულად აცნობიერებს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

„ზღვის ეკოსისტემები სახელმწიფო საზღვრებს არ ექვემდებარება. დაბინძურება, გადაჭარბებული თევზჭერა, ჰაბიტატების დაზიანება და კლიმატის ცვლილება – ეს გამოწვევები მთელ რეგიონზე ახდენს პირდაპირ გავლენას. ამ პრობლემებთან გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ სოლიდარობაზე, პარტნიორობასა და ერთობლივ მოქმედებაზე დაფუძნებული რეგიონული თანამშრომლობით“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ნინო თანდილაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. მისი თქმით, საქართველო აქტიურად აგრძელებს ევროპასთან ინტეგრაციას და წარმატებით ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში. ამ პროცესით ქვეყანა კიდევ უფრო უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, საზღვაო მმართველობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, რაც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობას.

სიტყვით გამოსვლის დროს, ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო და რეგიონულ ინიციატივებში, განსაკუთრებით – ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურ კომისიასთან (GFCM) თანამშრომლობის ფარგლებში, რაც მოიცავს მონაცემების გაზიარებას, შესაძლებლობების გაძლიერებასა და მდგრადი თევზჭერის ხელშეწყობას. მისი თქმით, რეგიონულ თევზჭერის მართვის ორგანიზაციებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ საზღვაო რესურსების მეცნიერულად დასაბუთებულ და ინკლუზიურ მართვაში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ მნიშვნელობაზე. ყურადღება დაუთმო შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ ენერგოსისტემებთან დააკავშირებს.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს გლობალურ ინვესტიციას სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ემსახურება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ ინტერესებს, აძლიერებს კავშირებს, აჩქარებს მწვანე გარდაქმნას და ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დასასრულ, ნინო თანდილაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა რეგიონული შესაძლებლობების გასაძლიერებლად ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა მონიტორინგი, აღსრულება, სამეცნიერო კვლევა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები