ზაალ ანჯაფარიძე: “რესპუბლიკური პარტიის” დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა “ნაცმოძრაობისა” და მათი განშტოებების მიერ
„რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა „ნაცმოძრაობისა” და მათი განშტოებების მიერ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცეპრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის რეაქციაზე ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა.
“რესპუბლიკური პარტია” არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობითა და ცოდნით იმისა, რა სურს ქართველ საზოგადოებას, რით სუნთქავს, რა ღირებულებები და მისწრაფებები აქვს. ამის დასტურია მათ მიერ ყველა არჩევნებზე ნაჩვენები სავალალო შედეგებიც. მათ რომ იცოდნენ ეს ყოველივე, ამ შედეგებს ერთხელ მაინც გააუმჯობესებდნენ. ამის დასტურია მათი დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცეპრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა. “რესპების” ეს განცხადება არის იმ განცხადებების გადამღერება, რაც ამ დღეებში გაკეთდა „ნაცმოძრაობისა” და მათი განშტოებების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, უკრაინის ხელისუფლებამდე მიეტანა საკუთარი პოზიცია ძებნილი და სასჯელმისჯილი სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. თორემ უკრაინას ვიცეპრემიერად შეუძლია, ვინც სურს, ის დანიშნოს. სასაცილო და სავალალო მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს 41-მილიონიანი, ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო, როდესაც მეორედ ცდილობს ყველანაირად დისკრედიტებული პოლიტიკოსის რეანიმირებას. იმ პოლიტიკოსისა, რომელსაც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი საჯაროდ მოიხსენიებდა კორუფციონერად”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.
„რესპუბლიკური პარტიის” განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური და არა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით, შესაბამისად, არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.