ესპანეთში ხანძარმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ორშაბათს, გვიან ღამით, ერთი მამაკაცი დაიღუპა ტყის ხანძრის შედეგად, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე ტრეს კანტოსის გარეუბანში გაჩნდა.

მადრიდის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებული ხანძრისგან გამოიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, მადრიდის ლა-პასის საავადმყოფოში მძიმე დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში სამძიმარი გამოთქვა.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ორშაბათს შუადღისას ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ელვის დაცემით გაჩნდა.

საათში 70 კმ-მდე სიჩქარის ქარის ნაკადებმა ცეცხლი სწრაფად გაავრცელა, რამაც დაახლოებით 200 მოქალაქის სასწრაფო ევაკუაცია გამოიწვია. თუმცა, ერთი მამაკაცის დროულად ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამ დროისთვის ხანძარმა დაახლოებით 1000 ჰექტარი მიწა გაანადგურა და მისი შედეგები მადრიდის ცენტრამდეც იგრძნობა.

ამასთან, სამხრეთით მდებარე ტურისტულ კურორტ ტარიფაში, რეგიონში ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მეორე ხანძრის გამო, სასტუმროებიდან და სახლებიდან დაახლოებით 2000 ადამიანი ევაკუირებული იქნა. ხანძრის გავრცელებას კვლავ ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი.

მეზობელ კასტილია-ი-ლეონის რეგიონში, ლას-მედულასში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ცნობილია თავისი ხელუხლებელი ტყეებით, გაჩენილი ხანძრის შედეგად 1500 ჰექტარზე მეტი მიწა განადგურდა. მედიის ინფორმაციით, დაცული ლანდშაფტის ნაწილები ფერფლად იქცა.

ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) ორშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2025 წლიდან ესპანეთში 59 000 ჰექტარზე მეტი მიწა დაიწვა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 25 პროცენტით ზრდას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები