აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულებთან და ამერიკულ-ქართული ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულებთან და ამერიკულ-ქართული ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტთან, მამუკა წერეთელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა მიზანია ქვეყნის, როგორც მრავალფუნქციური სავაჭრო-ეკონომიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერება. მან შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ინდექსებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ.

თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საუბარი ასევე შეეხო 2025 წლის 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმსა და მიმდინარე წლის სექტემბერში, აშშ-ის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტს საქართველოში.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს, აშშ-ში საქართველოს გენერალურმა კონსულებმა მაია ბართაიამ და ლევან ყულიჯანაშვილმა.

შეხვედრას აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულები, ზაზა ფაჩულია (კალიფორნია), ბერი ედვარდ გრირი (ფლორიდა), დეივიდ შიმპი (სამხრეთ კაროლინა), ჯანეტ მური (ტეხასი), ჯარედ უილიამ გათრი (მასაჩუსეტსი), ჯონ ევერტ ჰოლი (ჯორჯია) და ისააკ აპელბაუმი (კალიფორნია) ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები