აფხაზეთის მთავრობის წევრები მეტრო ჰოლდინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მეტრო ჰოლდინგის დირექტორ ლარა ოზთურქს და ამავე კომპანიის საოპერაციო მენეჯერს სულხან ზოიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას, აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკვე არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

დავით ფაცაციამ მეტრო ჰოლდინგის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერასა და პარტნიორობისთვის, რომლის ფარგლებშიც ისინი უზრუნველყოფენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ტრანსპორტირებას სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ბანაკებში.

„ეს არა მხოლოდ ლოგისტიკური დახმარებაა, არამედ განსაკუთრებული წვლილია იმაში, რომ ჩვენს დევნილ ბავშვებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ახალი გამოცდილება და მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში.

მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში კერძო კომპანია აქტიურად მონაწილეობს და ერთად ვქმნით მხარდაჭერისა და განვითარების თანმიმდევრულ გარემოს მომავალი თაობისთვის, რაც ჩვენი საერთო გამარჯვებაა.“ – განაცხადა შეხვედრაზე დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები