ნინო ცაციაშვილი- შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი საკარანტინო ზონაში არ იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში საუბრისას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პროცესში სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება პერმანენტულად ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის შესაძლო გავრცელების რისკი.
„ უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, ისევე, როგორც ყველა უწყებისთვის და, ზოგადად, ხელისუფლებისთვის, ნებისმიერი შტოსთვის, ჩვენთვისაც ამოსავალი წერტილია ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა. ამ მხრივ, პერმანენტულად ვახდენთ სადეზინფექციო საშუალებებით შენობების დამუშავებას. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები აღჭურვილი არიან სპეციალური ფორმებით, რაც გულისხმობს ხელთათმანებს, პირბადეებს, სათვალეებს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლო გავრცელება და გადადება იმ დაავადების, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჰქონდეს პირს, რომელიც არღვევს, პირობითად, თვითიზოლაციის წესებს“, – აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის, უწყების არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება საკარანტინო ზონაში.
„ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება საკარანტინო ზონაში და საბედნიეროდ, არც ერთი შემთხვევა არ გვქონია, სადაც, ვთქვათ, გამოვლინდა ან დაუდგინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს კორონავირუსის ფაქტები. როგორ აღვნიშნე, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ ინციდენტები თავიდან ავიცილოთ, რაც თავის თავში გულისხმობს სპეციალური საშუალებებით სამინისტროს თითოეული თანამშრომლის აღჭურვას, რომელსაც შესაძლოა, მოუხდეს უშუალო კომუნიკაციის დამყარება მოქალაქესთან, რომელიც შეიძლება იყოს რისკის შემცველი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად მომზადებულია, უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტროსთან პერმანენტული კომუნიკაციით ხდება ამ მარაგების შევსება და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დამატებით მოხდეს შესყიდვა ყველა იმ საშუალების, რაც შეიძლება დასჭირდეთ ჩვენს თანამშრომლებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.