კობა კობალაძემ, მიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო
„ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრეზიდენტთან,მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა,“- ამის შესახებ ინფორმაციას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახის წევრები.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უახლესი მონაცემებით დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 57 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეზე მეტია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები,კერძოდ,მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და დაბადებიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი,1000 ლარს.
მეორე მსოფლიო ომი, ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან, 20 მილიონი _ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში, 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი _ 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.
ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000 -მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დასამარცხებლად, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა.
მეორე მსოფლიო ომი, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა,“- ნათქვამია ინფომაციაში.