გაზრდილი ფასები და ინფლაციის ზრდის რისკი – რა მოლოდინები აქვთ ეკონომისტებს და ბიზნესს
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების მორიგი რეკორდი დაამყარა. დაახლოებით ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში 2.78 -დან 3.16 -მდე გაუფასურდა. სპეციალისტები და ხელისუფლება ლარის ამგვარ ქცევას კორონავირუს,ანუ COVID-19 მიერ მსოფლიო ეკონომიკისთვის შექმნილ პრობლემებს და შესაბამისად, საგარეო შოკებს უკავშირებენ.
აღსანიშნავია, რომ ლარის მსგავსად გაუფასურდა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტებიც, თუმცა არა იმ მასშტაბით როგორც ლარი. გამონაკლისი რუსული რუბლია, რომელმაც გაუფასურების არანაკლები ტრენდი აჩვენა. ნავთობის ფასის მკვეთრი კლების ( brent -$280) ფონზე 1 ამერიკული დოლარი 74. 12 რუბლი ღირს.
ეკონომისტის და საბანკო საქმის სპეციალისტის გიორგი ცუცქირიძის მოსაზრებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძირითადად საგარეო შოკებს უკავშირდება.
„კორონავირუსის გამო ეკონომიკაში გაჩენილმა უარყოფითმა მოლოდინმა საფონდო ინდექსები ჩამოშალა. მთავარი პრობლემა იყო შოკი. ამ შოკმა გამოიწვია ნავთობის ფასების კატასტროფული ვარდნა, რამაც იმოქმედა საერთაშორისო ინდექსების შემცირებაზე, შემდეგ ეს ეფექტი გადავიდა რუსეთზეც და ყველა მსხვილი ქვეყნის ეკონომიკაზე. თუ საფონდო სექტორში წარმოიქმნება პანიკა და უარყოფითი მოლოდინი, ეს რასაკვირველია, საქართველოზეც მნიშნველოვანი დარტყმაა. ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება მსოფლიოში წარმოქმნილი აჟიოტაჟის შედეგია“, – აცხადებს ცუცქირიძემ.
ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაც კორონავირუსს უკავშირებს.თუმცა, მიაჩნია, რომ გარკვეული ბრალი შექმნილ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს და მოსახლეობის ერთი ნაწილის მიუძღვის.ჭყონიას თქმით, პანიკა პროდუქტებს აძვირებს,ხოლო ფასების შენარჩუნება მომხმარებლის ხელშია.
ჭყონიას განმარტებით, შოკური ფონი იწვევს მოთხოვნის გაზრდას და იმპორტიორები იძულებული ხდებიან პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოიტანონ. ჭყონიას თქმით,პირველადი პროდუქტის ღირებულება დათვლილია 2.80-82-იან კურსზე და ახლა თითქმის 3.20-მდე გაიზარდა, ანუ ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 პუნქტით გაუფასურდა.
დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის მოსაზრებით, აუცილებელია რომ შექმნილ სიტუაციაში ეროვნული ბანკი მეტად მეტად გააქტიურდეს და სვალუტო ბაზარზე ინტერვენციები განახორციელოს.
როგორც ჭყონიამ პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თუ ეროვნული ბანკი არ ჩაერია და ინტერვენციები არ განახორციელა ქვეყანა მიიღებს იგივეს, რაც 2019 წელს მოხდა ანუ გაძვირებულ დოლარს და მაღალ ინფლაციას.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ხვალ ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გაყიდვას გეგმავს.