ვის როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა – “ფრესკო” ფასების მატებას კაპიტალიზმით ხსნის
ჯანმრთელობასთან ერთად, კორონავირუსი მოსახლეობის ჯიბესაც უტევს. სურსათი და სხვა, ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის ნაწილი უკვე გაძვირდა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების მოლოდინში მოსახლეობის ერთი ნაწილი მარკეტებს მიაწყდა და პანიკური შესყიდვები დაიწყო. სიტუაციაზე კონტროლის დასაბრუნებლად და აჟიოტაჟის ჩაცხრობის მიზნით, ხელისუფლება სადისტრიბუციო, სავაჭრო ქსელების და იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანლებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ფინანსური და ლოგისტიკური საკითხები იყო, მათ შორის, საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგები. ნათია თურნავას თქმით, მიიღეს დაპირება, რომ სურსათის მიწოდების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.
ითქვა ისიც, რომ შექმნილ სიტუაციაში ბაზარზე სპეკულაციური ფასებით ოპერირებას ხელისუფლება ვერ და არ შეეგუება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელისუფლების რეაგირება იქნება მკაცრი. კიდევ უფრო ხისტი იყო პრემიერმინისტრი.
„ის უპასუხისმგებლო ბიზნესმენები, კომპანიები, ან ფიზიკურიპირები, რომლებიც ცდილობენ, ამ მოკლევადიან კრიზისისგან დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რა თქმა უნდა, ამას ყურადღებას ვაქცევთ, ჩვენ ამას ყველაფერს ვუყურებთ, ვაფიქსირებთ და შესაბამისი რეაქცია გვექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მსგავსად, პანიკის, ასევე, ფასების ზრდის აუცილებლობას ვერ ხედავენ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში. საფასო პოლიტიკის გადახედვას არ გეგმავენ არსებული მსხვილი მარკეტების წარმომადგენლები და იმპორტიორები. ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი კომპანია “ფრესკო” და მისი ხელმძღვანელი, ვასილ სოფრომაძეა. სპეციალურ ვიდეომიმართვაში, რომელიც სოფრომაძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, ის აცხადებს, რომ მარაგები აქვს, თუმცა ფასები შეიძლება, გაიზარდოს.
„ფასები შეიძლება, შეიცვალოს. მე მინდა, გულახდილად ვიყო თქვენ მიმართ – შეიძლება, შეიცვალოს ლარის დოლარის კურსთან მიმართებით, მაგრამ მარაგები არის. ახალი მარაგების შემოტანა შესაძლებელია, მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა. შეიძლება, ფასები შეიცვლოს – ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ საჭმლის მარაგი და პროდუქციის მარაგი გვაქვს“, – განაცხადა სოფრომაძემ.
როგორც “ფაქტპრესი “იტყობინება მალევე ამ ვიდეომიმართვას ბიზნესმენმა “ფეისბუქსტატუსიც” მოაყოლა. სოფრომაძის თქმით, მის ვიდეომიმართვას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა და უნდა, რომ მის პოზიციაში სიცხადე წერილობით შეიტანოს.
„ძვირფასო მომხმარებლებო, გუშინ ჩემ მიერ გაკეთებული ემოციური განცხადება ინტერპრეტაციის საგნად იქცა და მსურს, უფრო ცხადი და წერილობითი ახსნა-განმარტებით მოგმართოთ.
უმნიშვნელო ფასების კორექტირება შეეხება მხოლოდ პროდუქციის მცირე ჩამონათვალს, რაც არ არის ჩემი, ბატონი ვასილ სოფრომაძის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მის უდიდებულესობა თავისუფალ ბაზარს, სამეწარმეო სულსა და კაცობრიობის განვითარების უმაღლეს ფაზას – კაპიტალიზმს“, – დაწერა სოფრომაძემ.
სოფრომაძის შეფასებით, თუკი ხალხი ვერ იგებს რატომ გაიზარდა წიწიბურის და კარტოფილის ფასი მიზერული 29,7%-ით – საეჭვოა, ეს საზოგადოება ნათელ მომავალს იმსახურებდეს.
„ფრესკოს“ ხელმძღვანლის ამგვარი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ანალიტიკოს გია აბაშიძისთვის.
“ავერსი” ფასების საგრძნობ დაწევას აცხადებს, მსგავსი გვესმის სხვებისგანაც, ზოგმა სასტუმროც კი ნებაყოფლობით დათმო საკარანტინო ზონებისთვის. გვესმის მოხალისეების აქტივობებზე, თანამოქალაქეთა მზარდ ქველმოქმედებაზეც.
წარსულში არაერთ არაკაცობაში შემჩნეულმა ვასილ სოფრომაძემ კი “ფრესკოში” აწია ფასები. კრიზისებში ჩანს, ვინ და როგორია. და უნამუსო სპეკულანტების დასჯა მარტივადაა შესაძლებელი – ბოიკოტი მათ პროდუქციას“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სოფრომაძესთან მიმართებით საკმაოდ მკაცრი და კატეგორიულია სამხედრო საქმის სპეციალისტი და ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძეც.
„საზოგადოების უპასუხისმგებლობითა და გულგრილობით მიღებული შედეგი. სახელმწიფო ამისთანებს დღგ-ს უბრუნებს, ესენი კი ფასებს აორმაგებენ, სოლიდარობის ნაცვლად. ის არ იცის, რომ საზოგადოებასაც შეუძლია, დააიგნოროს ბრენდი, სახელად „ფრესკო”, – წერს სალუქვაძე.