“მერაბიშვილის ბაღებისთვის” იძულებით დათმობილი მიწის ნაკვეთები და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი შინდისელები

„მერაბიშვილის ბაღები“ – გორის მუნიციპალიტეტში შინდისის თემის მოსახლეობა 200 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ამ სახელით იცნობს. აღნიშნული მიწა 2011 წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფომ ათობით ადგილობრივ ოჯახს ჩამოართვა და შპს „ქართულ ბოსტნეულს’’ გადასცა.
დაზარალებული მოსახლეობა ამ თემაზე საუბრისგან წლების შემდეგაც თავს იკავებს, თუმცა „რეგიონულმა კვირამ“ იძულებითი იჯარის დეტალების გარკვევა მაინც მოახერხა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ზვიად საბანაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, ოთხი სოფლის 200 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთით “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროინდელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული და მესაკუთრეებზე საბანიძის თქმით, „რეკეტი” განახორციელა. საბანაძე ყვება, რომ ადგილობრივები იძულებულები გახდნენ მამა-პაპისეული მიწის ფართობები, რომელზეც მოყვანილი ბოსტნეული თუ ხილი მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, იჯარის წესით გაეცათ.

„მერაბიშვილის ბაღებს ეძახდნენ მაგას… მოსახლეობას რეკეტის ფორმით წაართვა 200 ჰექტრამდე. მოყავდათ პომიდორი, კომბოსტო სხვადასხვა პროდუქტი და ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავდათ დასაქმებული. დანარჩენი სად ან როგორ გაჰქონდათ, არ ვიცი. ამხელა მიწის ნაკვეთს რომ ჩამოაჭრი სოფლის მოსახლეობას, რეკეტის სახით, ზარალი იყო, აბა, რა იყო. მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას კი შევაფასებ, როგორც კრიმინალის დაბრუნებას”, – განაცხადა ზვიად საბანაძემ.
მიწის მფლობელებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი მიწის ნაკვეთი მოყვანილი მოსავლიანად დაეთმო მეიჯარესთვის, ისე, რომ მათ მოსავლის აღებაც ვერ შეძლეს. როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ 1 ჰექტარზე მეიჯარემ წლიურად 500 ლარი გადაიხადა. მიწის ზოგიერთი მესაკუთრე 1 ჰექტრამდე ან უფრო ნაკლებ ფართობს ფლობდა, თუმცა წლიურად რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი მოჰყავდათ. ადგილობრივების მიწების „მერაბიშვილის ბაღებად“ გადაქცევის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში მათი შემოსავლი მხოლოდ 500 ლარით განისაზღვრა.

შპს „ ქართულმა ბოსტნეულმა“ აღნიშნულ მიწებში სოლიდური თანხის ინვესტიცია ჩადო. ადგილობრივების განცხადებით, მეიჯარემ „დარეკეტებული მიწების“ დამუშავება და მოსავლის მოყვანა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოახერხა. 2011 წლის დეკემბრის თვეში დაწყებული პროექტი ხელისუფლების შეცვლასთან ერთად დასრულდა, რის შედეგადაც „საიჯარო ხელშეკრულებები“, რომელთა არსებობაც კითხვებს აჩენს, ბათილად ცნეს და ახალი ხელისუფლების პირობებში, კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ შინდისის თემის მოსახლეობისგან იძულებით დათმობილ მიწის ნაკვეთებზე განხორციელებულ მსხვილ ბიუჯეტიან პროექტს არა მხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, არამედ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ხშირად სტუმრობდა ხოლმე.

„ხორბალი მქონდა მოყვანილი, გადმოიხედეს, მოეწონათ ჩემი ბაღი და იძულებული გამხადეს დამეთმო. აბა იმ პერიოდში მერაბიშვილის წინააღმდეგ ვინ წავიდოდა“,- განაცხადა “რეგიონილ კვირასთან” ერთ-ერთმა მესაკუთრემ.

მიწის ნახევარი მთავრობის იყო ნახევარი ხალხისა, ქირა გადაუხადეს. ერთი წელი იმუშავეს, მეორე წელს კი გაჩერდნენ. მე როგორც ვიცი, 500 ლარი გადაუხადეს 1 ჰექტარზე. დაირგო პამიდორი, სიმინდი, მოეწყო სარწყავი წყალის სისტემა. ჩემი მორიგეობს დროს მერაბიშვილი არ მინახავს, თუმცა, იძახდნენ სხვები, რომ პერიოდულად ჩამოდიოდაო. მიხეილ სააკაშვილი კი იყო ჩამოსული, მოვიდა, დაათვალიერა… ხელისუფლება რომ შეიცვალა, მიწები აღარ დაამუშავეს და ხალხს საკუთრებები დაუბრუნეს. როცა წამართვეს ეს ნაკვეთი, იმდენი ვინერვიულე… იმიტომ ვიყიდე, რომ მომევლო, ჩემი შვილიშვილებისთვის შრომა მესწავლებინა, ჩემი წვლილი შემეტანა, ჩემი ოჯახის და ქეყნის წინაშე. ახლა მე ჩივილები რომ დავიწყო, მერაბიშვილს კვლავ ჩასვამენ ციხეში… ამით მე რა შემემატება?! მინდა, რომ მშვიდად ვიცხოვრო. ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა. აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. მინდა, წყნარად, მშვიდად ვიცხოვრო. მაგას ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ნებით მივეცი, თუ წამართვეს. გახსენებაც არ მინდა“,- ყვება ერთ-ერთი დაზარალებული.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2011 წელს, იძულებით დათმობილი სასოფლო-სამეურნეო მიწები, ადგილობრივების მოთხოვნის შესაბამისად, კანონიერ მესაკუთრეებს უკვე დაუბრუნდა. შინდისის თემის რწმუნებულის ალექსი მთავარაძის განცხადებით, ამჟამად, სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ 50 ჰექტრამდე მიწის ფართობია.
ამ დროისთვის, ყველა ნაკვეთი დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს და თვითონ განკარგავენ. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია საჯარო რეესტრში ნახოს. მხოლოდ 50 ჰექტრამდეა დარჩენილი სახელმწიფოს საკუთრებაში. ჩემი ინფორმაციით, მაშინ 1 ჰექტარზე 500 ლარს უხდიდნენ, ეს არის მიზერული თანხა. ამ პროექტის განხორციელებაზე, რომელსაც “მერებაშვილის ბაღების” სახელით იცნობენ ცოტა თანხა რომ არ დაიხარჯებოდა, ცხადია. სამი თვითმავალი მასხური გაკეთდა. გარდა ამისა მოსწორდა მიწის ფართობი და ეს სოლიდურ თანხებს უკავშირდება. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, ეს პროექტიც დასრულდა. მოსახლეობამ მოითხოვა საკუთრების უკან დაბრუნება და დაუბრუნეს კიდეც“,- განაცხადა ალექსი მთვარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები