გიორგი კალანდარიშვილი: პარტიების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო – ჩვენ მივმართეთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ მათ იხელმძღვანელონ კანონმდებლობის თანახმად და რეგისტრაციის პროცედურები დროულად განახორციელონ

მიმდინარეობს ყველა იმ სამუშაოების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ, პროფესიულ დონეზე განხორციელებას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო.

„მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. შეიქმნა საარჩევნო ოლქები, განისაზღვრა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები, მიმდინარეობს ყველა იმ სამუშაოების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ამ არჩევნების მაღალ, პროფესიულ დონეზე განხორციელებას. მათ შორის, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას ექნება ადგილი და, რა თქმა უნდა, ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მიგნებების ანალიზზე. დაიწყო პარტიების რეგისტრაციის პროცესი, რასაც ჩვენ საჯაროდ გამოვეხმაურეთ და მივმართეთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ მათ იხელმძღვანელონ კანონმდებლობის თანახმად და დროულად განახორციელონ რეგისტრაციის პროცედურები, რა თქმა უნდა, ვისაც ეს ეხება. იმ შემთხვევაში თუ პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრაცია არ ჰქონია ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის მას არ ეყოლება პარლამენტში წარმომადგენელი, მათ აქვთ ვალდებულება რომ 15 ივლისამდე უზრუნველყონ განცხადებით მომართვა და 25 ათასი ხელმოწერის წარმოდგენა, რათა შესაბამისი პროცედურების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები