ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელა. ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებულს სამ დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ათვლა დაკავებიდან, ანუ 14 იანვრიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, ინციდენტის მონაწილე პირი “ლელოს” აქტივისტია.
ბრალდებულის, ვახტანგ რობაქიძის თქმით, მან ოხანაშვილს ქვეყნის გამყიდველი უწოდა.
“ანრი ოხანაშვილს მივმართე გუშინ, რომ ის არის ქვეყნის გამყიდველი, მოღალატე. ამის გამო დარეკა პოლიციაში, დღეს დამაკავეს და მომისაჯეს სამი დღით პატიმრობა”, – განაცხადა დაკავებულმა.
შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. ბრალდებული ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, საქმე კი მომხდარ ფაქტზე სსკ-ის 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.