„ხატვის დროს სულ „შობის ვარსკვლავის” ლეგენდაზე ვფიქრობდი”…
ხატავს 3 წლის ასაკიდან. 6 წლის ასაკში ნახატების კონკურსში გაიმარჯვა და პირველი პრიზი მოიპოვა. ხატვას დიდ დროს უთმობს. 142-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა და უკვე 700-ზე მეტი ნახატის ავტორია. და ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს.
ამბობს, რომ მასწავლებელთან არასოდეს უვლია, თვითნასწავლი მხატვარია და ყველაფერს თვითონ სწავლობს. ხატვის გარდა უყვარს ცეკვა, სიმღერა, სპორტი, ბუნებაში სეირნობა…
4 პერსონალური გამოფენა უკვე ჰქონდა. ემზადება მე-5 პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება. – ელენე ელყანიშვილის პერსონა.
– გავიზარდე თბილისში, მოსიყვარულე ოჯახში… დედა – მაიკო ბედუკაძე პროფესიით სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი და ფსიქოლოგია… მამა – კონსტანტინე ელყანიშვილი, ეკონომისტი..
– პირველი ნახატები?
– ხატვა დავიწყე 3 წლიდან ფანქრით. ძირითადად, ვხატავდი ილუსტრაციებს. ცხოველებს გამოვსახავდი მოძრაობაში. 6 წლიდან კი სურვილი გამიჩნდა, ნამდვილი საღებავებით მეხატა და პირველი ნახატი ზეთით შევასრულე. ეს იყო ნატურმორტი, რომელიც ძალიან მოეწონათ და მას შემდეგ ხატვა ჩემი ყოველდღიური მოთხოვნილება გახდა.
– რომელი ფერი გიყვარს?
– თბილი ფერები მიყვარს, თუმცა ჩემი ნახატები ძალიან ფერადია.
– 6 წლის ასაკში მიიღეთ პირველი პრიზი….
– 6 წლის ასაკში პირველად მივიღე მონაწილეობა „ნიკორას” ნახატების კონკურსში, სადაც გამარჯვებულთა შორის აღმოვჩნდი. ეს ჩემთვის პირველი წარმატება იყო. გადმომცეს საჩუქრები და ჩვენთვის გამართულ ღონისძიებაზეც მიმიწვიეს.
– მასწავლებლებთან არასოდეს გივლია და უკვე 700-ზე მეტი ნახატი გაქვს. და მაინც, ყველაზე მეტად რისი დახატვა გიყვარს?
– ხატვის მასწავლებელთან არასდროს მივლია. თვითნასწავლი ვარ. ჯერ ძიების პროცესში ვარ და ამიტომ ჩემი ნახატები მრავალფეროვანია. ყველაფრის ხატვა მიყვარს – პეიზაჟების, ნატურმორტების, პორტრეტების. მომწონს მარინისტული, მოდერნისტული და აბსტრაქტული მხატვრობა. ვიყენებ შერეულ ტექნიკას, უფრო ხშირად კი ვხატავ ზეთით… ამ დროისთვის მაქვს 700-ზე მეტი ნახატი.
– 142-ე სკოლის მე-6 კლასში სწავლობ. როგორ უთავსებ ხატვას და სწავლას ერთმანეთს?
– ვსწავლობ 142-ე საჯარო სკოლის მეექვსე კლასში. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წლის პროცესში ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაინც ვცდილობ, სულ ვხატო. მაქვს შეკვეთებიც და ვცდილობ, სწრაფად ვისწავლო, რომ ხატვისთვის დამრჩეს დროც… საგნებიდან მიყვარს ხელოვნება, ისტორია, ქართული, ბუნება…
– გამოფენები…
– სულ მქონდა 4 პერსონალური გამოფენა. პირველი გამოფენა გაიმართა გასულ წელს გალერეა „ვაჩეში“, სადაც გადმომცეს სერტიფიკატი – „წლის აღმოჩენა“ და ეს იყო ჩემთვის უდიდესი სტიმული და სიხარული. მეორე გამოფენა გაიმართა საქართველოს პარლამეტში ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
მესამე პერსონალური გამოფენა მქონდა ჩემს 142-ე სკოლაში, ხოლო მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიმართა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სახელოვნებო ფესტივალზე – „100 გონება“, სადაც 100 უნიჭიერეს ხელოვანთა შორის აღმოვჩნდი მეც, ყველაზე პატარა მონაწილე…
– საქველმოქმედო გამოფენები…
– საქველმოქმედო გამოფენებში მონაწილეობა ჯერ არ მიმიღია, თუმცა სიამოვნებით და სიხარულით მივიღებდი მონაწილეობას.
– რას განიცდი გამოფენიდან გამოფენამდე?
– მეექვსე კლასში ვარ და ახლა აქტიურად ვემზადები ჩემი მეხუთე პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც გაიმართება იანვრის ბოლოს აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს გალერეაში… გამოფენიდან გამოფენამდე ჩემი ნახატების რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება. პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ დამთვალიერებლების წინაშე. გულით მიხარია, როდესაც მოსწონთ ჩემი შემოქმედება.
– საინტერესოა პორტრეტების სერია…
– ზოგადად მიყვარს სილამაზე, ყველა და ყველაფერი, რაც სილამაზესთან და მშვენიერებასთან ასოცირდება. ხშირად ვხატავ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანების პორტრეტებს..
– ჰობი…
– ხატვის გარდა ჩემი ჰობია – ცეკვა, სიმღერა, სპორტი. მიყვარს ბუნებაში სეირნობა. მშობლებთან ერთად მოვიარე ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე. ბუნებით ძალიან აქტიური ვარ და არ მიყვარს ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა.
– მომავალში აკადემიაში ჩააბარებ?
– დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო ინტერიერის დიზაინი, ამისთვის ბევრი შრომა და სწავლაა საჭირო. ვიცი, რომ ამ მიზნის განხორციელებას აკადემიური განათლების გარეშე ვერ შევძლებ. – როგორ დახატე რევაზ ინანიშვილი?
– ძალიან მიყვარს რევაზ ინანიშვილის შემოქმედება. მისი სიკეთით, სითბოთი და სიყვარულით სავსე მოთხრობები. შეუძლებელია, არ მოგინდეს დახატვა.
– შთაგონება…
– შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს. ხშირად გავდივარ მშობლებთან ერთად ბუნებაში და ვცდილობ, ბუნების ეს სილამაზე ტილოზე გადმოვიტანო.
ბევრჯერ რომელიმე ნაწარმოების წაკითხვის შემდეგაც გამჩენია შთაბეჭდილების ტილოზე გადმოტანის სურვილი. ხშირად ვათვალიერებ ცნობილი მხატვრების ნახატებს და არაერთხელ გამხდარა მათი ნახატებიც ჩემთვის შთაგონების წყარო… ზოგჯერ მიგზავნიან ინტერიერის სურათებს და მთხოვენ, დავუხატო ამ ინტერიერის შესაფერისი ნახატი. ამ დროს ვცდილობ, კარგი ნამუშევარი გამომივიდეს. მიხარია, როდესაც ჩემი ნახატები სხვისი ოთახის კედლებს ამშვენებს.
– საინტერესო ისტორია, რომელიც რომელიმე ნახატის შექმნას უკავშირდება?
– ჩემთვის ყველა ნახატი მნიშვნელოვანია. ყველას თავისი ისტორია აქვს. ძალიან მიყვარს აფხაზეთის თემაზე შექმნილი ნახატი, რომელიც სულ ახლახან დავხატე და დავარქვი – „სახლში დამაბრუნე“… შევეცადე, გადმომეცა ის ტკივილი, რომელსაც საკუთარ სამშობლოში იძულებით დევნილები განიცდიან.. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ყველა დევნილი შეძლებს, შეაღოს თავის სანატრელი სახლის კარი.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, გავხდე ცნობილი მხატვარი. ვიცი, რომ ამისთვის პროფესიული განვითარება და სწავლაა საჭირო. მინდა, ჩემი ნახატები გასცდეს საზღვრებს და მათი გამოფენის საშუალება მსოფლიოს რომელიმე ცნობილ გალერეაში მომეცეს…
– ნახატებში გაცოცხლებული საახალწლო განწყობა…
– საახალწლო განწყობას პატარაობის დროს უფრო ვხატავდი. დიდი ხანია, აღარ დამიხატავს ახალი წელი.
შარშან და წელს ახალ წელს ტაძარში ლიტონიობაზე შევხვდი. 1 იანვარს ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად გავატარე დრო… მიყვარს ახალი წელი..
– ულამაზესია შენ მიერ დახატული შობის ყვავილი…
– შობის ვარსკვლავი ძალიან მიყვარს. ლეგენდაც არსებობს. თურმე მექსიკაში ობოლ და-ძმას ტაძრისთვის შესაწირი არ ჰქონია და პუანსეტია მიუტანიათ. უფალსაც შეუწირია ბავშვების გულით მირთმეული შესაწირი და ყვავილი სასწაულად გაწითლებულა. მას შემდეგ პუანსეტია შობის მცენარედ ითვლება და საშობაოდ აუცილებლად წითლდება. ხატვის დროს სულ ამ ლეგენდაზე ვფიქრობდი. შობის დღესასწაული ჩემთვის უმთავრესია. ამ დღეს ქრისტე იშვა, ჩვენი მაცხოვარი… შობის ღამეს ხომ სასწაულები ხდება…
თამარ შაიშმელაშვილი