„გამოჯანმრთელების შემდეგ ჩემი ცხოვრების თითოეული წუთი დავაფასე“ – ანა ჯაჭვაძის ორი საყვარელი პროფესია

12 წლიდან მუშაობდა მოდელად აბრამ ბაზელის მოდის სახლში. ტექნიკურ უნივერსიტეტში სამკერვალო ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის კუთხით ჩააბარა, თუმცა ქსოვა, კერვა, ქარგვა, დედის წყალობით, ბავშვობიდანვე კარგად ჰქონდა ათვისებული.
ერთხანს მძიმე პერიოდიც ჰქონდა ცხოვრებაში. სახლში გადიოდა რეაბილიტაციას და საკუთარი თავისთვის და ბავშვებისთვის ქსოვდა. ონკოდაავადების დამარცხების შემდეგ კი მის ცხოვრებაში ქსოვა ისევ დაბრუნდა, რომელიც უკვე წარმატებულ ბიზნესად იქცა. წარმატებულია მეორე პროფესიაშიც.
ხშირად მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები იყიდება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ – იტალიაში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. – შეფ-კონდიტერის და დიზაინერის, ანა ჯაჭვაძის პერსონა.

–  ბავშვობიდან მოდელად მუშაობდით. ქსოვდით, კერავდით…
– ქსოვა 10 წლის ასაკში ვისწავლე, მხედველობის პრობლემის გამო დედა არ მასწავლიდა. ამიტომ საათობით ვუყურებდი დედას, როგორ ქსოვდა, როდესაც მარტო ვრჩებოდი, ჩუმად ვიღებდი ძაფს და ჩხირებს, ვქსოვდი, შემდეგ ვარღვევდი, რომ დედას არ ენახა, რადგან ექიმისგან აკრძალული მქონდა. შემდეგ, 12 წლის ასაკიდან, ებრაელი დიზაინერის მოდის სახლის მოდელი ვიყავი. პოდიუმზე სიარულის და მანერის შესწავლის გარდა, იქ შევისწავლე სამოსის მოფრთხილება, სიყვარული და პატივისცემა, როგორც ხელოვნების ნიმუშისა, ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებული პერიოდი.
– საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამკერვალო ნაწარმის მოდელირებისა და ტექნოლოგიის კუთხით ჩააბარეთ. სტუდენტობიდან რას გაიხსენებთ?
– სტუდენტობის პერიოდში, სამკერვალო ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის შესწავლამ გააღრმავა ჩემი ცოდნა და მომცა შესაძლებლობა, რომ კონსტრუირება და სწორი ტექნოლოგია შემესწავლა, როგორც კერვის, ქსოვის, ასევე თექაზე მუშაობის და ხალიჩების ქსოვის.
–   იყო რთული პერიოდიც, როცა ონკოდაავადებას ებრძოდით…
– ონკოდაავადებასთან ბრძოლის და განკურნების პერიოდში ქსოვას ვუთმობდი დიდ დროს, რადგან ეს იყო ერთგვარი არტ თერაპია, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლა ონკოპაციენტებს ვასწავლი ქსოვას და ვუზიარებ მკურნალობის პერიოდში განვლილ ჩემს გამოცდილებას.
– ქსოვა დაავადების დამარცხების შემდეგ დაიწყეთ. უკვე ბრენდიც შექმენით, თქვენი ნამუშევრები საზღვარგარეთ იყიდება… შემოქმედებითი წინსვლა ახალი ცხოვრების დასაწყისად იქცა… რომელ ნამუშევარს გამოყოფდით?
– ქსოვა ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ ვაქციე გამოჯანმრთელების შემდეგ, რადგან დავაფასე ჩემი ცხოვრების თითოეული წუთი, მანამდე ყველას საჩუქრად ვუქსოვდი და არ გამაჩნდა შემოსავლის წყარო. ჩემი პირველი ნამუშევარი დიდისთვის შევქმენი. ეს იყო მოსაცმლის  ექსკლუზიური მოდელი, რომელსაც არ გავიმეორებ.
– მეორე პროფესიაა შეფ-კონდიტერობაა. და მაინც, კონდიტერობა უფრო ახლოსაა თქვენთან თუ ხელსაქმე?
– კონდიტერია და კულინარიაც პატარაობიდან მიზიდავდა, რადგან 10/12 წლის ასაკში დამოუკიდებლად შემეძლო სადღესასწაულო სუფრის გაშლა 15/20 ადამიანზე, ესეც დედის წყალობით შევისწავლე, რადგან დედა შეუდარებელი კულინარი და კონდიტერია.
10 წელზე მეტია ვმუშაობდი თბილისის საუკეთესო სასტუმრო/რესტორნებში შეფ-კონდიტერად, ახლა მაქვს საკუთარი საკონდიტრო საწარმო “La Fusion”, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ფურშეტით და სადღესასწაულო ტორტებით მომსახურებას.
ამ ორივე საქმიანობიდან ვერცერთს გავმიჯნავ ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ეს ორი პროფესია არის ის, რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო.
– როდის ქსოვთ?
– ფაქტობრივად თავისუფალი დრო არ მაქვს. ტრანსპორტში სულ ვქსოვ, განაწილებული მაქვს დრო და, მოთხოვნილებიდან გამომდინარე, ვუთმობ ორივეს დროს.
– ოჯახი… შვილები…
– ვერ ვიქნებოდი ასეთი წარმატებული, რომ არა ჩემი მშობლების, შვილების და მეგობრების თანადგომა. ორივე ჩემი საქმიანობა გადაიქცა ოჯახურ ბიზნესად.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად საკონდიტრო საწარმოს გაფართოებაზე ვმუშაობთ და დავამატეთ საკონდიტრო საბაზისო შემსწავლელი კურსი.
რაც შეეხება ნაქსოვების ბრენდს “Anna J”, ვემზადებით საერთაშორისო გამოფენებისთვის და ვამზადებთ ახალ კოლექციას – ბავშვების ნაქსოვ სამოსს, ასევე გვაქვს კორპორაციული შეკვეთები.– შთაგონება?
– შთაგონება, რა თქმა უნდა, ყველა ხელოვან სჭირდება, ჩემთვის ეს შეიძლება კონკრეტული ძაფისგან წამოვიდეს ან ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იყვნენ შთაგონების წყარო, ან თუნდაც ამინდი.
– რას ნიშნავს, იყო ძლიერი ქალი?
– ძლიერი ქალი, ჩემთვის არის ადამიანი ინდივიდი, რომელიც შემდგარია პიროვნებად, როგორც პროფესიულად, ასევე პირადულად. იცის, რა უნდა ცხოვრებაში, აქვს მიზნები და ამ მიზნებისთვის შრომობს, სწავლობს და ვითარდება.–  რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– რაც შეეხება ჩემს ირგვლივ, არაფერს შევცვლიდი, რადგან თითოეულმა გარემოებამ, ცხოვრებისეულმა გამოწვევამ და დრომ გამხადა ის, ვინც ახლა ვარ.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები ამოუწურავია, რადგან ყოველი დასახული მიზნის შესრულების შემდეგ ახალი მიზანი ჩნდება.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები