„ემიგრანტებს ჩახუტებული მიჰქონდათ წიგნი, ჩემი ავტოგრაფით“… – ქალბატონი, ვისი დიდი თანადგომის იმედიც აქვთ იტალიაში
დაიბადა თელავში, დაამთავრა მეხუთე საშუალო სკოლა, ბავშვობიდან წერდა ლექსებს. ოთხი წელია იტალიაშია. იქ შეიქმნა პირველი პროზაული ნაწარმოები ემიგრანტულ ცხოვრებაზე. წიგნში „იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია“, ოთხი მოთხრობა გაერთიანდა, რომელიც რეალურ ამბებს გადმოსცემს. გაზაფხულზე იტალიის ქალაქ ბარიში ჰქონდა წარდგენა, წიგნი ემიგრანტებმა სიყვარულით მიიღეს.
არ იცის, როდის დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ემიგრანტების თხოვნით, ლექსების მეორე კრებულის გამოცემას აპირებს…
ემიგრანტული ჯგუფის „ქართული დიასპორა იტალიაში“ ადმინია. ეხმარება იქ ჩასულ ქართველებს. ამბობს, რომ, როგორც შეუძლიათ, იმსუბუქებენ ემიგრანტულ ყოფას. – მწერალ ლელა ლაჩაშვილის პერსონა.
– ბავშვობა, ჩემი თელავი, ნადიკვარი, ბატონის წყალი, დაბახნები… ზაფხულს ბორჯომში, დეიდასთან ვატარებდი. ზღვაზე სოხუმში დავყავდით მშობლებს მე და ჩემი და.
კარგი ბავშვობა მქონდა, თელავში იტალიურ ეზოში გავიზარდე. მახსოვს პირველი ლექსი კატაზე და თაგვზე დავწერე. ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ეთამაშებოდა ჩემი მეზობლის ჭრელი კატა მსხვერპლს. გაუშვებდა და ისევ დაიჭერდა. ეტყობა ამან იმდენად იმოქმედა, ზეპირად ვთქვი ლექსად და დედამ ჩაიწერა. მერე ასე იყო ყოველთვის, ვიდრე წერას ვისწავლიდი.
– ბავშვობიდან წერდით ლექსებს. ბეჭდავდით მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში… რაზე გწყდებათ გული?
– სკოლის ასაკში ვიბეჭდებოდი მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში და მერე ჩემს სახელზე უამრავი წერილები მოდიოდა, რომელსაც სკოლის დირექტორი, ერთგვარი რიტუალით გადმომცემდა ხოლმე.
გული მწყდება, იმაზე რომ ადრე გავთხოვდი და ბევრ რამეზე დავიხიე უკან ამის გამო. პირველი შვილი გარდამეცვალა 11 წლის ასაკში, წარმოიდგინეთ თვითონ ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდას მომიწია ონკოლოგიურ საავადმყოფოებში სამი წელი ცხოვრება. ცხოვრება ჰქვია როცა თვეობით ვერ გამოდიხარ გარეთ. როცა შენ თვალწინ ბავშვები ჩიტებივით იხოცებიან და ვერაფერს შველი. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, არ შემიძლია, მისი ასაკის გოგონებს გულგრილად შევხედო და მითუმეტეს აქ, ემიგრაციაში.
შორენა რომ გარდაიცვალა, ნიკაზე ფეხმძიმედ ვყოფილვარ და არ ვიცოდი. ასე მეყოლა რამდენიმე თვეში ნიკუშა. ახლა ორი ბიჭის დედა ვარ – დავითის და ნიკა სი. დავითი დიდია დაოჯახებულია და ორი ბიჭი ჰყავს. რამდენჯერმე ჩამომაკითხა იტალიაში. ნიკამ წელს დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტი.
– სანამ იტალიაში წახვიდოდით, 30 წელი ძველ თბილისში, პურის მოედანზე ცხოვრობდით…
– თბილისში 30 წელი იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და აქ, იტალიაში, მივხვდი, რატომ ჰქვია იტალიური ეზოები ძველი თბილისის ეზოებს. იტალიაში ფანჯრიდან რომ გადასძახებს მეზობელი მეზობელს, დღეს რა ჭამეო ან რა უნდა ჭამოო, შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, თუმცა მე, პურის მოედანზე ნაცხოვრებ ქალს, როგორ გამაკვირვებდნენ, სულ ზეპირად ვიცოდი, ჩემი სომეხი მეზობელი ტოლმას როდის ამზადებდა და ებრაელი მეზობელი – ქაშერს.
აქ ყველა ქალაქშია ძველი ქალაქი, „ჩენტრო სტორიკოს“ ეძახიან. ძველ იტალიურ ფილმებში რომ გინახავთ, ასეა მიდგმული ერთმანეთზე სახლები და ქუჩები იმდენად ვიწროა, სამი ადამიანი გვერდიგვერდ ვერ გაივლის.
ზაფხულში იტალიელი ქალები თავიანთი სახლების წინ გამოიტანენ სკამებს, სხედან და მუსაიფობენ, აივნები ისეა ერთმანეთზეა მიბჯენილი… ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ, სახლში, რაც უნდა ჩუმად ილაპარაკო, მეზობელს მაინც ესმის.
ასე იყო თბილისში, ჩვენს ეზოშიც. ერთი გვქონდა ჭირი და ლხინი. ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, პატარა ბიზნესი მქონდა, ტურისტებზე გათვლილი ქართული სასმელების მაღაზია და სუვენირები.
მოგების რა გითხრათ და, ჩემი პოეტი მეგობრები ხშირად მსტუმრობდნენ. ბევრი კარგი ლექსიც დაწერეს შეზარხოშებულმა პოეტებმა. იმ პერიოდში ხშირად ტარდებოდა პოეზიის საღამოების პრეზენტაციები, ფესტივალები. მაშინ, ძირითადად, ამ წრეში ვტრიალებდი და თითქმის ყოველ დღე მიწევდა წასვლა. გულს ვერ დაწყვეტდი მეგობრებს.
– ლექსების პირველ კრებულს „ჩემი ფანჯრიდან“ ერქვა…
– ლექსების პირველი კრებულის წარდგენა მაჩაბელზე, მწერალთა სახლში მქონდა. „ჩემი ფანჯრიდან“ – ასე ერქვა წიგნს და ყდაზე ძველი თბილისის ხედი – ნარიყალა და ქართლის დედა ჩანდა. იტალიაში წამოსვლა რომ გადავწყვიტე, მეგობრებს არ სჯეროდათ, რომ სამუშაოდ მოვდიოდი. მერე დარწმუნდნენ და იფიქრეს, მობეზრდება და მალევე ჩამოვაო.
თავიდან მეც ასე მეგონა, თუმცა ყველაფერმა მიჩვევა იცის და მეც მივეჩვიე აქაურ ყოფას.
– ამასობაში დაიწერა ახალი წიგნი – „იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია“…
– სამი წელია, ემიგრანტული ჯგუფის ადმინი ვარ. ამ წლების მანძილზე ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ემიგრანტებთან, ათასი რამე უჭირთ აქ ქართველებს, ხანდახან უბრალოდ გულშემატკივარი და მსმენელი სჭირდებათ და მიყვებიან თავიანთ თავგადასავალს. ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გადავწყვიტე, პროზაში მეცადა ბედი. ასე დაიწერა „იქ, სადაც შენ არ ხარ, ზღვებია“.
შვიდი თვე ვწერდი ამ ისტორიებს, ასე პირდაპირ ჯგუფში იწერებოდა, რედაქტირებას ვერ ვასწრებდი, ყოველდღე თითო თავს ვდებდი საიტზე და მკითხველი მოუთმენლად მელოდა. რამდენჯერ მატარებელში მოსულან ჩემთან, ხან ქუჩაში გავუჩერებივარ უცხო ადამიანებს (სურათიდან მცნობდნენ), ქალბატონო ლელა, შემდეგ თავში რა იქნება, გვითხარით და არავის ვეტყვითო. მეცინებოდა, ჯერ მეც არ ვიცი, რას დავწერ-მეთქი. მერე მთხოვეს, წიგნად გამომეცა. ინტერნეტში ყველა თავს ვერ კითხულობდნენ, ზოგჯერ დაეკარგებოდათ და განიცდიდნენ.
ავასრულე მათი სურვილი და გამომცემლობა „კალმოსანმა“ ერთ თვეში დამიბეჭდა. პოეტი მაიკო მიქაია დამიდგა გვერდით და გამიმზადა ოთხი მოთხრობა საწიგნედ.
– ამ წიგნის წარდგენამ ბარიში დიდი მოწონებით, საოცრად თბილ გარემოში ჩაიარა...
– სხვადასხვა ქალაქიდან აბარებდნენ ერთმანეთს წიგნებს და ასე, ჩახუტებული, მიჰქონდათ ემიგრანტებს ჩემი ავტოგრაფით. არც იყო გასაკვირი, ეს ხომ მათი ჭირ-ვარამის წიგნი იყო, რაზეც ახლობლებთან არ ლაპარაკობენ. წიგნი თბილისში, „ბიბლუსის“ ათ მაღაზიაში იყიდება. სულ ვამბობ, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, აღარ მოუნდება იტალიაში წამოსვლა, ან თუ წამოვა, ეცოდინება, სად მოდის და როგორ უნდა მოიქცეს.
– ლექსების კრებულიც გამოეცით… ალბათ სათქმელი განსხვავებულია – იტალიაში წასვლამდე და წასვლის მერე დაწერილი ნაწარმოებების?
– ახლა ლექსს იშვიათად, მაგრამ მაინც ვწერ. პროზა სულ ერთთავად გონებაში მიტრიალებს… ვფიქრობ, ერთხელაც მზად ვიქნები და დავწერ. ემიგრაციაში დაწერილი ლექსების კრებულის გამოცემა მინდა. მომავალ წელს ალბათ ამას შევძლებ. აქაური მკითხველი ელოდება კრებულს. აქ სხვანაირი გახდა ჩემი პოეზია – უფრო მკაცრი და პირდაპირი, რომანტიკა ნაკლებია… ალბათ ცხოვრებაა ასეთი. აქ ადამიანი ტლანქდება, რომ მარტოა და თავისი თავის მეტი პატრონი არ ჰყავს.
– ემიგრანტული ჯგუფი გაქვთ –„ქართული დიასპორა იტალიაში“. ეხმარებით ემიგრანტებს დასაქმებაში…
– ახლა ემიგრანტული ჯგუფი მაქვს „ქართული დიასპორა იტალიაში“. როგორც შემიძლია, ვეხმარები გოგონებს, ზოგს სამსახური სჭირდება, ზოგს ბინა, ზოგს ტრანსპორტი, ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას და ასე ვიმსუბუქებთ ემიგრანტულ ყოფას.
ბევრ რამეზე მტკივა გული. სხვა ეროვნების წარმომადგენლები მეტად უდგანან ერთმანეთს მხარში. ქართველები ამ მხრივ ძალიან მოვიკოჭლებთ, თუმცა ღმერთმა დაიფაროს, ყველა ერთნაირი იყოს. მეტი შეგვიძლია, უამრავჯერ ვთქვი და შეიძლება ბევრს თავი მოვაბეზრე, მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია.
ქართველი ქართველს სამსახურს არ უნდა ასყიდებდეს! თუ პოლონელებს, რუმინელს, უკრაინელებს შეუძლიათ, უფულოდ მისცენ ერთმანეთს სამსახური, ჩვენ რა გვჭირს, ხალხნო, ამისთანა? ვალებით წელში გაწყვეტილი ადამიანი ჩამოდის და, ზოგიერთების „წყალობით“, აქაც დიდხანს ვერ იმართება წელში. რაც მეტი თანადგომა გვექნება ერთმანეთისადმი, მალე დავბრუნდებით. იქ ხომ უნდა შევხედოთ ერთმანეთს თვალებში?
– შორიდან დანახული საქართველო…
– აქაური გადმოსახედიდან არც საქართველოშია უკეთესი სიტუაცია, ხალხმა ერთმანეთის სიყვარული დაკარგა. დაუნდობლად ტკენენ გულს ერთმანეთს. რაც ერი, ის ბერიო – ნათქვამია და თუ საქართველოში არ დათბა სიტუაცია, არც აქ გვეშველება არაფერი. ქართველი ქართველში მტერს არ უნდა ხედავდეს. ჭირის დროს რომ გვჩვევია გაერთიანება, ისე უნდა ვიყოთ, სულ თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ აქაც და საქართველოშიც.
– თქვენი ლექსები?
– ორ ლექსს შევთავაზებ „კვირის“ მკითხველს:
***
ძვლებიც მტკივდება, დაჟინებით ბოლოდროს რაღაც….
კალცის კოლოფი, ძველი, სარკე, – ნივთი პირადი…
„შიშველი ქალი“ ეს, ნახატი მაგონებს ღალატს…
ვსუნთქავ ხმამაღლა და სავსე ვარ ზღვებით პირამდის.
მკლავს აივანი, სიგარეტი, ხველა და
იქ, დგას
ტელევიზორთან, მწვანე გვიმრა, ჩემი ოთახის,
მე, გეკითხები: ერთხელ სადმე მოვიდე, გინდა?
როგორც წვიმა და კანტიკუნტად ოღონდ ცოტა ხნით.
გავდივარ გარეთ… ნაბიჯები, ბაღი, პიაცა,
აქ, იკვეთება ვიწრო ჩიხით ქუჩა ქვიანი…
იტალიურად მიმეორებს სიტყვას, ვიღაცა.
მე, შენზე ვფიქრობ, თუ ღმერთი გწამს, რამე თქვი მაინც…
დაგტოვო? – რა ვქნა დაცემაა, თუ „tira mi sù“,
ჰაერი, კვამლი, ალკოჰოლი, სხვა რა მეტი რო…
სულ მეშინია, როცა გხედავ კარებთან მისულს,
ვაითუ, ამ ერთ სიცოცხლეში არ დამეტიო.
სახლი… (ემიგრანტული)
ცხელი შუადღე აქ, „პომერიჯო“,
რთული სიმშვიდე სრული გაგებით,
ქუჩაში ყოფნა ყველაფერს გიჯობს…
სახურავები, ჯუჯა ხეები
და აივნები მიაქვს ყვავილებს.
ქარი კედლებზე სახეს იხოკავს.
აქ, აზრი არ აქვს, რა გზით გაივლი,
თუ ჩარკვიანის „გარსია ლორკას“
უსმენ და სახლი… „მას ჰქონდა სახლი“,
გითრევს სიტყვები რიტმით აკორდის.
მიჰყვები ქუჩას და თვალებდახრილ
სევდას, მშობლიურ სახლზე აბოდებს…
ცხელი შუადღე აქ, „პომერიჯო“
მზე შუბისტარზე (იქნებ მახვილის)…
ცარიელია ქუჩები იმ დროს
და შენ უბრალოდ უნდა გახვიდე
შენი თავიდან,
სახლი თუ არ გაქვს…
თამარ შაიშმელაშვილი