მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საქმე ეხება პაატა თაბუკაშვილის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენას 10 წლის ბავშვთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.
თაბუკაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მის უდანაშაულობაში დაარწმუნა. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, სხვა კომენტარს ჭაბაშვილი არ აკეთებს.
თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით კი ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია. მისივე თქმით, თაბუკაშვილს ივნისში სასამართლომ 6 თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
„არაფერი ვიცი. თქვენი ზარის შემდეგ გახდა ჩემთვის ამ ფაქტის შესახებ ცნობილი, ვინაიდან საქართველოში არ ვიმყოფები. 5 წელია გაშორებულები ვართ, დაძაბული ურთიერთობა, სასამართლო დავა გვქონდა. ბოლოს, ერთმანეთს სასამართლოში შევხვდით ერთი, თუ ორი თვის წინ. მას შემდეგ პაატა არც მინახავს და არც სატელეფონო კავშირი მქონია. სასამართლომ ივნისში ჩემი და ჩემი მცირეწლოვანი შვილის მიმართ 6-თვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, ვინაიდან ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. ბავშვები ახლა ბებიასთან და ჩემ დასთან, საიმედო ხელში არიან. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ შორის დავა ვერ მოგვარდა, ვინაიდან უნდოდა, ბავშვები ჩემთვის ჩამოეშორებინა“, – აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, თაბუკაშვილი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ნათია სამხარაძე 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. თავის მხრივ, ყოფილი ცოლი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”