ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სახეში გამარტყა… ქუცნაშვილი კონფლიქტში არ ჩარეულა – რა მოხდა აჭარაში
გონიოს პლაჟზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი არეშიძე გონიოს პოლიციამ უკვე გამოკითხა. ირაკლი არეშიძის თქმით, მას ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სახეში ხელი გაარტყა.
„თავიდან სასტუმროს აივნიდან დავინახე, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ჩემს ნაცნობ ქალებს ეკამათებოდა. დავუძახე, გავრილოვის მონა ხარ, შენს გამო ხალხი ციხეში ზის-მეთქი. ჩამოდი, აბა, ქვემოთო, დამიძახა, მაგრამ არ ჩავედი… შემდეგ ჩემოდნები ჩავალაგე, სასტუმროს დღეს ვტოვებდი და შესასვლელთან ზაქარია ქუცნაშვილი ცოლთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად დამხვდნენ. დაცვის თანამშრომელმა მკითხა, რა ხდებოდაო და ვუთხარი, რომ უბრალოდ, პროტესტი გამოვხატე. მერე ქალმა მკითხა, ვის უწოდე შენ მონაო და შენს მეუღლეს-მეთქი. ამ დროს გამარტყა ხელი სახეში… ზაქარია ქუცნაშვილი კონფლიქტში არ ჩარეულა,“ – გვიყვება ირაკლი არეშიძე.
ირაკლი არეშიძის თქმით, ადგილზე მისულ პოლიციას არ მოუხდენია იდენტიფიცირება, ვინ მონაწილეობდა კონფლიქტში და გამოკითხვაზე ამ კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები არ წაუყვანიათ. ირაკლი არეშიძე ასევე ამბობს, რომ ამ შემთხვევას კიდევ ორი პირი შეესწრო.
„ბათუმელებმა“ სცადა ზაქარია ქუცნაშვილთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: ბათუმელები