„სიზმარი ვნახე, რომ შვილისთვის მარიამი უნდა დამერქმია“… – დღიურები, სადაც მოგონებები ცხოვრობენ

„ენა ღირსების ნაწილია. თუ ღირსება არ გაქვს, ვერც ერთი და ვერც ასი დეპარტამენტი მას ვერ დაგიბრუნებს“…

დაიბადა თბილისში. დაამთავრა  თბილისის მე-100 საჯარო სკოლა, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
პირველად მუშაობდა გაზეთ წიგნის სამყაროში, შტატგარეშე კორესპონდენტად. 1984 წლიდან  1997 წლამდე კი – კინოსტუდია ქართულ ფილმში
მერე თანდათან, მრავალი სხვადასხვა სამსახური შეუნაცვლა  ერთმანეთს – იქნებოდა ეს  ჟურნალ-გაზეთები თუ ტელევიზიები, იყო რედაქტორი, პროდიუსერი
ამჟამად  მედიაჰოლდინგ კვირის“ კორექტორია და პარალელურად  კერძო რეპეტიტორი.
ლექსებს ბავშვობიდან წერს. ამბობს, რომ ლექსი მისი ცხოვრებაა, ულექსოდ არასდროს უცხოვრია.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. – ფილოლოგისა და პოეტის, თამარ უჯმაჯურიძის პერსონა.

– ოჯახი არის ადგილი, სადაც საყვარელი ადამიანები სუნთქავენ. თუ ეს ასე არ არის, ოჯახი ოჯახი არაა.
მე მქონდა ბედნიერება, მეცხოვრა სიყვარულით სავსე ოჯახში და ლამაზ ზღაპარში, მაგრამ მხოლოდ 9 წლამდე…მერე მამამ დაგვტოვა და მგონი ბავშვობაც დამთავრდა.
ბავშვობაში რაღაც სხვანაირი ვიყავი – არ მიყვარდა სათამაშოები, ყველაზე უკეთ ბუნებაში ვერთობოდი, განმარტოებით. 6 წლამდე, ძირითადად, სოფელში, გურიაში ვიყავით და მეც, ჩვეულებრივი სოფლელი ბავშვივით, ვკრეფდი ჩაის, ვეხმარებოდი იქაურ გლეხებს… არც არავინ მიშლიდა, რისთვისაც ჩემი მშობლების მადლობელი ვარ – უბრალო ხალხთან ურთიერთობამ განაპირობა, რომ დედისერთობისა და უზრუნველი ცხოვრების მიუხედავად, არასდროს ვყოფილვარ ეგოისტი ან ქედმაღალი. იქ, გურიაში ვისწავლე ბუნების ენაც და ბუნებასთან განმარტოების სიტკბოც.
– თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ფილოლოგობა ძალიან უცნაურად გადავწყვიტე: მეხუთე კლასიდან ინგლისურ ენას ვსწავლობდი და უცხო ენის სპეციალისტი მინდოდა გამოვსულიყავი. მაშინ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები აგვისტოში იწყებოდა. გამოცდები რომ მოახლოვდა, დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩაბარების, დიდი კონკურსის გამო,  რატომღაც შემეშინდა და საბუთები ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე, სადაც, როგორც გაირკვა, უფრო დიდი კონკურსი იყო. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს – ახლა ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა, ფილოლოგი არ ვყოფილიყავი. აზრადაც არ მომდის, რას გავაკეთებდი ამ პროფესიის გარეშე.
უნივერსიტეტში არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა. მათი სიტყვები დღემდე მახსოვს და ახლა ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი. თანაკურსელებშიც გამიმართლა – ჩემი მეგობრები დღეს წარმატებული და საამაყო ადამიანები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი პროფესიით არ მიმუშავია, ვგრძნობდი, რომ ფილოლოგობა ყველა ახალი პროფესიის ათვისებაში მეხმარებოდა. მიხარია, რომ ბოლოს, მაინც ჩემს პროფესიას დავუბრუნდი და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ვიცი და მიყვარს. ეს გამართლებაა და თან სერიოზული.
გაზეთ წიგნის სამყაროში შტატგარეშე კორესპონდენტად მუშაობდით. ეტყობა, წერაც გიყვარდათ ადრიდანვე…
– წერა იმ დროიდან მიყვარს, რაც წერა-კითხვა  ვისწავლე. ახლა, ამ გადასახედიდან, ვხვდები, რომ ეს ჩემი ყველაზე მთავარი საქმეა. იყო დრო, როცა ვხატავდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი, ოცამდე სიმღერაც მაქვს საკუთარ ტექსტზე, მაგრამ ეს ყველაფერი მოდიოდა და მიდიოდა, წერა კი ცხოვრებაში არასდროს შემიწყვეტია.
,,წიგნის სამყაროში“ ჩემი პირველი ,,ნაღვაწი“ პოეტ თემურ ჩალაბაშვილის პირველი წიგნის რეცენზია იყო. მახსოვს, თემურმა დამირეკა და თბილი რეცენზიისთვის მადლობა გადამიხადა, რითაც დღემდე ვამაყობ. აქაც გამიმართლა – თემურს პირადად ვიცნობდი, თორემ სხვა ავტორი რომ შემხვედროდა, კაცმა არ იცის, სრულიად ახალგაზრდა, როგორ გავართმევდი თავს პირველ დავალებას. არადა, ჩვენი ნაცნობობის შესახებ რედაქციაში არაფერი იცოდნენ.
ათ წელზე მეტხანს კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში  მუშაობდით
– კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში” მე ცხოვრება ვისწავლე. კინო საოცარი სამყაროა, სრულიად განსხვავებული ყველაფერ დანარჩენისგან. აქ არის ურთიერთობები, რომელსაც სხვაგან ვერსად წააწყდები, აქ არიან ადამიანები, რომლებიც დაუვიწყარ კადრებს ქმნიან და თავადაც ამ კადრებით იქმნებიან. თუ ერთხელ მაინც მოხვდები გადასაღებ მოედანზე, აღარასოდეს დაგავიწყდება. ეს ერთგვარი ,,ჭაობია“, რომელშიც სიამოვნებით ეფლობი და საიდანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია.
დღემდე მენატრება მაგიური სიტყვა ,,მატორ”, რომლითაც იქ, კინოში ყველაფერი იწყება. სწორედ კინოში, დიდ არტისტებთან ურთიერთობისას, მივხვდი, რომ რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო თავმდაბალია. ეს ბუმბერაზი მსახიობები, საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები, გადასაღებ მოედანზე ჩემთან ერთად რომ წაიხემსებდნენ ხოლმე, ყველაზე ამაყი ვიყავი ქვეყნად.
– უამრავ სხვადასხვა ადგილას მუშაობდით… სასჯელაღსრულების დეპარტამენტშიც კი… ეს სია მრავალფეროვან სპექტრს მოიცავს. რატომ არ მუშაობდით სპეციალობით, ფილოლოგად?
– 90-იან წლებში ქართული კინო თითქოს დამთავრდა. არავინ არაფერს იღებდა. კინოსტუდია – ადგილი, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა, ნასახლარს დაემსგავსა. მერე მისი დიდი ნაწილი უჩვენოდ გაასხვისეს და იქ დაბრუნებაზე ჩემი ოცნებაც დასრულდა. მივხვდი, რომ რაღაც ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო ჩემს ცხოვრებაში, რაღაც ახალი საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი, დეპრესია მომიღებდა ბოლოს. ჩემი ფილოლოგობა მაშინ არავის სჭირდებოდა, თავი უნდა გადამერჩინა.
და დაიწყო გაუთავებელი ექსპერიმენტები. ეს საკუთარი თავის გამოწვევას ჰგავდა საშიშ შეჯიბრში…
გამიჭირდა. ძალიან. გამიჭირდა შეგუება, გადახარშვა, გაგება… მაგრამ მოვახერხე, მოვახერხე ყველგან და რაც მთავარია, საკუთარ თავს მოვუგე ორთაბრძოლა. ყველა სამსახურმა რაღაც მასწავლა, რომელიც მერე ახალ სამსახურებში წამადგა სასიკეთოდ. ასე დაგროვდა ცოდნა და გამოცდილება.
– ოჯახი, მეუღლე, ერთი შვილი გყავთ… შვილს მარიამი შემთხვევით არ დაარქვით… ანუ ფიქრობთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება?

მარიამი

– მყავს მეუღლე და ერთი შვილი – მარიამი, რომელსაც 10 წელი ველოდით. როცა იმედიც ნელ-ნელა გადაიწურა, სიზმარი ვნახე (მას შემდეგ სიზმრების მჯერა), სადაც ერთგვარად მიმენიშნა, რომ შვილისთვის მარიამი უნდა დამერქმია, არადა, სულ ვიცოდი, რომ თუ ოდესმე გოგო მეყოლებოდა, თინათინს დავარქმევდი – დედასაც  თინა ერქვა და დედამთილსაც, ორივეს გავახარებდი.
მარიამი მარიამობის თვეში გაჩნდა, დღესასწაულამდე შვიდი დღით ადრე.
შემთხვევით მართლა არაფერი ხდება, შემთხვევით არც ერთ ადამიანს არ ვხვდებით ქვეყნად,  შემთხვევით არ მოდის არც წარმატება და არც განსაცდელი, ოღონდ ერთია – ყველაფერი, რასაც მერე მოვიმოქმედებთ, ამ შეხვედრების, ამ განსაცდელების, ამ წარმატებების შემდეგ, ეს უკვე ჩვენია, ჩვენი ნამოქმედარი და პასუხიც ჩვენვე მოგვეთხოვება.
მე ყოველთვის ასეთი მაგალითი მომყავს, როცა ბედისწერაზე ლაპარაკობენ: შეიძლება გახვიდე სახლიდან და გზაზე ლოდი შეგხვდეს. ის, რომ ლოდი  შეგხვდა, ბედისწერაა, მაგრამ როგორ ვიქცევით ჩვენ? ლოდს შეიძლება გვერდი აუარო და გზა გააგრძელო; ლოდი შეიძლება აიღო და მისგან რამე გააკეთო; ლოდს შეიძლება ფეხი წამოჰკრა და კისერი მოიტეხო – აი, ეს შენი ნებაა, შენი გადასაწყვეტი და აქ განგება აშკარად მარტოს გტოვებს საკუთარ თავთან, აღარაფერში ერევა. მე ასე მგონია.
– ჰობი…

შვილიშვილები

– ადამიანებთან ურთიერთობა, მოგონებების შეგროვება – ჩემი სახლი სავსეა ჩემი დღიურებით, სადაც ჩემი და ჩემი ქვეყნის დღეები ცხოვრობენ. მე ისინი მიყვარს.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– შესაცვლელი არაფერია, დასაბრუნებელია მხოლოდ. ადამიანებს ღირსებას და ღიმილს დავუბრუნებდი, სითბოს, რომელიც სადღაც დაკარგეს. ჩემს ქალაქს ძველი ქალაქელებით ავავსებდი, რომელთაც თბილისი უყვართ. ქვეყანას დაკარგულ სამოთხეს – აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავუბრუნებდი, სამყაროს – სიყვარულს. ეს ყველაფერი არის, ოღონდ დასაბრუნებელია.
– ქართული ენის  სიწმინდეზე დღეს არავინ ზრუნავს, თუმცა დეპარტამენტი შეუქმნეს. ამახინჯებენ როგორც ჟურნალისტები, ისე რიგითი ადამიანები… როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება?
– ენა ღირსების ნაწილია. თუ ღირსება არ გაქვს, ვერც ერთი და ვერც ასი დეპარტამენტი მას ვერ დაგიბრუნებს. როცა სხვისი ენა, რაგინდ მდიდარი და ლამაზიც უნდა იყოს, შენსას გირჩევნია, ღირსება და თავმოყვარეობა გაკლია. მთელი უბედურება კი ისაა, რომ ადამიანები წიგნს აღარ კითხულობენ. უწიგნურმა ადამიანმა  ლექსიკური მარაგი დაკარგა,  ვეღარ გრძნობს საკუთარი ენის სიდიადეს და ენაც ფეხებზე ჰკიდია და სამშობლოც, მთავარია, სათქმელი გაგაგებინოს. ენა   მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებად იქცა და ეროვნულობის დატვირთვა მოაკლდა.
ვფიქრობ, გამოსავალი განათლების დონის ამაღლებაში უნდა ვეძებოთ, მგონია, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული განათლებაზე უნდა დაიხარჯოს.
არა, არაფრის მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ეს ენა არ მოკვდება, ისე, როგორც ეს ქვეყანა არ გადაშენდება, მაგრამ მოსასმენადაც და წასაკითხადაც ძნელი ასატანია ახალდამკვიდრებული, ქართულისთვის სრულიად შეუთავსებელი გრამატიკული ფორმებიც და  ბარბარიზმებიც.
– მუშაობთ მედიაჰოლდინგ კვირაში კორექტორად და პარალელურად, კერძო რეპეტიტორი ხართ... პარალელურად დიდი ოჯახი – შვილი, შვილიშვილები  თავისას მოითხოვს…
– ნამდვილად არაა ადვილი, ამდენ ნაწილად გაიყო,  ყველას და ყველაფერს მთლიანი სჭირდები. ჯერ მარტო,   ოთხი შვილიშვილი მყავს სახლში და ოთხივე გთხოვს, მხოლოდ მისი იყო. მოსწავლეებთანაც მთლიანად უნდა დაიხარჯო, ისე არ მოგისმენენ. ვმუშაობ ერთ-ერთ ჟურნალშიც, რომელიც ტურისტებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის შეიქმნა და პასუხისმგებლობა იმდენად დიდია, რომ წუთითაც ვერ მოდუნდები.
ვმუშაობ მედიაჰოლდინგ ,,კვირაში”, თუმცა მე იქ არ ვმუშაობ – ის ჩემი მეორე სახლია და სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე კარგად ვისვენებ.
მოკლედ, ვიღლები, ცხადია, ხანდახან ისეც, რომ მეჩვენება, ყველაფერს მოვეშვები, მაგრამ მერე საიდანღაც მოდის უშველებელი ენერგია და მძაფრი შეგრძნება იმისა, რომ ეს დაღლა ბედნიერებაა, გამართლებაა და ღვთის საჩუქარი, ვხვდები, რომ საჭირო ვარ და ხშირად აუცილებელიც და რომ სწორედ ესაა სიცოცხლის ხიბლი. აი, ეს შეგრძნება მაწყებინებს დღეს თავიდან, საქმეს თავიდან და სიყვარულსაც  თავიდან.
– წერთ ლექსებს… როგორ იწერება ლექსი?
–  ლექსებს სულ ვწერდი და დღემდე ვწერ, ისე, ჩემთვის. არასდროს მომსვლია აზრადაც გამოქვეყნება. ის კი არა, უახლოესი მეგობრებიდანაც სულ ორს ჰქონდა წაკითხული რამდენიმე მათგანი. სოციალურმა ქსელმა ,,მიშველა“, აქედან გაიგო უმეტესობამ, რომ ვწერ.
ლექსს ტკივილი გაწერინებს, შენი ან სხვისი ტკივილი, რომელსაც საკუთარივით განიცდი. უტკივილო ლექსი უმარილო კერძს ჰგავს, სულ რაღაც აკლია. ჩემი სათქმელიც ტკივილია, მაგრამ რაკი ბუნებით არ ვარ დეპრესიული ადამიანი, ჩემს ლექსებში ეს ტკივილი ხანდახან სულაც არ ჩანს ან სტრიქონებს შორის უნდა იბორიალო, რომ მიაგნო. საერთოდაც, ლექსი მოთქმას არ უნდა ჰგავდეს. ცხოვრებაში ხომ სიხარულიც უამრავია. ლექსი ჩემი ცხოვრებაა, უმისოდ არასდროს მიცხოვრია და სულ არ მადარდებს, რომ მათ, ჩემს ლექსებს, ბევრი არ იცნობს.
– თქვენი ერთი ლექსი…
– ეს ლექსი რატომღაც განსაკუთრებულად მიყვარს:

*   *  *

თმაზე სხივებად დამეღვარე, მზეო-მზეწვია,       
ვიცი, ჩემს დარდთან ეს სიხარული ერთიბეწოა,
მაგრამ მე მყოფნის, რომ ღრუბელზე გზნება გავკიდო
და წვიმის თქეშად დავიბრუნო ლექსთა აკიდო.
მე გაზაფხულის ერთგული ვარ, ცისარტყელების,
მადლიერი ვარ გამოწვდილი ჩემკენ ხელების,
ღიმილისთვისაც ტრფიალი ვარ ყველას ფერების,
ხელი გაშალეთ და მე თავად მოგეფერებით.
მე – სველ მიწაზე ამოსული ბალახის ღერო,
ჰანგად ვიღვრები, შეგიძლია შენც წამიმღერო,
ჰო, არასოდეს მყვარებია ჩრდილი და ჩერო,
თმებში მზე მიზის, ყელი როგორ არ მოვიღერო?
მარტმა კალთაში ჩაიწვინა იასამანი,
მთაზე გაშალა მზის სხივების თბილი საბანი,
მიუალერსა, დაუყვავა, ჩაიკრა გულში
და ქვეყნად სევდა დაიკარგა ამ სიყვარულში.
მეც არ მომაკლო, მზეო, სითბო შენი შეხების,
გული გაგლიჯა მონატრებამ თბილი დღეების,
მომწყინდა თოვა, დღე ცივი და მიუკარები,
მე თვითონ მოვალ, შენ გააღე ოღონდ კარები.
თმაზე სხივებად დამეღვარე, მზეო, მზეწვია,
ვიცი, ჩემს დარდთან ეს სიხარული ერთიბეწოა,
მაგრამ მე მყოფნის…

– რას ეტყოდით მომავალ თაობას?
– ჩემი მეგობრის შვილმა მკითხა ერთხელ, ჩემს თაობაზე რას ფიქრობო. მთავარი ის კი არ არის, მე რას ვფიქრობ თქვენზე, მთავარია, თქვენ რას ფიქრობთ საკუთარ თავზე-მეთქი, ვუპასუხე.
მე ვიცხოვრე ისე, როგორც მომწონდა და ვითმინე ისე, როგორც შევძელი. მომავალმა თაობამაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან ცხოვრების რეცეპტები პრაქტიკულად არ არსებობს. ერთია მხოლოდ: თუ ხარ მართალი, სწორ გზას დადგომიხარ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები