გიორგი გახარია პანკისის თემაზე: როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის, შსს-ს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი
“როგორც ჩანს, სხვადასხვა უწყების მიერ, მათ შორის, შსს-ს მხრიდანაც არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც სამწუხაროა და რომელიც არ უნდა მიგვეღო”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
რაც შეეხება ინვესტორის ინტერესებს – მისი თქმით, უწყების პირველი ნაბიჯები განსაზღვრული და განპირობებული იყო ინვესტორის დაცვიდან გამომდინარე.
“მოგეხსენებათ, რომ მე არ წარმოვადგენ ეკონომიკის სამინისტროს და რა კრიტერიუმებით და რა პირობებში უნდა აშენდეს ჰესი, არ არის ჩემი კომპეტენცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება გახლავთ ის, რომ იქ, სადაც არსებობს სახელმწიფოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებელი იწყებს ფუნქციონირებას, შსს-მ დაიცვას მართლწესრიგი და უსაფრთხოება ამ ხალხისა. ეს არის ჩვენი ამოცანა, რასაც პანკისში ვასრულებდით. თუმცა პასუხისმგებლობა ყველას თავისი სეგმენტის ნაწილში აქვს და, როგორც ჩანს, ჩვენს ნაწილშიც არასაკმარისი ანალიზი იყო გაკეთებული. ვაანალიზებთ ყველაფერს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ დღეზე, საუბარია ყველაფერს იმაზე, რაც ამას უძღოდა წინ – ერთი თვე, ერთი წელი და, შესაბამისად, ჩვენს დასკვნებს წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.