იუსტიციის სამინისტრო ზაზა ოქუაშვილის საქმეზე სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრმა, ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მის კუთვნილ 11 კომპანიაზე საკუთრების შეზღუდვას, ან რეალიზაციას აკრძალვას ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საქმეზე საგანგებო არბიტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
“საქართველოს მთავრობამ სტოკჰოლმის არბიტრაჟს უკვე აცნობა, რომ აპირებს საგანგებო არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზაზა ოქუაშვილის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველო დაკისრებულ ხარჯებსაც არ გადაიხდის მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო არბიტრმა ამ ნაწილში ოქუაშვილის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
აღსანიშნია, რომ საგანგებო არბიტრმა, ასევე, არ დააკმაყოფილა ზაზა ოქუაშვილის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მხრიდან მომჩივნის კუთვნილ 11 კომპანიაზე რაიმე სახით საკუთრების შეზღუდვას, ან მის რეალიზაციის აკრძალვას. საგანგებო არბიტრმა მიიჩნია, რომ ზაზა ოქუაშვილმა ვერ დაამტკიცა, რომ ქართული მხარე ახორციელებს, ან აპირებს რაიმე ზომების მიღებას მოსარჩელის კომპანიების და ქონების მიმართ და, შესაბამისად, საფრთხე, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებდა, იყო ჰიპოთეტური.
საგანგებო არბიტრმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და გადაწყვიტა, რომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სახეზეა დროებითი ზომების მიღების აუცილებლობა. თუმცა, გაუგებარია, რა მიზანს ისახავს საგანგებო არბიტრის აკრძალვა, არ გახორციელდეს მომჩივნისა და მისი კუთვნილი კომპანია – შპს “ოჯთ”-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აღსრულების ღონისძიებები, ვინაიდან, 2018 წლის 4 ოქტომბრიდან დღემდე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ისინი ისედაც არ გახორციელებულა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქართველი ბიზნესმენის ბრიტანელმა ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროს ულტიმატუმი წაუყენა, რაზეც უწყებამ უარი განაცხადა და განმარტა, რომ ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა და გადასახადების გადამხდელისთვის შეუსაბამო საქციელია 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება.
“საზოგადოების ინფორმირებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო არბიტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ზაზა ოქუაშვილის ბრიტანელმა ადვოკატმა მომართა იუსტიციის სამინისტროს და ულტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მან მოითხოვა შეხვედრის ორგანიზება 24 საათის განმავლობაში და მოლაპარაკებების წარმოება დავის მორიგებით გადაწყვეტის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროცესის ესკალაცია, დავის გაგრძელება და საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა დააანონსა.
იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამ საქმეზე წარმოადგენს საქართველოს მთავრობას, უარი განაცხადა ამგვარ ულტიმატუმზე და შეახსენა ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ის არის გადასახადების გადამხდელი, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე და ბიზნესმენი, ხოლო გადასახადების გადამხდელისათვის შეუსაბამო ქცევაა მთავრობისთვის 24-საათიანი ულტიმატუმების წაყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის გამოტანაც მოხდა არაგონივრულად მოკლე ვადებში მოსარჩელის მიერ შესაბამისი პროცედურების ბოროტად გამოყენებისა და სამართლიანი პროცესის პრინციპების დარღვევით”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.