ლევან გოგიჩაიშვილი: უნდა დავფიქრდეთ, რის ირგვლივ გავერთიანდეთ

“უნდა დავფიქრდეთ, რის ირგვლივ გავერთიანდეთ – ჩინჩალაძის, მექრთამე პოლიტიკოსების რეაბილიტაციის, თუ ადეიშვილების პროკურორობის გარშემო”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე საუბრისას განაცხადა.
„სახელმწიფო ინტერესების გარშემო ყველა ერთიანდება, მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მექრთამე, ცუდი წარსული მქონე მოსამართლეების არჩევანის დროს. ასევე, არ ვერთიანდებით, მექრთამე პოლიტიკოსების რეაბილიტაციის დროს. როცა ასეთი შინაარსის წერილების წერა ხდება, უნდა დავფიქრდეთ, რის ირგვლივ გავერთიანდეთ – ჩინჩალაძის, მექრთამე პოლიტიკოსების რეაბილიტაციის, თუ ადეიშვილების პროკურორობის გარშემო. ვთქვათ, გავერთიანდეთ, რის ირგვლივ – ჩინჩალაძის მხარდასაჭერად მე ვერ გავერთიანდები. ალბათ, წერილის გათვლა გარკვეულ სეგმენტზეა, მაგრამ ეს ჩემზე ვერ მოქმედებს. გაერთიანებული ვიყავი, მაგრამ ჩინჩალაძე შემომთავაზეს, რომელმაც ჩვენ გაგვყარა. თუ ჩინჩალაძის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოგვიწოდებს, იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ და ვერც დავინახავ. შეიძლება, ადამიანებმა პირადი წარსული დაივიწყონ, მაგრამ როცა სახელმწიფო დამნაშავის დავიწყებას მთხოვენ, უფლება არ მაქვს, დავივიწყო ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, თანამდებობებზე ერთ წელში გამდიდრდნენ და ჩინჩალაძე დააბრუნონ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.
“მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.
ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.
წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები