როგორ შემოიყვანა სააკაშვილის ხელისუფლებამ აჰმედ ჩატაევი საქართველოში (ვიდეო)
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან 1 წელი გავიდა. სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა მასშტაბურ ტერაქტებს გადაურჩა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ტერორისტი და ინტერპოლით ძებნილი აჰმედ ჩატაევი.
როგორ შემოიყვანა ყოფილმა ხელისუფლებამ აჰმედ ჩატაევი საქართველოში და როგორ გაყალბდა საქმე მისი ექსტრადირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია “იმედის კვირამ” მოიპოვა.
2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ ინტერპოლის მიერ ძებნილი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი საქართველოში, 2003 წელს ხახანაშვილის ქუჩაზე მომხდარი 21 წლის შოთა დადვაძის მკვლელობის საქმის გაყალბების დახმარებით ჩამოიყვანა. 2010-ში ამ საქმეზე ჩატაევს შსს-მ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შემდეგი ნაბიჯი უკრაინიდან მისი ექსტრადიციის საკითხი იყო.
საქმის გასაყალბებლად მაშინდელმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ადამიანის ყალბი ჩვენებები გამოიყენა.
საქმის გაყალბების შემდეგ, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ჩატაევის საქართველოში ექსტრადირებისთვის ორი თვეც არ დასჭირდა. ის უკრაინიდან თბილისის საერტაშორისო აეროპორტში 2010 წლის 28 თებერვალს სხვის სახელზე გაცემული პასპორტით შემოიყვანეს.
ტერორისტი, რომლის გადმოცემაც საქართველომ უკრაინას მკვლელობის გამო მოსთხოვა, 2011 წლის 1 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთში გაუშვა.
2012 წლის იანვარსა და თებერვალში აჰმედ ჩატაევის სახელზე რეგისტრირებული პასპორტით მან საქართველოს სხელმწიფო საზღვარი თურქეთიდან კიდევ ორჯერ გადმოკვეთა, ამავე პასპორტით თბილისში 25 იანვარს შემოვიდა, 2012 წლის 27 იანვარს კი საქართველო რუსლან ისმაილოვის სახელზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის პასპორტით დატოვა.
იანვარსა და თებერვალში ჩატაევმა საქართველოს საზღვარზე სულ 6-ჯერ ორი სხვადასხვა დოკუმენტით ისარგებლა. მარტში კი ტერორისტის სახელზე კიდევ ერთი პასპორტი ჩნდება, 14 მარტს თბილისში თურქეთიდან ის დევიდ მეიერის სახელით ჩამოფრინდა.
დოკუმენტებით, რომელიც “იმედის კვირამ” მოიპოვა, ირკვევა, რომ ჩატაევმა საქათველოს საზღვარი ერთ-ერთი პასპორტით 2012 წელს 9-ჯერ გადაკვეთა, მათ შორის ბოლოს ლაფანყურის სპეცოპერაციამდე 10 დღით ადრე ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან აჰმედ ჩატაევის შესაძლო კავშირზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. მაშინდელი შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენა, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამ ჯგუფს სწორედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა და ის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
კითხვებს ბადებს ის გარემოებაც, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი ჩატაევი რამდენიმე დღეში მხოლოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს, 2013 წელს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი ჯერ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მოგვიანებით კი მთავარმა პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მესაზღვრეებმა, რომლებაც 2012 წელს დაჭრილი ჩატაევი იპოვეს, თქვეს, რომ მას იარაღი თავად ჩაუდეს.
გათავისუფლებულმა ჩატაევმა საქართველო 2013 წელს დატოვა და ISIS -ის მებრძოლებს შეუერთდა. 2015 წლის აგვისტოში აშშ-მა გლობალური ტერორისტების სიაში შეიყვანა, ის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ქვედანაყოფს, რუსულენოვან “იარმუკის ბატალიონს” ხელმძღვანელობდა.
ცალხელა აჰმედმა საქართველოს ხელისუფლებას მუქარა სწორედ სირიიდან გამოუგზავნა. 2015 წელს ის პანკისის ერთ-ერთი სოფლის ყოფილი იმამის აიუბ ბორჩაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც სამართალდამცავებმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩატაევი საქართველოში ტერაქტების მოწყობით იმუქრებოდა.
2016 წელს თურქეთში მასტაბური ტერაქტი სწორედ ჩატაევს დაუკავშირეს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალურად იმ დრომდე არაფერი იყო ცნობილი, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია არ ჩაატარა. გამოძიების ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოში კირნათი-მარადიდის გზით შემოვიდა – იმ მონაკვეთით, რომლითაც ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ და მაშინდელმა შსს-მ მისი დაჯგუფების გადარჩენილი წევრები საქართველოდან ჩუმად გაიყვანა.
სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს კონტრტერორისტულმა ცენტრმა აჰმედ ჩატაევის 1 თანამებრძოლის დაკავება და 2-ის ლიკვიდირება შეძლო. თავად ჩატაევმა თავი შაჰიდის ქამრით აიფეთქა.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აღმოჩენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ტერორისტების ჯგუფი საქართველოში ტერაქტებს გეგმავდა. ამას ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან ამოღებული აუდიოჩანაწერებიც ადასტურებს.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სულ 6 პირი დააკავეს, გამოძიებამ ორს ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ოთხს კი ტერორიზმის ხელშეწყობისთვის წაუყენა.
დახურული და ხმაურიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მათ სალოსის ქუჩაზე დაკავებულ შოაიპ ბორზიევთან ერთად სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს ძებნილი რუსლან შავაძეც.
წყარო:https://imedinews.ge