„ტრადიციად ვაქციე ნაძვის ხის მორთვა ჩემი დამზადებული სათამაშოებით“… – თეონა ღლონტის მრავალფეროვანი პალიტრა
ცნობილი მხატვრის, გურამ ღლონტის ოჯახში დაიბადა. მამა იყო მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი და კრიტიკოსი. სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა… საუკეთესო პედაგოგები და მხატვრები ასწავლიდნენ.
ქმნის სხვადასხვა გრაფიკულ მასალაში შესრულებულ დაზგურ კომპოზიციებს… ხატავს ნატურმორტებსა და პეიზაჟებს. მუშაობს წიგნების დასურათებაზე. გამორჩეულია მის მიერ დასურათებული იაკობ გოგებაშვილისეული „დედაენა“.
ამზადებს თოჯინებს და ყოველ ახალ წელს საკუთარი სათამაშოებით ხვდება.
13 წელია გ. ათონელის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობს.
ამბობს, რომ დღევანდელ ყოფაში მრავალი ფაქტორი უშლის ხელს ხელოვანისა და ხელოვნების განვითარებას, მაგრამ „ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დავყაროთ. როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავისარჯოთ“, – მხატვარ თეონა ღლონტის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, 1973 წლის 8 აპრილს, ინტელიგენტის ოჯახში. ყველაზე ბედნიერად დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ ჩემს ბავშვობას – უდარდელს, ლაღსა და თავისუფალს. შეიძლება გაცვეთილ ფრაზად მოგეჩვენოთ მაგრამ, მართლა მენატრება ის წლები. ვიზრდებოდი მწერლებისა და მხატვრების გარემოცვაში, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს ოჯახს. ხშირი სტუმარი ვიყავი გამომცემლობა „ნაკადულის“. სწორედ აქედან ვეზიარე დიდ სიყვარულს მწერლობასა და მხატვრობაზე. მყავს ორი ძმა – გიორგი და ლევან ღლონტები.
ჩემთვის ჩემი მშობლები არიან ოჯახის სიყვარულის, პატიოსნებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მაგალითები.
დედა ქეთევან გუნცაძე პროფესიით ფილოლოგია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“ რედაქტორად. მამა გურამ (გური) ღლონტი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. შემოქმედებითად მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში. 43 წლის განმავლობაში იყო მთავარი მხატვარი, საბავშვო და ახალგაზრდობის გამომცემლობა „ნაკადულში“. 1974-1975-1978-1985-1987 წლებში ეწეოდა შემოქმედებით მუშაობას „სენეჟში“. რუსეთის მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა შემოქმედებით ჯგუფში.
1971 წლიდან მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან რესპუბლიკურ, საერთაშორიო და საკავშირო გამოფენებში, კრაკოვში, როსტოვში (ფრიდრიკ-შტადე), ნორვეგიაში (კარპე მოდენე), იტალიაში, სტოკჰოლმში, ბერლინში, უნგრეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიო მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. კერძოდ, კიოლნში პროფესორ პეტერ ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. პოლონეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, საბერძნეთის, ამერიკის, ბულგარეთის კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს პრემიები და დიპლომები.
1990-იან წლებში მუშაობდა შერვაშიძის სახელობის აფხაზეთის სამხატვრო სასწავლებელსა და ი.ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლებში პედაგოგად. დასურათებული აქვს 400-მდე წიგნი მხატვრულად. 2003 წელს არჩეულია სატირისა და იუმორის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრად. 2017 წელს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა, საბავშვო წიგნის დასურათებაში შეტანილი წვლილისათვის, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის გათვალისწინებით, მამას მიანიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია. 2017 წლის 28 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად მამა გარდაიცვალა.
ამა წლის 31 აგვისტოს, პარლამენტი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, 75 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა გურამ ღლონტის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – „ღმერთო, იხსენ საქართველო“.
– ხატვის სიყვარული სკოლის პერიოდიდან დაიწყო?
– სკოლაში წარჩინებით ვსწავლობდი. ჯერ კიდევ არ მქონდა განსაზღვრული პროფესია. ვხატავდი, დავდიოდი ფორტეპიანოსა და გიტარაზე. მაშინ თითქმის ყველა ბავშვი ეზიარებოდა ხელოვნების ამ დარგებს. განსაკუთრებით მიყვარდა სკოლაში ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საგნები. ვიდრე სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას გადავწყვეტდი, მინდოდა ბიოლოგობა. ამ მეცნიერებისადმი ინტერესი ბებიისა და დეიდის პროფესიამ განაპირობა, მაგრამ, საბოლოოდ, ჩემში მაინც ხატვის სიყვარულმა იმძლავრა. ვხატავდი ჩვეულებრივად, ყველა ბავშვის მსგავსად, მაგრამ როდესაც სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, დავიწყე მომზადება. თავდაპირველად ვსწავლობდი აკადემიასთან არსებულ მოსამზადებელ ჯგუფში, რომელიც მდებარეობდა ავლაბარში. ერთი წლის შემდეგ, დავიწყე მომზადება, არაჩვეულებრივ პედაგოგთან და ფერმწერთან, ბატონ ბეჟან შველიძესთან სახელოსნოში.
ცოდნასთან ერთად, მრავალი კარგი მეგობარი შევიძინე. ყოველთვის მხიარულად მახსენდება თითოეული იქ გატარებული დღე.
– პირველი ნახატები…
– პირველი ფერწერული და ფანქარში შესრულებული ნამუშევრებიც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. რაც შეეხება გრაფიკულ ნამუშევრებს, სახლში ვმუშაობდი. მამა იყო ჩემი ნახატების შემფასებელი და კრიტიკოსი.
– რით იყო გამორჩეული სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდი?
– 1992 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე. გარკვეულ წილად სახვითი ხელოვნების, ამ დარგის არჩევა განაპირობა, მამაჩემის გრაფიკოსობამ. აკადემიაში სწავლის პერიოდი საკმაოდ საინტერესო და რთული აღმოჩნდა. საინტერესო იმიტომ, რომ ჩემ წინაშე გადაიშალა გრაფიკის არაჩვეულებრივი სამყარო, ამოუწურავი შესაძლებლობებით!
შევიძინე საუკეთესო პედაგოგები და მხატვრები. სირთულეში მოვიაზრებ იმ დროისათვის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას! ჩვენი თაობა ვერ ასცდა სამოქალაქო ომისა და შემდეგ უკვე აფხაზეთის ომის ქარცეცხლს! დაკარგულ თაობადაც მოგვიხსენიებენ. ნათელი წერტილი ჩვენი ხელოვნებისადმი სიყვარული იყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მასწავლებელს სამხატვრო აკადემიიდან. ქალბატონებს: ლალი ზამბახიძეს, დალი ვარამაშვილს, დეა ჯაბუას. აწ გარდაცვლილებს – დინარა ნოდიასა და ნინო ზაალიშვილს! მადლობელი ვარ ჩემი ნათლიისა და პედაგოგის, გოგი წერეთლის. ნათელი კვალი დატოვეს, ბატონებმა: ედუარდ ამბოკაძემ, გიზო თავბერიძემ და შოთა კუპრაშვილმა.
– ხატავთ ნატურმორტებს, გრაფიკულ პეიზაჟებს… განსაკუთრებული ადგილი უკავია სხვადასხვა გრაფიკულ მასალაში შესრულებულ დაზგურ კომპოზიციებს…
– მხატვრობაში უპირატესობას ვანიჭებ თემატურ მრავალფეროვნებას. განსაკუთრებით მიყვარს გრავიურაში მუშაობა, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა და ოფორტი. მომწონს ნატურმორტებისა და პეიზაჟების ხატვა. ასევე ვმუშაობ წიგნების დასურათებაზეც.
– რომელი წიგნები დაასურათეთ?
– აკადემიაში სწავლის დროს დავასურათე ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“, ქართული ხალხური ზღაპარი „მძლეთამძლე“, ნაკადულში“ გამოცემული სპარსული ზღაპრები. ასევე დასურათებული მაქვს „ციცინათელას“ სერიის ზღაპრები, მწერლისა და პოეტის თამარ გაბროშვილის ზღაპრები, გასულ წელს კი დავასურათე იაკობ გოგებაშვილის პირველი კლასის სახელმძღვანელო „დედაენა“.
– „დედაენა“ დაასრულეთ… დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის თხოვნით…
– რაც შეეხება „დედაენას“, მართლაც, დიდი და საპასუხისმგებლო საქმე მერგო წილად! უფლის ნებით, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა შესანიშნავი ადამიანი და ამჟამად უკვე ჩემი მოძღვარი, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი, კონსტანტინე გიორგაძე, რომელიც ასევე გახლავთ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარე და წლებია იბრძვის გოგებაშვილისეული საგანძურის სკოლაში დასაბრუნებლად.
მას შემდეგ, რაც გაეცნო ჩემს მხატვრობას, მოძღვარმა შემომთავაზა „დედაენის“ დასურათება, ოჯახში გვესტუმრა გასაცნობად, წიგნზე მომუშავე ჯგუფთან ერთად. ამ დროს მამა უკვე მძიმედ იყო ავად. მოძღვრის გაცნობამ და მასთან საუბარმა სულიერი სიმშვიდე მოჰგვარა. დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძის კურთხევით, 2017 წლის მარტში შევუდექი „დედაენის“ დასურათებას და ამავე წლის ზაფხულში დავასრულე.
წიგნზე მუშაობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მამა უკვე ძალიან მძიმედ იყო, მაინც ინტერესდებოდა და მიწევდა კონსულტაციას ნახატებზე.
2017 წელს „დედაენის“ წიგნმა წარმატებით გაიარა კულტურის სამინისტროში გარკვეული პროცედურები და გადაინაცვლა განათლების სამინისტროში. განათლების სამინისტროს კომისიამ, რომელიც მუშაობდა სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებზე, იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზე“, ჩემი აზრით, არასამართლიანი რეკომენდაციები დადო. ეს შენიშვნები ეხებოდა როგორც ტექსტებს, ასევე მხატვრობასაც. ამის შემდეგ კვლავ შეიქმნა კომისია, რომელიც შეასწორებდა ამ ე.წ.ხარვეზებს. მამა კონსტანტინეს თხოვნით და ჩემი რეკომენდაციით, კომისიაში მხატვრად შეიყვანეს, ცნობილი ფერმწერი და გრაფიკოსი, ზაურ დეისაძე. შეიცვალა ტექსტებიცა და მხატვრობაც. ამჟამად ველოდებით ქართველი ერისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იმაზედ, რომ გოგებაშვილისეული „დედაენა“ დაუბრუნდეს სკოლას.
– გვიამბეთ თქვენ მიერ შექმნილ თოჯინების კოლექციაზე. როდის აკეთებთ თოჯინებს?
– თოჯინები ბავშვობიდან მიყვარს. როდესაც მშობლები სამოგზაუროდ მიდიოდნენ, ყოველთვის ჩამოჰქონდათ საჩუქრად. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა სთხოვა, ხელოვან ადამიანებს გაეკეთებინათ თოჯინები, კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდი და ეს საქმიანობა ერთგვარ ჰობად მექცა.
– სათამაშოები… საახალწლოდ თუ აპირებთ შექმნას?
– ძირითადად, საახალწლოდ მაქვს იდეები და სხვადასხვა მასალისა და ტიპის სათამაშოებს ვამზადებ ნაძვის ხისათვის. მეხუთე წელია ტრადიციად ვაქციე, ნაძვის ხის მორთვა ჩემი დამზადებული სათამაშოებით.
– სამხატვრო სასწავლებელში მუშაობთ პედაგოგად….
– ცამეტი წელია ვმუშაობ გ. ათონელის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სასწავლებელში (ათწლედში), რომელიც დაარსების დრიდან 45 წელს ითვლის. ეს გახლავთ აკადემიური სწავლებისაკენ მიმართული სასწავლებელი. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ვასწავლი გრაფიკის საგანს. სასწავლებელი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. დირექტორი ბატონი ნოდარ მუმლაძე წლებია სათავეში უდგას სასწავლებელს და წარმატებით უძღვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. საუკეთესო პედაგოგები და მხატვრები მაღალ დონეზე ასწავლიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თითოეული პედაგოგი შეყვარებულია საკუთარ პროფესიაზე და ბავშვებზე. ვცდილობთ, სიყვარულით ვაზიაროთ ყოველი ბავშვი ხელოვნების ამ საინტერესო სამყაროს!
– 2000 წლიდან ხართ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1997 წლიდან მონაწილეობთ მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში…
– ვმონაწილეობდი „საბავშვო წიგნის გაფორმება და ილუსტრაცია“ (ეროვნული ბიბლიოთეკა, 1997 წ.) საშემოდგომო (სეგ, თბილისი, 1997 წ.).
ვცდილობ, აქტიურად ვიმუშაო და მრავალფეროვანი განვითარება მივცე ჩემს შესაძლებლობებს. ვაფორმებ მინის ჭურჭელს ვიტრაჟული საღებავებით.
დაზგურ გრაფიკაში სხვადასხვა წელს შესრულებული ძირითადი ნამუშევრებია: ლითოგრაფიების სერია „ბოროტსა სძლია კეთილმან!“, სერია „ზღვის სიმფონია“, „წელიწადის დრონი“, „სამყაროს ცვალებადობა“, „ბათუმის პეიზაჟები“, ლინოგრავიურები: „ქალი და კაქტუსი“, „ყავახანა“, „აზიური ნატურმორტი“, „წარსულის გადავიწყება“.
შერეული ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები: „თევზები’’, გრაფიკული სერია „ლაგუნა“,„ყაყაჩოსა სიწითლითა“, „ქალი ბროწეულებით“, „იდუმალი ქალის პორტერტი“ და სხვა.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე, დავით დოლიძე, პროფესიით მწვრთნელი და ორი შვილი, თათია და გიორგი დოლიძეები, რომელთაც დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები და ამჟამად დასაქმებულები არიან. ცოტა არ იყოს, მწყინს, რომ არცერთმა შვილმა არ ისურვა გაჰყოლოდა ბაბუისა და დედის პროფესიას, მაგრამ ეს მათი არჩევანია!
– სამომავლო გეგმები…
– ხელოვანი ყოველთვის ძიების პროცესშია, არასდროს არის კმაყოფილი, შრომითა და შედეგით. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც დღევანდელ ყოფაში ხელს უშლის ხელოვანისა და ხელოვნების განვითარებას. თუნდაც ეკონომიური მხარე, მხატვრობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
ამას ერთვის დროის დეფიციტი და კიდევ სხვა მრავალი, მაგრამ ფარ-ხმალი არასოდეს უნდა დავყაროთ. როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავისარჯოთ.
მხატვრის შემოქმედების გასაცნობად, აუცილებელია ხშირად იმართებოდეს გამოფენები. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და რაოდენ მუქ ფერებშიც არ უნდა ვხედავდე რეალობას, ვცდილობ, მომავლის იმედი მქონდეს!
უფლის წყალობით დავიბადე ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში. უფლის მადლითა და ღირსეული ადამიანების სულისკვეთებით, ჩემი ქვეყანა, რომელმაც უამრავი განსაცდელი გამოიარა, ფეხზე დადგება.
დაუბრუნდებათ ღიმილი და სიხარული ადამიანებს. სრულიად საქართველოს და მართმადიდებლურ სამყაროს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს.
თამარ შაიშმელაშვილი