ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიელი ბიზნესმენებისა და თურქი ჟურნალისტების ვიზიტს ეხმიანება

ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ აფხაზეთში იტალიელი ბიზნესმენებისა და 80 თურქი ჟურნალისტის ვიზიტს ეხმიანება. ვიზიტების გამო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩს ელიან. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ორივე შემთხვევაში ვიზიტი კერძო ინიციატივა იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შედგა.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ყველა შეთანხმება უკანონოა და არც თურქეთის და არც იტალიის სახელმწიფო პოზიციას არ გამოხატავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თურქი ჟურნალისტების აფხაზეთში ვიზიტი არ შემდგარიყო. ჩვენ შესაბამისს ზომებს მივიღებთ. ჩვენ დღეს შევხვდებით თურქეთის ელჩს საქართველოში და გადავცემთ ჩვენს დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ. იგივე ეხება მსგავს ფაქტებს სხვადასხვა ქალაქებთან დადებულ ხელშეკრულებებს დამეგობრების შესახებ“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას გაგრაში სარდინიიდან ჩასული იტალიელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტურმებმა დე ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან სოფლის მეურნეობისა და სასტუმროების ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
თურქული მედიის 80–მდე ჟურნალისტი კი სოხუმში, საოკუპაციო რეჟიმის მიწვევით, რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში დე ფაქტო აფხაზეთის და თურქეთის ჟურნალისტთა ფედერაციებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები