ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან რუსთაველის ქუჩის პოლიტიკამდე

ჯინსების თაობა თუ თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, ხორავას თაობა  სამართლიანობისა და თანასწორობის სიმბოლო ხდება. მაშინ თუ ახალგაზრდები რეალობის დამსხვრევას საბჭოთა საზღვრების გარღვევით ცდილობდნენ (თვითმფრინავის ბიჭების საქმე 80-იან წლებში), ახლა ეს თაობა უკვე საბჭოთა მენტალიტეტის გარღვევას ცდილობს.

ხორავას ქუჩამ მენტალური რევოლუცია უკვე მოახდინა, უკვე გასაგები ხდება, რომ ძველებურად – საქმეების თაროებზე შემოდებით, დამნაშავისთვის ხელის დაფარებით ან მტკიცებულებების მოსპობით – რაზეც არის სერიოზული ეჭვები და ეს შსს-მაც თქვა, ცხოვრება აღარ გამოვა.

და არაფერი ამ ტრაგედიაში გაუგებარი ან მოულოდნელი არ ყოფილა. შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე დიდხანს ელოდა გამოძიების დასრულებას, ღიად ამბობდა, გამოძიება ცდილობს, მკვლელს ხელი დააფაროსო. ჩვენ ამ საქმეს თვალს ვადევნებდით.

და როცა სასამართლომ თქვა, დავით სარალიძის მკვლელი დარბაზში არ არისო, საზოგადოებას სამართლიანი პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. მამა და მამის მოწოდებით საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა. ეს იყო გულწრფელი პროტესტი. სამართლიანობის აღდგენის, სიმართლის დადგენის, დამნაშავის დასჯის მოთხოვნით.

სარალიძის გვერდით ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ეს სწორედ ის თაობაა, ვინც ახლა ძველი მენტალობის დანგრევას ცდილობს. ლევან ალაფიშვილის თქმით, ხორავას ქუჩამ მართლაც შვა ახალი თაობა, რომელიც უკვე დაფიქსირდა და მალე პოლიტიკაშიც გამოჩნდება.

ხორავას ქუჩამ კარგად დაგვანახა ეს კონტრასტი ძველისა და ახალის. ჩვენ დავინახეთ, როგორ მოხდა ამ გულწრფელი პროტესტის გადაყვანა პოლიტიკურ მოთხოვნებამდე. როგორ დაიტვირთა სამართლიანობისთვის ბრძოლა რევანშისტული განწყობებით.

დასანანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადრე თანამედროვე პოლიტიკისა და პოლიტიკური მოდის შემქმნელი და ტონის მიმცემი იყო, ახლა საბოლოოდ განიცადა კრახი, აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ დროს ჩამორჩა, არამედ დესტრუქციული ძალა გახდა და ორიენტაცია ხელისუფლების დამხობისკენ აიღო.

კონფლიქტიც აქ გაჩნდა. ახალგაზრდა თაობა თავისი აქტიურობით ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე. მისი მესიჯი იყო: შეცვალე გამოძიების ძველი უსამართლო სტილი, მიიღე შესაბამისი გადაწყვეტილებები, გამოიძიე და დასაჯე დამნაშავეები. რაც მარტივად ნიშნავს: ჩვენ არ შევეგუებით უსამართლობას, შეცვალე ძველი ახლით, გახადა გამოძიება უფრო სანდო და გამჭვირვალე.

რადიკალური ძალების მთავარი მესიჯი კი მათ ლოზუნგშიც გაჟღერდა: სისტემა უნდა დაინგრეს; მთავრობა უნდა გადადგეს, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. რაც მარტივად ნიშნავს: ხელისუფლებაში ჩვენ, ნაციონალები, უნდა დავბრუნდეთ და ახლა ვინც დადგება ჩვენ გვერდით, მხოლოდ მას ექნება პოლიტიკურად არსებობის უფლება.

ის, რომ ახალი თაობა და რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფად ქცეული „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ, თავიდანვე ცხადი იყო. მით უფრო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შემდეგ.

90-იანი წლების პოლიტიკური აქტივობის მანერასა და ცივილიზებულ მეთოდებს შორის კონფლიქტი აქაც დაფიქსირდა:

საქმე ის გახლავთ, რომ კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ ითვალისწინებს, ეს უბრალოდ შეუძლებელია. კონსტიტუცია ის მთავარი დოკუმენტია, რომელიც ძირითადად თამაშის წესებს აწესებს. თუ ამ ჩარჩოებიდან გადიხარ, კანონგარეშე ხდები.

თუმცა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად უკანონო თამაშის წესებზეც თანახმა იყო. ვადამდელი არჩევნები მან და მისმა პარტნიორმა ერთკაციანმა პარტიებმა აქტიურად წამოსწიეს. გიორგი ვაშაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში ვერ უარყო, რომ კონსტიტუციურად ვადამდელი არჩევნები შეუძლებელია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სამართლებრივი გზა ყოველთვის მოიძებნება. ოღონდ ვერავინ დააკონკრეტა, როგორია ეს გზა. მათ შორის ვერც ნიკა გვარამიამ.

უკანონო მეთოდები კი ჩვენ 90-იან წლებში სამოქალაქო ომის გზით უკვე გავიარეთ, უკანონო მეთოდებით ხელისუფლების გადაყენების მცდელობა ადრეც გვინახავს. ახლა არ ვაპირებთ ამ დესტრუქციული ქმედებებისა თუ აქციების აქ ჩამოთვლას. საზოგადოებას ახსოვს ის, ბევრმა დაკარგა ახლობელი, მეგობარი, ოჯახის წევრი. ასეთმა უკანონო პოლიტიკამ ოჯახურ ტრაგედიებამდე მიგვიყვანა… ეს ქვეყნის განვითარებასაც აფერხებს.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წარსულია და მასზე საუბარი უხერხულიც კი. თუმცა, ამბობს, რომ თეორიულად მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირების გზით შეიძლება ახლა ხელისუფლების გადაყენება.

ხელისუფლებას მოუწია, რადიკალური ჯგუფებისთვის კანონი შეეხსენებინა. თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით:

„ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ, როგორც კი რამე გადაცდომა იქნება ვინმეს მხრიდან, ხელისუფლება იმოქმედებს შესაბამისად, კანონის ფარგლებში“.

და იყო კიდევ ერთი კონფლიქტი, რომელმაც ძველი და ახალი აზროვნების შეუსაბამობა დაგვანახა. როცა გულწრფელი პროტესტით ხალხი ქუჩაში გავიდა, მთავარი პროკურორი გადადგა, შს მინისტრს საქმის გამოძიება დაევალა, მათ შორის იმის გამოკვლევა, ვინ მოახდინა მტკიცებულებების გაყალბება; პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია. გზავნილი ნათელი და გასაგები იყო, ხელისუფლებამ თქვა: ჩვენ დავინახეთ, გავიგეთ და მოვახდენთ რეაგირებას.

თუმცა, რადიკალებმა ხელისუფლების რეაგირება რეაქციად კი არ მონათლეს, ძლიერ ნაბიჯად კი არ ჩაუთვალეს მას ცვლილებები და გენპროკურორის გადადგომა, არამედ სისუსტედ და სიმხდალედ. მათ იფიქრეს, რომ ვერტიკალი დაიბნა, შეშინდა და უკვე მთავარი იყო მიწოლა, რომ ბოლომდე დანგრეულიყო.

ახლა ვინც ამ წერილს კითხულობთ, ალბათ, თავადაც იგრძენით, როგორ დავშორდით ჩვენ იმ მთავარ მიზანსა და ამოცანას, რომელიც წერილის თავში გავაჟღერეთ. რადიკალებს თითქოს სარალიძის ტრაგედია დაავიწყდათ და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე გადაერთვნენ.

და რა გასაკვირია, რომ ძველი მეთოდებით მებრძოლ პოლიტიკურ რადიკალურ ჯგუფებს ამ გზაზე არც ხორავას თაობა გაჰყვა და არც ზაზა სარალიძე.

რამდენიმე ხნის წინ ის საკუთარ მოკლულ შვილს სწერდა:

„როგორი ტკივილი ხარ, მამიიი. როგორი დიდი ტკივილიიიი. და უფრო მეტი დიდი ტკივილი აქ დამიტოვე, მამი. საჯაროდ მეუბნებიან, მამი, შენი მკვლელების დამფარავები, რომ თურმე შედიან ჩემს მდგომარეობაში.

ყოველი დღე ერთი და იგივე ფიქრით იწყება, მამი, ვცდილობ, ის ტკივილი ვიგრძნო, რა ტკივილიც შენ განიცადე, მამი, როდესაც სულს ებრძოდი. როდესაც თვალებით ეხვეწებოდი ექიმებს, რომ გადაერჩინე, როდესაც შენს ძმაკაცს უთხარი, მამი, მიშველეო. ვცდილობ, ყველა ის ჭრილობა შევიგრძნო, მამი, რომლებიც შენ მოგაყენეს. რატო, რატო არ იბრძოლე, მამი, რატო დაგვტოვე ასე გაურკვევლად, ყველა.

როგორ შედიან ჩვენს მდგომარეობაში, როცა, პირიქით, წიხლს მაჭერენ და თვალებში ნაცარს მაყრიან, მამი. ვერასდროს ვერავინ მიხვდება, მამი, რა ტკივილს განიცდიდი იმ ღვთისგან დაწყევლილ დღეს. მიყვარხარ, მამი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. დედაშენი ლოცულობს, მამი, მალე რო გნახოს, მეც მალე გნახავ, მამი, არ იდარდო, ძალიან მალე გნახავ. ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს, მამი, და მერე გნახავ. მაპატიე, შენ გვერდით რომ არ ვიყავი, მამი!“

ზაზა სარალიძე მხოლოდ სამართალს ეძებს, მას მხოლოდ დამნაშავის დასჯა სურს, რომ მივიდეს საკუთარი შვილის საფლავთან და უთხრას: მამი, შენი მკვლელები დაისაჯნენ…

 ხორავას თაობამ რევოლუცია უკვე მოახდინა, ეს მენტალური რევოლუცია იყო… და ეს თაობა რადიკალიზმს პოლიტიკაში უკვე უარს ეუბნება.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები