ტოტიკაშვილი: ღამეები არ მძინავს, ძიუდოს ნაკრებს წირავენ, რა უნდა სპორტსმენს ქუჩაში?
ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ ვნებათაღელვა გრძელდება. როგორც ცნობილია, ძიუდოისტთა ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, აქციების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ხაბარელი დგას.
სპორტლაინ.ჯი-ს ინფორმაციით, ხაბარელს, ძიუდოს ფედერაციაში საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები, ძირითადად, ფინანასებს უკავშირდება.
ქევხიშვილმა ხაბარელს ბიზნეს-ინტერესების ლობირების საშუალება არ მისცა, რამაც დეპუტატი გაანაწყენა…
ფედერაციაში არსებულ დაპირპისპირებებსა და მიმდინარე მოვლენებზე სპორტლაინ.ჯი ძიუდოისტსა და საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ამირან ტოტიკაშვილს ესაუბრა:
– როგორ აფასებთ ძიუდოისტთა ნაწილის პროტესტს ქევხიშვილის წინააღმდეგ? უნდა გადადგეს თუ არა, ფედერაციის პრეზიდენტი?
– ძალიან ცუდი ფაქტია! ეს ძიუდოს ფედერაციას და სპორტსმენებს არ ეკადრებათ. სპორტსმენების მოვალეობა ისაა, რომ უნდა ივარჯიშონ, მოემზადონ შეჯიბრისათვის და გულშემატკივარი გაახარონ. ეს ფაქტი, რაც დღეს ხდება, ყოველთვის დააზარალებს სპოტსმენებს და ნაკრებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომას, ვფიქრობ, რომ არასწორი მოთხოვნაა. პრეზიდენტი არსად არ უნდა წავიდეს, იქიდან გამომდინარე, რომ მან ბევრი საქმე გააკეთა ფედერაციისთვის. ძიუდოს ფედერაცია რომ დღეს წარმატებულია, დავით ქევხიშვილისა და ცეზარ ჩოჩელის დამსახურებაა. ამიტომ, არასწორი მიდგომაა!
ამ კინკალობაში მთლიანად საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სწირავენ. ეს არ უნდა იყოს, არ შეიძლება და არ არის სწორი!
– თქვენი აზრით, რატომ აყენებენ ძიუდოს ფედერაციას დარტყმის ქვეშ და ვის მიერაა ეს პროტესტი მართული?
– რაც შეეხება იმას, თუ სპორტსმენების ნაწილის უკან ვინ დგას, ალბათ, ჩვენ ყველანი ვხვდებით ვინც დგას, მაგრამ მე მათაც ვურჩევდი, რომ სპორტსმენებს ნუ გაწირავენ, ნუ გადააყოლებენ თავიანთ ინტერესს.
დღეს, მგონი არ იქნება სწორი ამ თემებზე საუბარი. ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა, არსებობს ძიუდოს აღმასრულებელი კომიტეტი, არიან დელეგატები და მათთან ერთად ჩვენ ყველა თემას გავივლით იმისათვის, რომ დამშვიდდეს და დაწყნარდეს სიტუაცია.
– როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტით, ხომ არ ამჟღავნებენ უპატივცემულობას გულშემატკივრისადმი?
– რა თქმა უნდა! გულშემატკივარმა კიდევ იმდენი ინფორმაცია არ იცის, რაც დავუშვათ ჩვენ ვიცით და უნდა მოვიფიქროთ გზა, რომ გულშემატკივრებიც იყვნენ ჩართულნი, მათაც მოისმინონ ის აზრი, ის შეხედულებები, რაც თვითონ ძიუდოში ტრიალებს.
მე ვურჩევდი ამ სპორტსმენებს, რომ ორიენტირი გადაიტანონ ვარჯიშისკენ, რადგან კარზეა მომდგარი მსოფლიო ჩემპიონატი, ამას უყურებს მომავალი თაობა, გულშემატკივარი და ძალიან განიცდის. სიმართლე გითხრათ, არ მძინავს ეს ღამეები, რა უნდა სპორტსმენს ქუჩაში? სურვილი მაქვს, გავესაუბრო, ვურჩიო მათ, რომ შევიდნენ ტატამზე და ივარჯიშონ.
– შესაძლოა, რომ ახლო მომავალში ამ თემასთან დაკავშირებით სხვა ფაქტებიც ამოტივტივდეს ზედაპირზე?
– ალბათ ზედაპირზე ამოტივტივდებიან ის ადამიანები და მათი ინტერესები, ვინც დგანან ამ სპორტსმენების უკან და უბრალოდ იყენებენ მათ.
ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ძიუდოს ფედერაცია და ძიუდო რომელიმე სპორტსმენს არ ეკუთვნის. იგი შექმნა თაობებმა, ეს თაობები კი 1964 წლიდან მოდიან. ამიტომ, ვურჩევ სპორტსმენებს, ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატზე გადაიტანონ, შევიდნენ დარბაზებში და ივარჯიშონ.
წყარო: https://presa.ge/new/?m=society&AID=66081