რას აცხადებს ნარკორეალიზატორების საქმის მთავარი მოწმე: ქეთი მურუსიძემ “ექსტაზი” მომცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.
“კვირის პალიტრა” აქვეყნებს ვრცელ სტატიას მომხდარზე, რომელშიც საქმის მთავრი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები ექსკლუზიურადაა გასაჯაროებული.
„ჩემი გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი… ვცხოვრობ ზემოთაღნიშნულ მისამართზე, ჩემს ოჯახთან ერთად. ვარ ხელოსანი, ვმუშაობ, მიყვარს კლუბური ცხოვრება და ხშირად დავდივარ თბილისში არსებულ ღამის კლუბებში. კაფე“ გალერის“ ხშირი სტუმარი ვარ. აღნიშნულ კლუბში, სხვა პირებთან ერთად, გავიცანი დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი, ასევე ლაშა მამულაიშვილი, ქეთი მურუსიძე და მიხეილ მიქაძე, რომლებსაც ასევე, უყვართ კლუბური ცხოვრება. დროთა განმავლობაში მათ დავუმეგობრდი. გავცვალეთ ტელეფონის ნომრები და ერთმანეთთან ვკონტაქტობდით. რამდენიმე დღის წინ, როდესაც ვიმყოფებოდი ღამის კლუბ „გალერიში“, ლაშა მამულაიშვილმა, ვიქტორ ჟამუტაშვილმა, ქეთი მურუსიძემ და მიხეილ მიქაძემ მითხრეს, რომ კლუბური ნარკოტიკი „მდმ“ და „ექსტაზი“ ჰქონდათ და შემომთავაზეს „მდმ“ 100 ლარად, ხოლო ექსტაზი 180 ლარად… დავთანხმდი და შევუთანხმდი, რომ ვიყიდდი შემდგომ ჯერზე, როცა მოვიდოდი „გალერიში“. მაგრამ გავაცნობიერე, რომ ისინი მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ, ასევე გავაცნობიერე ისიც, რომ აღნიშნულ კლუბში ხშირად დადიან არასრულწლოვნები და შესაძლებელია მათაც შესთავაზონ ნარკოტიკი. ამიტომ გადავწყვიტე პოლიციაში განმეცხადებინა… მინდა აღვიჭურვო სათანადო აღჭურვილობით და ვამხილო ისინი…
…24 მარტს გამომძიებლისგან გადმომეცა 500 ლარი… ამის შემდგომ ნებაყოფლობით აღვიჭურვე ფარული აუდიო და ვიდეო-მოწყობილობით და წავედი ღამის კლუბ „გალერიში“, სადაც შემხვდა ლაშა მამულაიშვილი. ვუთხარი, რომ მსურდა კარგი ხარისხის ნარკოტიკული საშუალების შეძენა. მან მითხრა, რომ 70 ლარში იყო კლუბური ნარკოტიკი „ლსდ“. შემდეგ დამტოვა და რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა, ამოიღო ქაღალდი, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა მუყაოს ფირფიტები, იქიდან ერთი ფირფიტა მოახია და მომყიდა 60 ლარად. მას გადავეცი ეს თანხა და დავშორდი, მერე გამოვედი კლუბიდან… იქვე ახლოს, რუსთაველის გამზირზე, 34 ნომერთან, მელოდებოდა გამომძიებელი და მას გადავეცი ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჩემ თვალწინ დაილუქა… 26 აპრილს მესენჯერში დამიკავშირდა ქეთი მურუსიძე და მითხრა, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება “ექსტაზის” ერთი აბი და შეეძლო ჩემთვის 100 ლარად მოეტანა. შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი კოსტავაზე, “მაკდონალდსის” გვერდით სკვერში. გამომძიებელმა გადმომცა 100 ლარი და წავედი აღჭურვილი. შეთანხმებულ ადგილას დამხვდა ქეთი მურუსიძე, რომელმაც მომცა ერთი აბი, როგორც მითხრა, “ექსტაზი”. მივეცი 100 ლარი და როცა ვაპირებდი დაშორებას, მოვიდნენ მისი მეგობრები. მერე დავშორდი და გადავეცი გამომძიებელს”, – აღნიშნულია ჩვენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები