მამა ბასილი გია ბარამიძეს მიმართავს -„გირჩევ, დადუმდე! ღვთის სამართალს ვერსად წაუხვალ“
„მას შემდეგ, რაც სვანეთში, უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, საუკუნოვანი საფლავები გადათხარე, კიდევ როგორ იღებ ხმას?! ასეთი ცოდვებით დამძიმებული როგორ დააბიჯებ დედამიწაზე?!“- ამ სიტყვებით მიმართავს გლდანის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ბასილ მკალავიშვილი პარლამენტის დეპუტატს გია ბარამიძეს.
როგორც სასულიერო პირი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, დღევანდელი პროკურატურის ბრალია, დღეს გია ბარამიძე დაუსჯელად რომ დადის და სხვადასხვა საკითხზე კომენტარებს აკეთებს.
ამასთან, მამა ბასილი გია ბარამიძეს აფრთხილებს, რომ თუ მის მიერ ჩადენილი „ცოდვები“ პროკურატურამაც აპატია, მას ღმერთი არ დაინდობს და ღმერთი სხვანაირად დაადუმებს.
„თითქოს მე მღვდელი ვარ და შეგროვილი ფულით ავაშენე რაღაც შენობა. წარმოგიდგენიათ?! დამნაშავე გია ბარამიძემ განმკითხა მე, რომელმაც სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის 5 წელიწადი ციხეში გავატარე და დღეს ჯანმრთელობაშერყეული, მრევლთან ერთად, კვლავ დაუღალავად ვშრომობ. მინდა ამ ბატონს მივმართო. მას შემდეგ, რაც სვანეთში, უდანაშაულო ოჯახი ამოხოცე, საუკუნოვანი საფლავები გადათხარე, კიდევ როგორ იღებ ხმას?! ასეთი ცოდვებით დამძიმებული როგორ დააბიჯებ დედამიწაზე?! შესაძლოა, „ოცნების ხელისუფლების სამართალს გაექცე, მაგრამ ღვთის სამართალს ვერსად წაუხვალ, გირჩევ, დადუმდე. ჩვენ ნუ გვახსენებ, თორემ ღმერთი სხვანაირად დაგადუმებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, – დროზე მოაცილოს ხორცმეტი ბარამიძე საზოგადოებას და ზედ მკვლელი გიგა ბოკერიაც მიაყოლონ, თორემ დღითიდღე ეცემა ხელისუფლების ავტორიტეტი, მკვლელების ბოგინი ხალხის დაკვეთა არ ყოფილა. აქვე მინდა საპატრიარქოსაც მივმართო, გეყოთ დუმილი, ხმა ამოიღეთ! იმის მაგივრად, რომ საპატრიარქო ერთ მუშტად შეიკრას და სარწმუნოების მტრებს ერთად ებრძოლოს, დღეს თავად საპატრიარქოში საშინელი ქაოსია. არ არის პირადი ინტერსების დრო, მორჩით ურთიერთშორის შუღლსა და დაპირისპირებას. ჩამოქვეითდით ძვირადღირებული „ჯიპებიდან“, თქვენი ბიზნესები შეჭირვებულებს დაუთმეთ და ხმა აიმაღლეთ იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება“ – აცხადებს მამა ბასილ მკალავიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.