„ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, ხალხმა თვითონ მართოს ეს ქვეყანა“
დადგა დრო, როცა ხალხმა თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თავად აირჩიოს სასურველი მმართველები, თავად აკონტროლოს ისინი და ასე მართოს ქვეყანა , – ამის შესახებ პრემიერმა ქუთაისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, 15 ივნისი სრულიად ახალი ეტაპი იწყება საქართველოსთვის.
“დღეს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გაგვაერთიანა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დღეს ჩვენი ქვეყანა თავისუფალია! ჩვენ გავიმარჯვეთ 1 ოქტომბრის არჩევნებში და გადაჭრით ვთქვით უარი ისეთ ცხოვრებაზე, რომელსაც არ ვიმსახურებდით. დღეს ჩვენ დიდი რწმენითა და ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს. ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, ნიჭი და უნარი ააშენოს თავისუფალი, დემოკრატიული, განვითარებული, ევროპული ღირებულებების ერთგული სახელმწიფო.
სულ მალე ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებს ვატარებთ. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არჩევნები იმიტომაც არის განსაკუთრებული, რომ ჩვენს ხალხს პირველად ეძლევა საშუალება პირდაპირი წესით, თვითონ აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება და შემდეგ, თვითონვე აკონტროლოს არჩეული მმართველები.
ჩვენ ვირჩევთ 12 ქალაქის მერს, გამგებლებს და მაჟორიტარ დეპუტატებს და ეს სრულიად ახალი ეტაპია საქართველოსთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნებაა” ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკან არ დაიხია, არ ჩაეჭიდა ძალაუფლებას და საკუთარი ნებით ატარებს ქვეყნის მართვის ისეთ რეფორმას, რომელიც ძალაუფლების ხალხისათვის რეალურ გადანაწილებას – ხალხის მმართველობას გულისხმობს. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამას ბოლომდე!
დადგა დრო, როცა ჩვენმა ხალხმა თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, თავად აირჩიოს სასურველი მმართველები, თავად აკონტროლოს ისინი და ასე მართოს თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, საჭიროა ადგილებზე ისეთი ლიდერები ჰყავდეს მოსახლეობას, რომლებიც არა ერთპიროვნულად, არამედ ხალხის აქტიური მონაწილეობით მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენი ხალხი შეეჩვია, რომ მის აზრს არავინ ითვალისწინებდა, მას არაფერს ეკითხებოდნენ. მეტიც, ერთი კაცის ნება-სურვილზე წყდებოდა ყველაფერი. სამწუხაროდ, ასეთმა მმართველობამ რა შედეგამდეც მიგვიყვანა, კარგად იცით. ამიტომ, ჩვენ გავატარებთ რეფორმას, რათა ხალხმა თავად უპატრონოს თავის სოფელსა თუ ქალაქს, რაიონს, ქვეყანას. მხოლოდ თვითმმართველობის დროს ეძლევა ხალხს საშუალება, უშუალო მონაწილეობა მიიღოს თავისი სოფლისა თუ ქალაქის განვითარებაში. მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემით მოხდება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ ხალხმა თვითონ აირჩიოს, აკონტროლოს და მართოს ეს ქვეყანა!” – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ საჭირო გახდა, ხალხმა თავისივე არჩეული მმართველი თანამდებობიდან გადააყენოს.
“ამ არჩევნებში ქუთაისი პირდაპირი წესით აირჩევს თავის მერს და გამგებლებს. ჩემი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი განისაზღვრა 50 პროცენტით, რაც აქამდე არ ყოფილა. ამიტომ, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ შემთხვევითი ხალხი მოხვედრილიყო თანამდებობებზე, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ იყო მისაღები. დღევანდელი 50-პროცენტიანი ბარიერი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ქუთაისის მერსაც და მუნიციპალიტეტების გამგებლებსაც ამ წესით აირჩევთ და ისინი უმრავლესობისთვის მისაღები მმართველები იქნებიან. ეს გაზრდის მათ ლეგიტიმაციასაც და პასუხისმგებლობასაც თქვენ წინაშე. დღეს უკვე კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ საჭირო გახდება, ხალხი შეძლებს თავისივე არჩეული მმართველის თანამდებობიდან გადაყენებას. მაგრამ პასუხისმგებლობა ხალხმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
პაუხისმგებლობა კი, მართლაც ძალიან დიდია. ქუთაისს, როგორც საქართველოს მეორე დედაქალაქს ეკადრება, ისე უნდა მივხედოთ. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს წარსული დიდება. ამას კი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, რადგან კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.
პირველ რიგში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოგვარდეს სასმელი წყლის პრობლემა. დაუშვებელია, 21-ე საუკუნეში ასეთი ქალაქი ცხოვრობდეს წყლის გარეშე. დაგეგმილი გვაქვს და უკვე ხორციელდება პროექტი, რომლის დასრულებისთანავე ქუთაისი და მისი შემოგარენი მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით. მე გპირდებით, რომ პირადად დავაკვირდები პროექტის მიმდინარეობას. ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქუთაისი გახდება თანამედროვე ქალაქი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.