დეკანოზი: უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა ცოლ-ქმარი ფეისბუქით ვირტუალურად ღალატობს ერთმანეთს

„უამრავი შემთხვევა ვიცი, როცა ცოლ-ქმარი ფეისბუქით ვირტუალურად ღალატობს ერთმანეთს, ოჯახები დანგრევამდე მიდის!“ – ამბობს სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
გამოცემა დღევანდელ ნომერში მკითხველს ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს, სადაც სასულიერო პირი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლების ნეგატიურ ჩვევებზე საუბრობს.
„არავინ იფიქროს, თითქოს ეკლესია ტექნიკურ პროგრესს უპირისპირდება. მთავარია, ადამიანი რა დოზით იყენებს ამ მიღწევებს. სამწუხაროდ, კომპიუტერმა ჩვენს სახლებში მართლაც ზედმეტი ფუნქციები შეიძინა და საკუთარ ნაჭუჭებში გამოგვკეტა. ტელევიზორს და ინტერნეტს მუდმივად ჰიპნოზურ მდგომარეობაში შვყავართ, რაც განსაკუთრებით აისახება ბავშვებზე. ისინი მშობლებს ეურჩებიან და უარს აცხადებენ უმარტივესი მოვალეობის შესრულებაზე, აშკარად გაღიზიანებულნი და აგრესიულები არიან. ტვინი ვერ უძლებს ამხელა დატვირთვას და ცვდება. ეს არამხოლოდ ყმაწვილებზე, არამედ ყველა თაობის ადამიანზე მოქმედებს. წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრები ოთახიდან ოთახში პირად ტელეფონებთან თუ კომპიუტერთან მიყუჟებულები, ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებიან! დაიკარგა მოყვასის სიყვარული, ეს ყველაფერი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. ადამიანები ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში ყალბად ესალმებიან, სამძიმარმაც კი, რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. მეგობრის და ნაცნობის მიმართ ყურადღებას ვინ ჩივის, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ. ადრე ლხინის სუფრა ადამიანების ერთმანეთთან დაახლოების საშუალება იყო. თუ დააკვირდებით, საზარელ სურათს იხილავთ – სუფრას უსხედან ადამიანები, რომლებსაც თავი ტელეფონებში აქვთ ჩარგული და ყველა საკუთარ სამყაროშია გამოკეტილი“ – აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
სასულიერო პირი ამავე ინტერვიუში, სოციალური ქსელის გამოყენებით, ცოლ-ქმრის ღალატზეც საუბრობს.
„არ მინდა, ფაქიზ საკითხებს უხეშად შევეხო, მაგრამ ჩემთან ფეისბუქ-მეგობრობით ცდუნებული არაერთი ადამიანი მოსულა, რომელსაც ერთი შეხედვით უწყინარი მესიჯობით დაუწყია მეუღლის დაქალთან ან ნათესავთან კონტაქტი და ფარული შეხვედრებით, სიძვით და მრუშობით დაუსრულებია. ასეთი მიმოწერები ინტიმური სურვილების ვირტუალურად გაზიარების დონეზეც რომ დარჩეს, მაინც დაუშვებელია. ვინაიდან უფალი ამბობს – გულისთქმით შეხედვა-გაფიქრებაც ცოდვაა! წარმოგიდგენიათ, როგორ გაუჭირდება ასეთი ცდუნებისგან თავის დაღწევა თანამედროვე ადამიანს, როცა სოციალური ქსელი ადამიანების მოშიშვლებული ფოტოებით არის მოფენილი! უფრო მეტსაც გეტყვით, ცოლ-ქმარს თავიანთი ფეისბუქები აქვთ და ხშირად ისიც ხდება, რომ ცალკ-ცალკე ერთვებიან სხვა ადამინებთან ფლირტში, რაც ქათინაურით იწყება და ვერც კი პოულობენ ზღვარს, სადაც უნდა შეჩერდნენ! უამრავი შემთხვევა ვიცი, ცოლ-ქმარი ვირტუალურად ღალატობს ერთმანეთს, ოჯახები დანგრევამდე მიდის! ასეთი ადამიანების ნაწილი, თავად არის შეწუხებული, რომ ვირტუალურ ურთიერთობაში ღრმად შეტოპა და დასრულებას ვერ ახერხებს“ – აცხადებს სასულიერო პირი და მშობლებს მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთმონ შვილებს, განსაკუთრებით არაწრულწოვან ბავშვებს.
„მშობლებმა 14-15 წლის ასაკამდე მაინც მოახერხონ ბავშვის გარიდება კომპიუტერისგან ან მკაცრად გააკონტროლონ კომპიტერთან მისი საქმიანობა, რადგან ბავშვმა შეიძლება, არაერთი კადრი ნახოს, რომელიც დამანგრევლად იმოქმედებს მის ფსიქიკაზე“ – აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ინტერვიუში.
დეკანოზი ამავე ინტერვიუში სასულიერო პირებისა და მრევლის ურთიერთობაზეც საუბრობს.
როგორც დეკანოზი აცხადებს, მას ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია აღსარების ჩაბარება „ფეისბუქის“ საშუალებით, რასაც ცოდვასთან აიგივებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები