,,არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.
მისი თქმით, ეს ნორმალური პრეცედენტია.
„რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და უშიშროებას, ვაკვირდებით, როგორი მოწოდების სიმაღლეზეა ჩვენი სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები. ამ წლების განმავლობაში თავიდან ავირიდეთ 4 თუ 5 რევოლუცია. ასევე, ტერორიზმთან ბრძოლაში მოწინავე ვართ, რაც აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი უწყების დასკვნაშიც ხაზგასმული იყო. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას – არაფერი არ უქმდება, უბრალოდ ფუნქციები გადანაწილდება სამთავრობო სტრუქტურებზე, რომლებსაც ეს მიმართულება კონკრეტულად ეხებათ. ეს ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური პრეცედენტია, ვინაიდან უშიშროების საბჭო ასე განცალკევებულად საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორც წესი, არ არსებობს. ეს უფრო საპრეზიდენტო რესპუბლიკებშია დანერგილი პრაქტიკა და ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე იქნა მიღებული”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შესაძლოა, გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მთავრობა პარლამენტს მიმართავს.