“მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის, ნუმან ქურთულმუშსთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ კავშირს, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში. ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.