ფიროსმანის ბედის მხატვარი, რომელიც მარცხენა ხელით ქმნის…
ამბობს, რომ მის ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ზეციური ხელი ურევია. გორში, სოფ. მეჯვრისხევში ცხოვრობს და ინვალიდის ეტლით გადაადგილდება… აქტიურად ხატავს მარცხენა ხელით.
დაიბადა გორში, 1958 წლის 12 ოქტომბერს, მაგრამ ხატვა 29 წლის ასაკში დაიწყო, სიზმარში ნახა ეკლესია და მას მერე ფუნჯი აღარ გადაუდვია… მოხატა ფრესკები ეკლესიებში, დაწერა ხატები…
მისი მხატვრობა ინდივიდუალური და ორიგინალური ხელწერით გამოირჩევა. მონაწილეობს რეგიონალურ და რესპუბლიკის თვითნასწავლ მხატვართა გამოფენებში. მისი ნახატები საფრანგეთის, იაპონიის, ინგლისის, ისრაელის… კერძო კოლექციებში ინახება. – რეზო მექვაბიშვილის პერსონა.
– გორში დავიბადე, მაგრამ მეჯვრისხეველი ვარ. ამჟამად ვცხოვრობ ბუნების წალკოტში და სიწყნარეში. ბავშობა გავატარე ხალხით და ბავშვებით სავსე უბანში. მშობლები სამედიცინო სფეროში მუშაობდნენ, მე კი დედისერთა ვიყავი. ბავშვებთან თამაში არ მიტაცებდა, განმარტოება, ხატვა და კითხვა უფრო მომწონდა. სახლის წინ ბავშვები ხშირად თამაშობდნენ და პაპა წყალს გადაასხამდა ხოლმე ზაფხულში, ხელს ნუ უშლით, კითხულობსო…
ადრე დავიწყე ხატვა, სანამ სკოლაში მივიდოდი. და მეოთხე, მეხუთე კლასამდე ვხატავდი. ჩვენთან ექიმი პალიკო ბირკაია მოდიოდა სტუმრად, მერე ალჟირში დაიღუპა, ღმერთმა აცხონოს!.. ხუთებს მიწერდა ხოლმე. ამბობდა, დიდ რამეს მიაღწევს ეს ბავშვიო. მერე ისტორია შემიყვარდა, რაც ნახატებსაც დაეტყო…
ბებია, დედის დედა სვეტიცხოველში მესანთლე იყო, ბიძა – მღვდელი… დედა მცხეთიდან იყო, სვეტიცხოვლიდან 50 მეტრში იდგა ჩვენი სახლი. ბებიას მეც ხშირად დავყავდი ტაძარში. ერთხელ მეოთხე კლასში ვიყავი, სამხატვრო აკადემიის ლექტორი შეესწრო, როგორ გამოვართვი ბებიას ფურცელი და იქვე ხატი დავხატე. ჩემი შვილიშვილიაო, – უთხრა ბებიამ. რომ გაიზრდება, მოიყვანე აკადემიაში, ნიჭი არ დაეკარგოსო…
– ბავშვობიდან ხატავდით… მაგრამ მაინც ჰიდრომელიორაციულზე ჩააბარეთ. თუ გრძნობდით, რომ გავიდოდა ხანი და მთლიანად ხატვისკენ შემობრუნდებოდით?
– სკოლა რომ დავამთავრე, ისტორიულზე ვაბარებდი. მამა პრაგმატისტი იყო, დედა სულიერებას ანიჭებდა უპირატესობას… ყვავილები უყვარდა. თავიდან ვითომ იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ იქ დიდი კონკურსი იყო… მამაჩემმა მირჩია, საბუთები ისტორიულზე შემეტანა და მერე იურიდიულზე გადამეტანა. ვერ მივიღე მაღალი ქულები და ერთი წლის მერე აგრარულ უნივერსიტეტში, ჰიდრომელიორაციულზე ჩავაბარე. თუ ლექცია არ მომეწონებოდა, ვხატავდი, კონსპექტების ბოლო ფურცლებზე. ამ გადასახედიდან ცხოვრებას თვალს რომ ვაყოლებ, ეტყობა, ღვთის ნება იყო, რომ ხატვა არ უნდა შემეწყვიტა. პარადოქსია: ბავშვობიდან ხატვა მიყვარდა, მერე ისტორიულზე ვაბარებდი, ბოლოს გავხდი ინჟინერი და ისევ ხატვას დავუბრუნდი: გავხდი ის, რასაც თავიდანვე უნდა გავყოლოდი.
– 29 წლის იყავით, ხატვას რომ დაუბრუნდით… სიზმარში ნანახი დახატეთ…
– 1987 წლის 6 ივნისს მესიზმრა მთვარის შუქით განათებულ ტყეში მივდიოდი და წინ გამოჩდა სოფელი და ეკლესია. რომ გავიღვიძე, სამსახურში აღარ წავედი, ბავშვობისდროინდელი გუაშები და ფუნჯი მოვძებნე და… მას მერე დავიწყე ხატვა. ხატვის გამო სამსახური მივატოვე… შევედი უფროსთან და განცხადება დავუწერე. ერთი წლის მანძილზე სახლში ფულის შემტანი არ ვიყავი. ცოლის და მშობლების კისერზე ვიჯექი. მაგრამ ვხატავდი და ვხატავდი. ერთი წლის მერე პირველი ნახატი გავყიდე. ხატვას უნდა შრომა… მისი შეწყვეტა არ შეიძლება, შრომის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ… ამიტომაც იყო, რომ სამი-ოთხი წლის მერე ისეთ ნახატებს ვხატავდი, ვერავინ იჯერებდა, რომ სულ სამი წელი ვხატავდი…
გორის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ და ბრწყინვალე მხატვარმა გულიკო ჩიტაძემ მაშინვე შეამჩნია ჩემი ნამუშევრები. მეხმარებოდა ნატურმორტების მოწყობაში და ძალიან მკაცრი იყო, ხელს არ წამაშველებდა… იგი ახლა 81 წლისაა. ჩემს სახლში მოდიოდა მეუღლესთან, მსოფლიო დონის პიანისტ ალექსეი ჩერკასოვთან ერთად. მას ძალიან ვუყვარდი და მეუბნებოდა, სულ სხვა ხარ, სხვა ხედვით გამოირჩევა შენი ნახატებიო. ძალიან უყვარდა ჩემი ნახატი „სამი მგელი“, შთაგონებული უცქერდა და ერთხელ თავისთავად მგელივით ყმუილიც კი აღმოხდა, ისე იყო ნახატზე შეყვარებული!
– პირველი ნახატი 7 წლის მერე შეცვალეთ და იქ ქრისტე ჩახატეთ…
– მთვარის შუქით განათებული მინდორი, ყვავილები და ხე 1995 წელს გადავშალე, უდაბნოდ ვაქციე და ქრისტე გამოვსახე ქვაზე ჩამომჯდარი. ეს ნახატი – „ქრისტე უდაბნოში“ მთელი გულით და სულით შევასრულე და უსაყვარლესია ჩემთვის. მაცხოვარს მარჯვენა ფეხი დამალული აქვს, ხოლო ხელი გაუშლელი… დღესაც არ ვიცი, რატომ შევცვალე ნახატი, ეტყობა წინასწარმეტყველებასავით იყო, რომელიც 12 წლის მერე, 2007 წელს ასრულდა, როცა მე ინსულტი დამემართა და მარჯვენა ხელი და ფეხი წამერთვა.
– ხატებს წერთ, ეკლესიებიც მოხატეთ…
– გორის რაიონში ფრესკები მოვხატე მეჯვრისხევის წმინდა გიორგის უსანეთის და წმ. მარინეს ეკლესიაში, ზერტის ღვთისმშობლის შობის ტაძარში და ახრისის წმ. გიორგში. ასევე ცხინვალში ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიაში. გორშიც არის წმ. ნინოს დიდი ხატი მთავარ ეკლესიაში. ქეთევან დედოფლის ხატი ჩემმა ნათლულმა ქეთი ნადიბაიძემ წმ. მირიანის და ნანას ეკლესიას შესწირა თბილისში. წმ. თამარის ხატია სიღნაღში, მისივე სახელობის ეკლესიაში.
– სწორედ ქეთევან დედოფლის ფრესკას უკავშირდება ერთი სასწაული, რომელიც მეჯვრისხევის უსანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატვისას მოხდა…
– 1992 წელი იყო, წინა დღეს დავასრულე წმინდა დავით აღმაშენებლის და წმინდა ქეთევან წამებულის ფრესკის კონტურები, მეორე დღეს უნდა გამეგრძელებინა ხატვა. მაგრამ მეორე დღეს ვნახე, რომ ქეთევან დედოფლის ფრესკის კონტური გამქრალიყო და დავით აღმაშენებლის – არა. გაგვიკვირდა და ვერ ავხსენით. იმ ადგილს ხელი აღარ ვახლე და მხოლოდ დავითის ფრეკა მოვხატე ფერებით… გავიდა ხანი და ორი წლის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ის ადგილი გადასკდა, სადაც ქეთევანის ფრესკა უნდა მომეხატა…
– ცხინვალშიც მოხატეთ ტაძრები…
– 2000 წლის 7 აპრილს მაცხოვარი დამესიზმრა, რომელიც მოწყენილი მიყურებდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 7 აპრილს ცხინვალში დეიდაშვილთან მოვხვდი სტუმრად… ხატმწერი არ ჰყავდათ და წმინდა გიორგის სახელობის ზღუდერის ეკლესიის მოხატვა შემომთავაზეს. მამა ალექსანდრემ კურთხევა მომცა… საკურთხეველში 5 წმინდა მამა უნდა მომეხატა: იოანე ოქროპირი, ბასილი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, სოფრონ იერუსალიმელი, მეხუთე მე შევთავაზე, ვუთხარი, პეტრე იბერს დავხატავ-მეთქი. მამა ალექსანდრემ ლოცვა-კურთხევა რომ მომცა, ცაში დავფრინავდი, რომ ქართულ ეკლესიაში ქართველი წმინდანი იქნებოდა გამოსახული. მაგრამ ცხინვალის ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი აენთო, როცა ფრესკაზე რუსულად მინაწერი წაიკითხა: „პეტრე იბერი“… მალე იძულებული გავხდი ცხინვალიდან წამოვსულიყავი.
– ამბობთ, რომ ღმერთს ელაპარაკებით… და, ხშირად, რაც უნდა დახატოთ, სიზმარში ხედავთ…
– ყველაფერი ღმერთით იწყება. რომ გათენდება და დაღამდება, ღმერთი უნდა იყოს გონებაშიც, სულშიც, ყველგან. თუ ასე დავიწყებთ, ის დღე ძალიან კარგად წავა. „მამაო ჩვენოს“ რომ ვიტყვი, მერე 5-10 წუთი ველაპარაკები ღმერთს. გულწრფელი გულით ნათქვამი აუცილებლად მიდის ღმერთამდე…
1994 წელს ჩემი ხელწერით დაინტერესდა ფრანგულ-იაპონური გალერეა პარიზში. ჩემს ბიძაშვილს, ბადრი მექვაბიშვილს უნდა გაეგზავნა ტოკიოში 40 საუკეთესოდ შესრულებული ტილო, მაგრამ ბადრი მოულოდნელად მოკლეს და ნახატებიც დაიკარგა. ამ ტრაგედიიდან დაიწყო მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, უზომოდ ვსვამდი, ღმერთზე არ ვფიქრობდი… ამას მოჰყვა ის, რომ ინსულტმა ხელი და ფეხი წამართვა… პარიზის კრახის მერე ხელი ავიღე ყველაფერზე, თვეში ერთ ნახატს დავხატავდი, დანარჩენი დილიდან საღამომდე ვსვამდი… მაგრამ ნასვამს არაფერი დამიხატავს. არადა, ღმერთი მაფრთხილებდა, რომ მეხატა… ახლა ვხდები, მაშინ რამდენი მადლი დავკარგე. ახლა ყველაფერი შეიცვალა, გამუდმებით ვმუშაობ, დღე ლოცვით იწყება და მთავრდება.
– მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ამოძრავებთ… მარცხენა ხელით ხატავთ…
– მარჯვენა ფეხით ნაბიჯებს ვდგამ, ჯერჯერობით დაყრდნობით. მარცხენა ხელით თუ დავხატავდი, ვერ წარმომედგინა. მეგონა, გამიჭირდებოდა. ავადმყოფობის მოსვლიდან, ერთი წლის თავზე უსანეთის დღეობა იყო, ზუსტად იმ დღეს დავხატე პირველი ნახატი მარცხენა ხელით… ისე გამიკვირდა და დაიწყო ხელახლა დაბადება. როცა ვხატავ, ყველაფერი მავიწყდება, არამცთუ ვარჯიში, საჭმელიც კი.
– რომელი ფერები გიყვართ?
– ჩემთვის სულ ერთია. ყველა თავისებურად საყვარელია. მაინც… ქართული ფერები მიყვარს…
– რომელია ქართული ფერები?
– უფრო თბილი ფერები, ვიდრე ცივი…
– ძალიან მომეწონა თქვენი დახატული თამარ მეფე, რაღაცნაირად მკაცრი სილამაზეა…
– თამარის დახატვა მაგრად მიყვარს. იესოს დახატვა ხომ მიყვარს და მიყვარს, ამ დროს არ ვიცი, რა მემართება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი ხოლმე… მაგის მერე მიყვარს თამარის დახატვა. ზოგიერთ მხატვართან მინახავს, თანამედროვე ქალის სახე აქვს, თითქოს მათთან ერთად უმგზავრია, რაც ჩემთვის მიუღებელია… ხუმრობა არ არის მისი დახატვა. ვცდილობ, თამარი დავხატო გონიერი, მკაცრიც არის, ლმობიერიც, ყველა იმ თვისებით შემკული, რაც უნდა ჰქონდეს თავის ხალხზე შეყვარებულ პოლიტიკოსს.
– ფიროსმანის ბედს თქვენს ბედს ხშირად უკავშირებენ, მართლა ასეა?
– აბა, როგორ გითხრათ, ის მარტო იყო, მეც მარტოკა ვარ. მასზე იძახდნენ, კაი გულის პატრონიაო და მეც მაგას მაგონებენ. მე მგონი, მეც მყავს „მარგალიტა“ და სახლში კიბის ქვეშ ტახტი მიდგას. ისე სიმართლენარევი ხუმრობაა და ვერ შევედრები სასიქადულო მხატვარს… ნიკალა.. მაინც ნიკალაა…
– ბედნიერება…
– ბედნიერება რწმენიდან იწყება…იმიტომ, რომ მორწმუნემ გაჭირვების შიში არ იცის. ყველაფერს იტანს და არც სიკვდილის არ ეშინია. ეგ არის ყველაზე მთავარი. როცა უსაყვარლეს ადამინებთან ერთად ხარ და კარგად არიან, ამაზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყანაზე განა რამე არის? ბედნიერება საყვარელი საქმის კეთება და დაგვირგვინებაა… ბედნიერება სიყვარულისა და მშვიდობისგან გამოდის. ბედნიერება უანგარობაა…
– მეუღლე გარდაგეცვალათ.. ორი შვილი გყავთ…
– მეუღლე – ლარისა ექიმი-თერაპევტი იყო. ჩემს ცოლს სასწაულად ვუყვარდი. შვილებს – ნინოს და ნუცას ორივეს ხატვის ნიჭი ჰქონდა. ნინოს მედიცინა უნდოდა, მაგრამ უცხო ენები არჩია. ნუცა მენეჯმენტობას გაჰყვა. მადლობა ღმერთს, ორთავეს საკუთარი და ბედნიერი ოჯახები აქვთ…
– ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც მხატვრის რა არის?
– მიუხედავად იმისა, რომ ეტლით ვმოძრაობ, ჩემს თავს ბედნიერ კაცად ვთვლი. მხოლოდ ერთზე ვდარდობ, რომ გვერდით არ მყავს ადამიანი, რომელსაც მივანდობდი ჩემს ცხოვრებას, ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, ვისაც ჩემი სული უნდა ვაჩუქო. ჩემი სულით უნდა იცხოვროს და ჩემი საქმეები ესმოდეს. კიდევ, ბაღის გაშენება მინდა სოფელში, ეზოში…
კარგი ეზო მქონდა, სანამ დედაჩემი ცოცხალი იყო. დედა მამულაშვილი იყო, გამოჩენილი მებაღე მიხეილ მამულაშვილი პაპაჩემის ბიძა იყო. ჩემს ცოლსაც საოცრად უყვარდა ყვავილები და ედემი ბაღი მქონდა. ამ უპატრონობაში 10 წლის მანძილზე სულ გაუბედურდა უპატრონობისაგან. ამ თვეში უნდა ვიყიდო ვარდები, მცენარეები და მთელი სახლის გარშემო დავარგვევინო…
– ახლა რაზე მუშაობთ?
– „ყვავილები თოვდა, თოვდა“… – შთაგონება მომცა ქართულმა სიმღერამ… დანარჩენს ვივალდის ან შოპენის მოსმენით დავასრულებ… ვივალდი მაგრად მიყვარს. იმ დღეს, პირველად აბსტრაქტული ნამუშევარი დავასრულე ჩემი ხელწერით… ისეთი კარგი გამოვიდა, ყველას მოეწონა. სკაიპით დამელაპარაკა ამერიკიდან ერთი ქალი, რომ ვუყურებ, ვგიჟდებიო. გერმანიიდან მოიწერა, თუ გაყიდი, ნახატი მინდაო. კი-მეთქი, ვუთხარი. ზომა ვუთხრი და პატარააო და დიდს ვაკეთებ ახლა. კიდევ უნდა ვცადო აბსტრაქტული ნახატები.
– საქართველოს უახლოესი პერიოდის ოთხივე პრეზიდენტს შეხვდით და თან ხელი ჩამოართვით…
– ზვიად გამსახურდია მეჯვრისხევში დაპატიჟეს „კოსტაველებმა“ და ის ეკლესიაც ნახა, მე რომ ვაკეთებდი, მაშინ ჩამომართვა ხელი, მოეწონა… (უსანეთი) შევარდნაძეს მცხეთაში შევხვდი. მცხეთობა იყო. მხატვრებმა გამოფენა მოაწყეს. ბოლოში ჩემი ნახატები დავალაგე… შევარდნაძემ ჩამოვლა დაიწყო, ესალმებოდა ყველას, თავს უქნევდა უცნაური ღიმილით. ჩემს ნახატთან უცებ გაჩერდა, ნაბიჯი ვეღარ გადადგა. უცქირა, უცქირა და მერე პირდაპირ წამოვიდა ჩემკენ. ხელი ჩამომართვა და მითხრა, რა მშვენიერი, ბრწყინვალე ნამუშევრები გაქვსო…
მიშა სააკაშვილი გორში ჩამოვიდა, ახალი პრეზიდენტი იყო. სოფლების გამოფენა იყო, ღვინო და პურმარილი, როგორც ამ დროს იციან. ჩემი სოფლიდან ნახატები წამოიღეს. უცებ შემოვარდა მიშა, გადაჰკრა ერთი ჭიქა და ისევ გავარდა. მიშას არ ჩამოურთმევია ხელი… მასთან ლაპარაკის საშუალება არ მომეცა.
დაბოლოს, ახალი პრეზიდენტი იყო მარგველაშვილი, ჩარგალში ვნახე… მოვიდა ჩემთან. ერთი ნახატი ვაჩუქე კიდეც…
– თქვენი ცხოვრება საინტერესო ამბებით გამორჩეულია. ახლა რას გაიხსენებთ?
– რამდენიმე ამბავს მოვყვები – „მტკვარწყალმშენში“ რომ ვმუშაობდი, წავედით შუა აზიაში ექსკურსიაზე, თემურ ლენგის საფლავზე ვერ მოვითმინე და ნერწყვი ვაჩუქე. მეგობრებმა გამაფრთხილეს, არ დაგინახონ, თორემ დაგიჭერენო. შეიძლება კიდეც დამინახა, მაგრამ ქართველი იყო გამყოლი და აღარ „ჩამიშვა“. იქვე კალამი და ფურცელი მოვითხოვე და ლექსი დავწერე. ახლა პირველად ვამბობ ამ ლექსს:
„ჩვენ არც კი ვიცით, რა მიწამ იღო დიდი თამარი,
გორგასალ ვახტანგს, ქვაც ადევს ზომით სადარი.
გელათს შეფარვია აღმაშენებელი,
ჩვენი მეობის დამამშვენებელი.
ერეკლეს საფლავს, დაკრძალულს მცხეთით,
ვიღაც მნახველი გადადის ფეხით
და ამას ვფიქრობ სამარყანდში მავზოლეუმთან..
აი, პატივი, აი, პატივი, მართლაც, მეფური…
და აქ მარხია ჩვილ ბავშვთა სისხლით გაუმაძღარი..
კაციჭამია ლენგი თემური“!…
ამით დავამტკიცე, რომ თუ ყველა ქართველი პოეტი არ არის, სამაგიეროდ გიჟ-პოეტა მაინც იქნება ჩემი ჩათვლით…
როგორც გითხარით, ერთხანს პარიზში მომიწია ჩასვლა ბიძაშვილთან… ბადრი მექვაბიშვილი საუკეთესო რაგბისტი იყო და მოუწია სამხრეთ საფრანგეთში, გუნდთან ერთად წასვლა მთელი კვირით და ფული დამიტოვა, რომ საჭმელი არ მომკლებოდა. ავდექი და იმით სულ საღებავები ვიყიდე. ნახევრად მშიერი დავდიოდი, სანამ ის ჩამოვიდა. მიხაროდა, პარიზში რომ დადიხარ ნახატებთან ერთად, თან აკორდეონი უკრავს და ნახევრად მშიერი მხატვარი გქვია იმ ქალაქში, სადაც უდიდესი მხატვრები დადიოდნენ და მრავალი მათგანი ნახევრად მშიერი იყო… ერთხელ გადავწყვიტე, ხორცი და ხახვი მეყიდა და მწვადი შემეწვა. შევედი მაღაზიაში. ფრანგული არ ვიცი და არც და არც დავაკვირდი ფასს, რადგან წვრილი ხახვი იყო და იაფი მეგონა, თურმე ძვირად ღირებული ხახვი არ ყოფილა? რომელიღაც კუნძულზე მოყვანილი ეკოლოგიურად ძალიან სუფთა ხახვი…
ამაში გადავიხადე მთელი ფული და ხორცის საყიდელი თანხა აღარ დამრჩა… ასე რომ, ცარიელი ხახვი ვჭამე მწვადის გემოზე…
კიდევ გავიხსენებ ერთ ამბავს, როცა პარიზის მარცხის მერე სასმელს მივეძალე, მეორე ბიძაშვილი მყავდა, იმას გავუარე… უაზროდ ვატარე დრო…
სახლამდე რომ მივედი, გავითიშე და წავიქეცი. სახლამდე 70 მეტრი იყო დარჩენილი, ორღობე იყო გასავლელი, თან წვიმდა, ტალახი იყო… წამოვიდა მამაჩემი, აზრზე ვერ მომიყვანეს.
მერე გასაშლელი კიბე მოიტანეს მეზობელთან ერთად, იმაზე დამაწვინეს. მამაჩემს კვიმატი ენა ჰქონდა, ასე უთქვამს: ეეეჰ.. ფიროსმანი კიბის ქვეშ მოკვდა და ეს კიდევ კიბის ზევიდან კვდებაო!
– ოცნება…
– მეჯვრისხევის ცენტრში, ეკლესიის დანგრევას შევესწარი ბავშვობაში. იმ ადგილას კომუნისტების აშენებული უნივერმაღი ნელ-ნელა იშლება… მატერიალურად თუ გავძლიერდი, შევწირავ საჭირო თანხას ან მე თვითონაც დავიწყებ ეკლესიის მშენებლობას, უფლის შეწევნით… და კიდევ: ლამაზი ბაღია ჩემი ოცნება, რაზეც უკვე გითხარით…
თამარ შაიშმელაშვილი