მამუკა მდინარაძე: სად წაიწია საქართველოსთან მიმართებით წინ რუსეთმა, ერთი მაგალითი დაასახელონ?
“სად წაიწია საქართველოსთან მიმართებით წინ რუსეთმა, ერთი მაგალითი დაასახელონ? თვეები გავა და პასუხი ვერ იქნება. ეს იქნება ლუსტრაცია რამდენად მოდელირებულ რეალობაში აცხოვრებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სჯერა, რომ რუსთაველზე ებრძვის რუსეთს. გარანტიას გაძლევთ, თუ დემაგოგიაში არ წავიდნენ და რაღაც სისულელეები არ ილაპარაკეს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ რუსეთის საქმეს აკეთებს.
მისი თქმით, მმართველ გუნდს შეუძლია თუნდაც ერთი მაგალითით დაადასტუროს, რომ „ნაცმოძრაობა“ რუსულ საქმეს აკეთებდა.
„ერთი მაგალითი ავიღოთ. რაში გამოადგა საქართველო [რუსეთს] „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის დროს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ომის შემდეგ [რუსეთს] სჭირდებოდა საქართველოს ხმა და ეს ხმა მიიღო, ამაში გამოადგა საქართველო. ერთი ასეთი მაგალითი [დაასახელონ] მსგავსი, მეათეხარისხოვანი ამისა, ერთი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, რაშიც საქართველო გამოადგა 2012 წლის შემდგომ რუსეთს. ხომ იმ ტრენდში სხედან რუსული, რუსული, რუსული უნდა იძახონ?! ზომბებივით: „არა რუსულ კანონს“ და იარონ აქეთ – იქით, სად წაიწია საქართველოსთან მიმართებით წინ რუსეთმა ერთი მაგალითი დაასახელონ? თვეები გავა და კონკრეტული პასუხი ვერ იქნება. ეს იქნება უდიდესი ლუსტრაცია რამხელა ტყუილს სთავაზობენ საზოგადოებას და რამდენად მოდელირებულ რეალობაში აცხოვრებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სჯერა, რომ რუსთაველზე ებრძვის რუსეთს“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.