დაპირისპირება პარლამენტში – “უზრდელობას მიმართავთ, მანდატურებმა მიაბრძანონ მელია” (ვიდეო)
„ქართული ოცნების“ წევრ სოფიო კილაძესა და უმცირესობის დეპუტატ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სოფო კილაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს უზრდელი უწოდა და მანდატურის თანამშრომლებს დარბაზიდან მისი გაძევება მოსთხოვა.
დეპუტატები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს უსმენდნენ. ხმაური კი ნინო გვენეტაძის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კითხვამ გამოიწვია, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.
„დამასრულებინეთ! ისევ ამ უზრდელობას მიმართავთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინა ხართ და რაცა ხართ!უზრდელები ხართ სუფთა! რა არის ეს, რა ზრდილობაა ვერ გავიგე. თქვენ გამოგიტანათ ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგი განაჩენი და ბრძანდებით იქ, სადაც ბრძანდებით! ძალიან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, ელემენტარული, ის მაინც რომ გააკეთოთ, სხვას დააცადოთ საუბარი. რის დემოკრატიაზე საუბრობთ თქვენ და ვისი სიტყვის თავისუფლებაზე?!
სიმართლე გითხრათ, მართლაც გაოცებული ვარ თქვენი კომენტარებით. ადამიანი საზოგადოების წინაშე ამბობს, რომ მან იცოდა, 8-9 წელი უზენაეს სასამართლოში იჯდა პროკურორის თანამშრომელიო და ახლა საუბრობთ ამაზე. იმ დროს რატომ არ საუბრობდით ამაზე?!” -მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს.