„თითოეულმა ადამიანმა თავისი ცხოვრების მთავარი ისტორია უნდა იპოვოს“…
ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, როცა ლექსების პირველი კრებული გამოსცა. ჟურნალისტიკა იზიდავდა, მაგრამ მერე ფსიქოლოგიურზე ჩააბარა. ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი იყო – ფსიქოლოგიის ცოდნა არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ წერაშიც ეხმარება. სამი პოეტური კრებულის ავტორია, მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში, ესწრება სხვადასხვა ლიტერატურულ შეხვედრას... აქვს განსაკუთრებული ოცნებაც. – პოეტ ქეთევან ნათელაძის პერსონა.
– წერა ადრეული ბავშვობიდან დავიწყე. ვიზრდებოდი წიგნების გარემოცვაში – დედა მხატვარია, პაპა წერდა. ამიტომ ვთვლი, რომ გარემომ დიდი როლი შეასრულა. ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო წიგნების სიმრავლე და ლიტერატურისა და ხელოვნების გადაჭარბებული სიყვარული. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ჯერ ისევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა მნიშვნელოვან მწერლებს ვკითხულობდი.
სკოლა კახეთში დავამთავრე. ვიყავი აქტიური მოსწავლე. ყოველწლიურად ვმონაწილეობდი თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის მიერ გამართულ კონფერენციებზე და სულ გამარჯვებული ვბრუნდებოდი უკან. ვსწავლობდი კარგად, მაგრამ განსაკუთრებულად ლიტერატურა და ისტორია მიყვარდა. ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა გამოვიდა ჩემი ლექსების პირველი კრებული „ყვავილების ინტერლუდია’’.
– ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით ჩააბარეთ…
– რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მაგრამ შემდეგ შეიცვალა ჩემი გეგმები. ბევრს ვკითხულობდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურას და მაინტერესებდა ადამიანები. მივხვდი, რომ რაღაც უფრო სიღრმისეული და მეცნიერებასთან ახლოს მდგომი სფერო მჭირდებოდა. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ფსიქოლოგიის ცოდნა არა მხოლოდ ცხოვრებაში, არამედ წერაშიც მეხმარება.
– სტუდენტობა…
– სტუდენტობა ლიტერატურულად დატვირთული პერიოდი იყო. გავიცანი რამდენიმე ისეთი ლექტორი, რომელთა ლექციებიც იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი. სტუდენტობის პერიოდში გავხდი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი და ასევე სტუდენტობის პერიოდში გამოვიდა ჩემი ლექსების მეორე კრებული „რეპორტაჟი ციდან’’.
– სამი პოეტური კრებულის ავტორი ხართ. როგორი პოეტური გზა გაიარე 2009 წლიდან 2016 წლამდე… ანუ კრებულიდან კრებულამდე…
– მესამე კრებული „ჰიპნოზი“ გამოვიდა გასულ შემოდგომაზე, 2016 წელს. კრებულიდან კრებულამდე მე ვცხოვრობდი პოეზიით. აქტიურად ვატარებდი პოეზიის საღამოებს, ვმონაწილეობდი ლიტერატურულ კონკურსებში, ვესწრებოდი სხვადასხვა ლიტერატურულ შეხვედრას.
– რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ხართ. რომელი ჯილდო იყო ყველაზე მეტად გამორჩეული და რატომ?
– გამორჩეული იყო მწერალთა კავშირისა და მერიის მიერ ჩატარებული ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის კონკურსის „მერანის“ ჯილდო, ასევე მესხეთში ჩატარებული ყოველწლიური კონკურსის „შოთაობის“ ჯილდო, რომელიც ორ წელს ზედიზედ ავიღე. იყო სხვა მნიშვნელოვანი და სასიხარულო კონკურსებიც. ასეთ კონკურსებში გამარჯვება ყოველთვის სტიმულის მიმცემია შემოქმედისთვის.
– რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია?
– ჩემთვის პოეზია არის ჰაერი, ურომლისოდაც არსებობა ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის პოეზია არის ყველაფერში და ყველგან. პოეზია არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი რამ, ადამიანის სულის გამოხატულების. პოეზია არის კაცობრიობის არამატერიალური საგანძური.
– რაზეა დამოკიდებული მკითხველის სიყვარული?
– ავტორი უნდა იყოს ნამდვილი, რომ მკითხველმა შეიყვაროს. სიყალბეს ყოველთვის გრძნობს მკითხველი, ამიტომაც უნდა დაწერო ის, რასაც ნამდვილად გრძნობ, რასაც ნამდვილად განიცდი. მთავარი ესაა – გულწრფელობა!
– როგორ წერთ?.. ისტორია, რომელმაც ლექსი დაგაწერინათ…
– ვწერ ყველგან, სადაც შთაგონება მეწვევა. ეს ისეთი პროცესია, რომლის გაკონტროლებაც შემოქმედს არ შეუძლია. ვწერ სახლში, ქუჩაში, ტრანსპორტში და ზოგჯერ ძილშიც ვწერ. ლექსი ბევრმა ვინმემ და რამემ დამაწერინა. პოეტს აქვს იმისი უნარი, რომ ყველასა და ყველაფერში დაინახოს პოეზია, გამოძერწოს, გამოიგონოს. ჩემი ლექსების უმრავლესობა სწორედ ის პოეტური წარმოსახვებია, რომელსაც ჩემი პოეტური სული იგონებდა, რადგანაც არ შეეძლო, არ გამოეგონებინა. ყველაფერი გამოვიგონე, რაც სინამდვილეში არ არსებობდა, მაგრამ რასაც მინდოდა, რომ ეარსება. ასე გამოვიგონე მრავალი ადამიანიც და ეს ყველაფერი მშვენიერი იყო.
–ჰობი…
– ჩემი ჰობი არის ფიქრი. ფიქრის პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. შემიძლია საათობით ვიფიქრო.
– ერთი ლექსი…
– ეს ლექსი ეძღვნება დედამიწაზე მცხოვრებ ყველა გოგოს!
***
თითქოს მზე იწყებს დაბნელებას, როცა შენ ტირი,
ნუ ტირი, ყველა განსაცდელი კვამლივით წავა,
ყველა მითიურ სასწაულის მთავარი გმირი,
და ამავე დროს შემოქმედიც შენა ხარ თავად!
იცვლება ირგვლივ ყველაფერი, დრო დადგა ყალბი,
შენ კვლავ იგი ხარ, ვინც იყავი ბევრი წლის წინათ –
– პატარა გოგო, აბრეშუმის ცისფერი კაბით,
და შენს საწოლთან ღმერთის კეთილ ანგელოზს სძინავს.
და შენს სიზმრებში ცას ფერი აქვს ხასხასა ლურჯი,
და ირწევიან ხორბლისფერი ყანები ზანტად,
შენ დგახარ შენი მოლბერტით და ჯადოსნურ ფუნჯით,
და შენ გარშემო მოყვავილე გაზაფხულს ხატავ.
ნუ ტირი, შენ ხარ სილამაზის უშრეტი წყარო,
შენს დიდრონ თვალებს არ უხდება ამდენი სევდა,
მერე რა, თუკი ახლა გტკივა… ჩადგება ქარი,
და როგორც ზღაპრებს გიყვებოდა ძილის წინ დედა,
კვლავ დაინახავ მოსაუბრე კენკროვან ხეებს,
სხვენში მოფრენილ ფერიების მომღერალ კრებას,
მაგრამ არ მისცე უიმედოდ მოშხამულ დღეებს,
შენს შეუცნობელ სამყაროში შემოსვლის ნება.
არ დაუჯერო, სისუსტეში ვინც დაგდო ბრალი,
მოიგებ შენს ომს და იპოვი მას, რასაც ეძებ,
შენშია სხვისთვის უხილავი, ღვთიური ძალა,
მე შენი მჯერა, შეუძლებელს ვიცი, რომ შეძლებ.
შენშია, რაც კი მშვენიერი არსებობს ცნება,
წამით დახუჭე თვალები და თავადვე ნახავ,
შენ კვლავ ის ურჩი გოგონა ხარ, გაჩეჩილ თმებით,
მზის ათინათში ასკინკილით რომ მორბის ლაღად.
რომ ავსებს მზისებრ დიდი შუქით გარშემო ყოველს,
ეს შენეული ზღაპარია, ნუ აქცევ დრამად,
მერე რა, თუკი სასწაული ჯერ ვერსად ჰპოვე,
ყველაზე დიდი სასწაული შენშია თავად.
ნუ ტირი… რამაც დაგისველა ცრემლებით თვალი,
გადაივიწყე, უსახური სიზმარი როგორც,
შენ შეძლებ იყო გასაოცრად ძლიერი ქალი,
და მაინც ცისფერკაბიანი, პატარა გოგო…
– რომანზე მუშაობთ, ანუ პროზაში გადაერთეთ…
– მოთხრობებს და პატარ-პატარა ნოველებს ყოველთვის ვწერდი, მაგრამ არასოდეს გამომიქვეყნებია. ყოველთვის უფრო დიდ დროს ვუთმობდი პოეზიას. უკვე ოთხი თვეა ვმუშაობ რომანზე, რომელიც გაზაფხულზე გამოვა. ეს იდეა თავისით მოვიდა, უბრალოდ დამიგროვდა სათქმელი და გადავწყვიტე ამ სათქმელს ერთ დიდ ნაწარმოებში მოვუყარო თავი. რომანი არის ადამიანებზე, მათ შინაგან და გარე სამყაროზე, თავისუფლებაზე, შინაგან ბრძოლებზე და იდეალებზე.
– რას ფიქრობთ დღევანდელ ლიტერატურულ პროცესზე? დღეს თითქმის ყველა ლექსს წერს… როგორ უნდა „იპოვოს“ მკითხველმა ფასეული ლიტერატურა?
– სამწუხაროდ, წიგნის მაღაზიები და ინტერნეტსივრცე „მაკულატურით“ გაივსო. რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, რადგანაც დღეს არა მხოლოდ ფასეული ლიტერატურის მდარისგან გარჩევა ხდება, არამედ, ზოგადად, მთავარმა, ადამიანურმა და პიროვნულმა ღირებულებებმა დაკარგა ფასი. უწიგნურობა და გაუნათლებლობა არის ყველაფრის მტერი, ამიტომაც ერთადერთი გზა არის მეტი წიგნიერება. ვერაფერი შეცვლის და ჩაანაცვლებს წიგნს. რაც მეტს კითხულობს, მით უფრო საინტერესო და ღრმა ხდება ადამიანის სამყარო.
– დაუვიწყარი დღე…
– ერთის გამორჩევა ალბათ გამიჭირდება. ბევრი იყო ისეთი დღე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზად მახსენდება.
– ოცნება…
– მგონია, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი მნიშვნელოვანი ისტორია, თავისი ცხოვრების მთავარი ისტორია. ისტორია, რომელიც ცოტათი მაინც ემგვანება სასწაულს და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას. ვოცნებობ, ვიპოვო ჩემი ცხოვრების მთავარი ისტორია და ვიცი, რომ აუცილებლად ვიპოვი.
თამარ შაიშმელაშვილი